რა ნიშნები აქვთ შითკოინებს?
კრიპტოვალუტის ბაზარზე 20000-ზე მეტი ტოკენი ცირკულირებს. ბევრი მათგანი "სიაფანდია" და ნაკლებად სავარაუდოა, დათვის გაჭიანურებულ ტრენდს გადაურჩნენ. თამაშში მხოლოდ სასარგებლო მონეტები დარჩება, რომლებითაც ჩამოყალიბებული საზოგადოება და რეალური მომხმარებლები არიან დაინტერესებულები.
საეჭვო ხარისხის ტოკენებს კრიპტოსაზოგადოებაში shitcoin-ს უწოდებენ. ასეთი აქტივები, დიდი ალბათობით, ფასში დაიკლებს, ლიკვიდურობის გარეშე დარჩება, ან ბაზრიდან სულაც გაქრება. ხანდახან ისინი მომგებიან ინვესტიციებად ოსტატურად ინიღბებიან და პოტენციურ მფლობელებს აბნევენ და ატყუებენ. მაგრამ არის განსაკუთრებული თვისებებიც, რომლებიც მათ ააშკარავებს. როგორ განვსაზღვროთ, რომ აქტივში სახსრების ჩადება სასურველ შედეგს არ მოიტანს? ჩვენ შითკოინის 5 ნიშანი გამოვყავით.
წინასწარ გასაყიდი ტოკენების დიდი რაოდენობა
როგორც წესი, ტოკენების წინასწარი გაყიდვების რამდენიმე სახეობა არსებობს: სათესი, ვენჩურული, კერძო, საჯარო. წინასწარი გაყიდვების რამდენი სხვადასხვა ვარიანტიც არ უნდა არსებობდეს ტოკენთან მიმართებაში, არის ერთი წესი, რომლის უგულებელყოფა არ ღირს. ის გულისხმობს, რომ რაც უფრო მეტი მონეტაა გამოყოფილი ამ რაუნდისთვის, მით უფრო ნეგატიურად აისახება მაჩვენებელი აქტივის ფასზე მომავალში.
როდესაც ადამიანები მონეტებს წინასწარი გაყიდვის ეტაპზე ყიდულობენ, ისინი მათ უფრო დაბალ ფასად იღებენ, ვიდრე ისინი, ვინც აქტივს საჯარო აუქციონზე ყიდულობს. თუ აქტივის ფასი პროექტის ამოქმედების შემდეგ გაიზრდება, პირველ მფლობელებს ექნებათ ცდუნება, მოგების დასაფიქსირებლად ტოკენები გაყიდონ. როდესაც მონეტების განაწილება წინასწარი გაყიდვისთვის დიდი რაოდენობას ითვალისწინებს, ბაზარზე მნიშვნელოვანი წონამეტობა გამყიდველთა სასარგებლოდ ჩნდება. ამის გამო ტოკენის ღირებულება, შესაძლოა, არსებითად დაეცეს, გვიან მყიდველებს კი ზარალი შერჩებათ.
მოკლე ვესტინგი
Vesting - ლისტინგის შემდგომი განსაზღვრული დროის განმავლობაში პროექტის პულში შეძენილი ტოკენების დაბლოკვაა. გაყინვა მონეტების გაყიდვის შესაძლებლობას ზღუდავს. ეს ზომა ლიკვიდურობის სტაბილიზაციისა და აქტივის ფასის მოძრაობისთვისაა აუცილებელი.
ვესტინგი ვრცელდება არა მხოლოდ ინვესტორებზე, არამედ გუნდზეც, რომელიც პროექტზე აგებს პასუხს. როგორც წესი, დეველოპერებისა და დამფუძნებლებისთვის უფრო მკაცრი შეზღუდვები წესდება. შეძენის შემდეგ პულში ტოკენების გაყინვის ვადები ბლოკჩეინის სმარტ-კონტრაქტშია აღნიშნული, რის გამოც მათი შეცვლა ან გვერდის ავლა შეუძლებელია.
რაც უფრო ნაკლები დროა გამოყოფილი ვესტინგისთვის, მით უფრო არასტაბილურია ტოკენის ღირებულება მოკლევადიან პერიოდში. თავად განსაჯეთ: თუ წინასწარ გაყიდვაში მონაწილე მონეტების მფლობელებს შეუძლიათ, ტოკენები დაუყოვნებლივ განკარგონ, დიდია მონეტების დიდი რაოდენობის დაყრის ალბათობა, რაც ღირებულების ვარდნას გამოიწვევს. ამავდროულად, როდესაც მფლობელები სხვადასხვა პერიოდში ტოკენებზე თავიანთ უფლებებს იღებენ, ხანგრძლივი დროის შემდეგ, მათთვის ფასზე გავლენის მოხდენა არც ისე ადვილია.
