საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ნიგერიის ციფრული ვალუტა შეაფასა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) გამოაქვეყნა მოხსენება ნიგერიის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის შესახებ, სადაც დეტალურად არის აღწერილი პროექტის მიღწევები და გამოწვევები, ამასთან, მოცემულია რამდენიმე რეკომენდაციაც.
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ექვსი თვის წინ ინიციატივის წარუმატებლობა დელიკატურად აღიარა, eNaira მუშაობას აგრძელებს, ვინაიდან CBDC მრავალი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება. განსაკუთრებით აფრიკაში, სადაც ადამიანების უმეტესობას ტრადიციულ საბანკო სისტემაზე წვდომა არ აქვს. ამრიგად, ნიგერია გახდა მეორე ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც გამოუშვა საჯარო ციფრული ვალუტა ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის, გარე სერვისების საკომისიოების შემცირებისა (ზოგჯერ ის ტრანზაქციის თანხის 10%-ს აღწევს) და ეკონომიკის გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით.
რა არის eNaira?
eNaira არის ნიგერიის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა, რომელიც საბითუმო (ბანკები) და საცალო მომხმარებლებისთვის (ფიზიკური პირები) ოფიციალურად 2021 წლის ბოლოს ამოქმედდა. ის მუშაობს განაწილებული რეესტრის საფუძველზე (DLT), ხოლო ყველა ოპერაცია რეალური დროის რეჟიმში მუშავდება. ასეთი ტექნოლოგიები საშუალებას აძლევს პროექტს, მთლიანად ჩაანაცვლოს ნაღდი და მობილური ფული, რადგან CBDC ბევრად უფრო მდგრადია გატეხების მიმართ, რაც მთავრობას საშუალებას აძლევს, უფრო ეფექტურად ებრძოლოს ფინანსურ დანაშაულს.
როგორ გამოიყენება eNaira?
რეესტრის გამტარუნარიანობის სავარაუდო პრობლემების მიუხედავად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ერთი წლის განმავლობაში eNaira გააანალიზა და დაადასტურა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ის უსაფრთხოების სფეროში სერიოზული შეფერხებების, ხარვეზებისა და პრობლემების გარეშე ფუნქციონირებდა. ეს შეიძლება დავუკავშიროთ დაბალ დატვირთვას CBDC-ის ფართო მიმღებლობის არარსებობის გამო:
1. საცალო საფულეების რაოდენობამ სწრაფად მიაღწია 500 000 ცალს, მაგრამ ზრდა მალევე შენელდა და ერთ წელიწადში მაჩვენებელმა სულ რაღაც 860 000 ანგარიშს მიაღწია (ნიგერიის საბანკო ანგარიშების 1%-ზე ნაკლები). სავაჭრო ანგარიშებმა (POS-ტერმინალები) კი ოთხმაგი შემცირება აჩვენა და 100000-ზე დაბლა დაეცა.
2. მომხმარებლების აქტივობა, ზოგიერთი გაუგებარი აფეთქებების გამოკლებით, კვირაში საშუალოდ 14000-მდე გადარიცხვას შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ საფულის მფლობელთა უმრავლესობა (98.5%-ზე მეტი) eNaira-ს არ იყენებს.
eNaira-ს გამოყენების სტატისტიკა. წყარო: სავალუტო ფონდის ოფიციალური ანგარიში.
არადამაიმედებელი სტატისტიკის მიუხედავად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი პროექტის გაგრძელებას დაჟინებით მოითხოვს. ფონდი მიიჩნევს, რომ ელექტრონული ვალუტის ნელი მიმღებლობა მოულოდნელი არ არის, განსაკუთრებით გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებით, რომელსაც ნიგერიის ცენტრალური ბანკის შეზღუდვები ერთვის თან. ამიტომ, ის სთავაზობს ხელისუფლებას, შეიმუშაოს პროდუქტის განვითარების ხარისხიანი სტრატეგია, რომელიც მთელ რიგ კონკრეტულ ამოცანებს მოიცავს.
რა ურჩია სავალუტო ფონდმა?
უპირველეს ყოვლისა, ფონდი დაჟინებით მოუწოდებს მოქალაქეებისთვის ციფრული ვალუტის თავს მოხვევაზე (ნაღდი ფულის მოხსნის შეზღუდვა და გადახდის ალტერნატიულ მეთოდების მაღალი საკომისიო) უარის თქმასა და პროდუქტის სანდოობის გაზრდის მიზნით, თავისუფალ კონკურენციაზე გადასვლას. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა პარალელურად ახორციელებდა CBDC-ის გამოყენების გაფართოების ერთგვარ გეგმას (სუპერმარკეტების წახალისება, სტიპენდიების უზრუნველყოფა და ა.შ.), სავალუტო ფონდი თავისი რეკომენდაციებით გამოდის და მიმდინარე პოლიტიკა არასაკმარისად წარმატებულად მიიჩნევს:
1. საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისთვის საფულეების შექმნის ხარჯზე ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების დაწესება, რაც გადარიცხვებს დააჩქარებს და მათ ღირებულებას შეამცირებს.
2. ელექტრონული ფულის ოპერატორებთან თანამშრომლობის დამყარება, სულ მცირე, ფულის გადაცვლის სფეროში.
3. eNaira-ს გამოყენებისთვის მიმზიდველი პირობების გაფართოება, განსაკუთრებით სოციალურ სერვისებს შორის. ეს მოსახლეობის ღარიბი ფენებისთვის ფინანსურ სისტემაზე წვდომას უზრუნველყოფს, მაგრამ რეპრესიული ზომების გატარების გარეშე.
4. AML/CFT ზომების მკაცრი აღსრულება, რადგან CBDC-ის გავლენა შეიძლება არაპროგნოზირებადი აღმოჩნდეს გაზრდილი მოთხოვნის შემთხვევაში და ნიგერიის რისკების შეფასების ამჟამინდელი სისტემის პირობებში, რომელსაც ბევრი ნაკლი გააჩნია.
დასკვნა
ფაქტობრივად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაადასტურა, რომ პროექტი განვითარების ადრეულ ეტაპზეა, როდესაც მომხმარებლების უმეტესობა მას უგულებელყოფს და უპირატესობას ანგარიშსწორების სხვა მეთოდებს, მათ შორის კრიპტოვალუტებს ანიჭებს. თუ ნიგერიის მთავრობა რჩევებს გაითვალისწინებს და ყველა ძალისხმევას ხელშეწყობის ხარისხიანი სტრატეგიის შესაქმნელად მიმართავს, გააუქმებს ყველა არაპოპულარულ გადაწყვეტილებას, მაშინ, თეორიულად, eNaira შეძლებს გახდეს არა მხოლოდ გადახდის ალტერნატიული ადგილობრივი საშუალება, არამედ რეგიონულიც.