როგორ შეუძლია ბლოკჩეინს გლობალური ავტოინდუსტრიის შეცვლა

ფოტო - როგორ შეუძლია ბლოკჩეინს გლობალური ავტოინდუსტრიის შეცვლა
საავტომობილო ინდუსტრიაში ბლოკჩეინის გამოყენების პოტენციალი უფრო მეტია, ვიდრე კრიპტოვალუტაზე მანქანების გაყიდვა. ავტოგიგანტები ბლოკჩეინტექნოლოგიის განვითარებას ყურადღებით აკვირდებიან და მზად არიან, მისი პოტენციალი აქტიურად გამოიყენონ. უფრო მეტიც, მრავალწლიანი კონკურენტები დარგის მასშტაბით ბლოკჩეინის დანერგვის სტანდარტიზების მიზნით გაერთიანდნენ.
შესაძლებელია თუ არა ავტომობილის ყიდვა კრიპტოვალუტით? ადამიანებს სურთ, ბიტკოინი დიდი შესყიდვებისთვის გამოიყენონ, ამიტომ ავტოკომპანიებმა მათთვის ამ შესაძლებლობის უზრუნველყოფა დაიწყეს. მართალია, მსოფლიოში ჯერ არ არსებობს ავტომწარმოებლები, რომელთა ყველა დილერი გადახდებს კრიპტოვალუტაში იღებს, მაგრამ მსოფლიოს უმსხვილესი ბრენდების ზოგიერთ ავტოსალონში კრიპტოვალუტით გადახდა უკვე შესაძლებელია. ესენია Rolls-Royce, Bentley და Bugatti-ის დილერ-ცენტრები, Lamborghini-ს, Aston Martin-ის დილერები და ა.შ. უმეტესად, დასავლეთის ქვეყნებში. უკრაინაში ავტომობილის  საფასურის გადახდა კრიპტოვალუტით, განსაკუთრებული პრობლემების გარეშე, ძირითადად მეორად ბაზარზეა შესაძლებელი. ამავდროულად, ბიზნესპროცესების გასაუმჯობესებლად ბლოკჩეინტექნოლოგიის გამოყენება ავტოინდუსტრიის გიგანტების ყურადღების ცენტრშია.

ბლოკჩეინი უახლოეს მომავალში ავტობაზრის ფუნქციონირების საფუძველი იქნება

ყველაფერი იწყებოდა იმით, რომ თითქმის ყველა ავტომწარმოებელი ბლოკჩეინის კონცეფციის შემოწმებით ექსპერიმენტებს მარტო ატარებდა. მაგრამ 4 წლის წინ, Future Blockchain Summit-ზე დუბაიში ამოქმედდა ინიციატივა Mobility Open Blockchain (MOBI). ეს არის კონსორციუმი, რომელიც დაარსებულია წამყვანი საავტომობილო კომპანიების მიერ, რომელთა შორისაა BMW, Renault, General Motors, Ford და სხვა. MOBI-ს დამფუძნებლების წილი მანქანების გლობალურ წარმოებაში 80%-ს აღემატება. საბაზრო კონკურენციის მიუხედავად, ყველა მონაწილემ ერთობლივი მუშაობისა და დარგის მასშტაბით ბლოკჩეინის გამოყენების სტანდარტიზაციის აუცილებლობა დაინახა. 

დღეს ბლოკჩეინინოვაციების შემუშავების ღია მოდელი MOBI შემდეგ მიმართულებებს მოიცავს:

  1. ავტომობილის იდენტიფიკაცია (Vehicle ID).
  2. მობილობა და დაზღვევა.
  3. ელექტრომობილების დანერგვა.
  4. ფინანსები, სეკურიტიზაცია და სმარტ-კონტრაქტები.
  5. მიწოდების ჯაჭვები და სხვა.

MOBI-ს სამუშაო ჯგუფების უმეტესობამ შესაბამისი დარგობრივი სტანდარტები უკვე შექმნა. მალე ისინი ინტეროპერაბელური დეცენტრალიზებული მობილური აპლიკაციების საფუძველი გახდება. როგორი გამოიყურება ეს პრაქტიკაში?

ავტობაზრის რა პრობლემებს მოაგვარებს ბლოკჩეინი

ამრიგად, ავტომობილის ID უზრუნველყოფს წვდომას მონაცემებზე ავტომობილის სიცოცხლის ყველა მოვლენის შესახებ, კონვეიერიდან დაწყებული. საკუთრების უფლების გადაცემა, ავარიები, კაპიტალური რემონტი, გარბენი და ა.შ. ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით განხორციელებული Vehicle ID გარანტიას იძლევა, რომ ყველა ინფორმაცია აბსოლუტურად სანდო იქნება.  მაგალითად, მეორადი მანქანების მყიდველებს შეეძლებათ,  მანქანის ისტორია დამოუკიდებლად შეამოწმონ და უსიამოვნო სიურპრიზები თავიდან აიცილონ. ავტომობილის აქტუალური ტექნიკური მდგომარეობის შესახებ მონაცემები კი სარემონტო სახელოსნოებს გამოადგება.

ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ მონაცემების გაცვლა სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიასა და მომხმარებელს შორის კომუნიკაციას უფრო ეფექტურს გახდის. ნებისმიერი თაღლითური პრეტენზია გაცილებით სწრაფად გამოვლინდება. ბლოკჩეინი ასევე სადაზღვევო ხელშეკრულებების გაფორმებასა და თანმდევი  დოკუმენტების შეგროვებას გაამარტივებს.

გადაწყდება მწარმოებლის მიერ აღმოჩენილი გაუმართაობის გამო ავტომობილების გაწვევის პრობლემაც. დღეს თუ მანქანა უკვე გაყიდულია, მისი შემდგომი მონიტორინგი უკიდურესად რთულია. ბლოკჩეინი შექმნილი სიტუაციის შესახებ ავტომფლობელის ინფორმირების სათანადო სისტემას უზრუნველყოფს. 

კიდევ ერთი მაგალითი ავტომწარმოებლის მიერ მიწოდების ჯაჭვების კონტროლია. კონტრაგენტების მხრიდან არაკეთილსინდისიერი, ან თაღლითური ქმედებებისგან დაცული  ინდუსტრიის გიგანტებიც კი არ არიან. მცდარი შეიძლება აღმოჩნდეს მონაცემები მიწოდების მოცულობის, საქონლის წარმოშობის, ორმხრივი ანგარიშსწორების შესახებ და ა.შ. ბლოკჩეინი მონაცემთა გამჭვირვალობასა და უცვლელობას უზრუნველყოფს წარმოების ყველა ეტაპზე, ნედლეულისა და კომპონენტების ძიებიდან დაწყებული, კონკრეტული ამწყობი ხაზით, ან გამოშვებული პროდუქციის ტექნიკური კონტროლით დამთავრებული.