ტოკენების ცირკულაციის დაბალი მიწოდება მაღალი საერთო მიწოდებისას
თუ მიმოქცევაში არსებული მონეტების რაოდენობა ძალიან მცირეა, მათი საერთო მარაგი კი უწესოდ მაღალია, აქტივის ფასს, შესაძლოა, პრობლემები ჰქონდეს. როდესაც ბაზარზე ცირკულაციის მცირე მიწოდებისას ახალი ტოკენები ჩნდება, ეს, ორგანულად, ფასის ვარდნას იწვევს, რადგან მიწოდება იზრდება, მოთხოვნა კი - არა. ამ ორ მაჩვენებელს შორის უფსკრული არ უნდა იყოს, რათა მომავალში ღირებულების ზრდა შეინიშნებოდეს.
ცირკულაციის და საერთო მიწოდების აღწერას გაეცნობით ჩვენს სტატიაში "რა არის ტოკენომიკა და როგორ უნდა გავაანალიზოთ ის".
ტოკენების შილინგი
შილინგი ტოკენის რეკლამის სახეობაა, რომლის დროს დამფუძნებლები სხვადასხვა ბლოგერებს, ინფლუენსერებსა და სხვა საჯარო პირებს უხდიან, რათა მათ დამკვეთების ტოკენების პოპულარიზაცია მოახდინონ და ინვესტორებს ყიდვისკენ მოუწოდონ. როგორც წესი, ასეთ მარკეტინგულ სტრატეგიას არც თუ ლეგიტიმური და ხარისხიანი პროექტები მიმართავენ, ამიტომ თუკი ყიდვისკენ აქტიურ მოწოდებას წააწყდებით, ფრთხილად იყავით.
ინგლისურ სლენგში ეს სიტყვა გამოიყენება იმ ადამიანის შემთხვევაში, რომელიც დაპირებას იძლევა, მაგრამ არ ასრულებს.
ზოგადად, აგრესიული მარკეტინგი უფრო დამახასიათებელია პროექტებისთვის, რომლებიც სწრაფი “პამპის” (ტოკენის ფასის მანიპულაციური გაზრდის) ძიებაშია და მონეტის გრძელვადიანი მომავლით დაინტერესებული არ არის.
White Paper-სა და საგზაო რუკაში კონკრეტიკის არარსებობა
თუ ტოკენის თეთრს წიგნში კრიპტოვალუტების ისტორია, ბიტკოინის მნიშვნელობა და ბლოკჩეინის პროგრესულობაა აღწერილი, დიდი ალბათობით, ეს იმიტომ ხდება, რომ დეველოპერებს თავიანთ პროექტზე მოსაყოლი არაფერი აქვთ. პირველ რიგში, ასეთ დოკუმენტებში საუბარი მიზნებზე, ამოცანებზე, გეგმებზე, სარგებლიანობაზე, ტოკენომიკაზე უნდა იყოს. ერთი სიტყვით, ტოკენის გაჩენის აუცილებლობის შესახებ მკაფიოდ უნდა იყოს გაცხადებული.
საგზაო რუკა უახლოესი რამდენიმე წლის გეგმების მოკლე გადმოცემაა. როდის გამოვა ტოკენი ბირჟაზე? როდის გამოჩნდება სტეიკინგი? როდის დაიწყება ტოკენზე დაფუძნებული თამაში? ეს სულ რამდენიმე კითხვაა, რომელზე პასუხის გაცემა საგზაო რუკას შეუძლია. ის მარტივი და გასაგები უნდა იყოს, გეგმები კი რეალობასა და რეალურ შესაძლებლობებს უნდა შეესაბამებოდეს. თუ საგზაო რუკაში მოკლე დროში გრანდიოზული გარდასახვის დაპირებებს წააწყდებით, დიდი ალბათობით, თქვენ გატყუებენ.
აქ ჩამოთვლილი ნიშნები თქვენთვის საინტერესო ტოკენის შესახებ საკუთარი კვლევის ჩატარებას გაგიადვილებთ და დაგიცავთ ისეთ მონეტებში ინვესტიციებისგან, რომლებიც რამდენიმე თვეში მკვდარი აღმოჩნდება.