რა თქვა ჯერომ პაუელმა Fed-ის სხდომაზე
3 მაისს აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (Fed) გამოაცხადა, რომ რეფინანსირების განაკვეთიი 25 საბაზისო პუნქტით, 5.25%-მდე იზრდება, რაც მრავალი ექსპერტის მოლოდინს დაემთხვა. როგორ გამოეხმაურა Fed-ის ხელმძღვანელი ამ გადაწყვეტილებას პრესკონფერენციაზე?
საბანკო სისტემის შესახებ
პაუელმა საბანკო სექტორს ჯანსაღი და მდგრადი უწოდა და აღნიშნა, რომ მარტის დასაწყისიდან სიტუაცია გაუმჯობესდა. მან ასევე აღიარა მუდმივი მონიტორინგის აუცილებლობა და Silicon Valley Bank-ის მენეჯმენტში გამოვლენილი ხარვეზები მოიყვანა. ზედამხედველობის გამკაცრებისა და უფრო მკაცრი წესების შექმნის მიზეზი სწორედ ეს გახდა.
საინტერესოა, რომ ამ გამოსვლიდან მალევე, სწრაფად დაეცა (50%-ზე მეტით) კიდევ ერთი ამერიკული ბანკის, PacWest Bancorp-ის აქციები. ამიტომ, ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის სიტყვები, ცხადია, კრიტიკულად უნდა იყოს აღქმული.
ინფლაციისა და რეფინანსირების განაკვეთის შესახებ
ჯერომ პაუელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბანკო სექტორი ინფლაციის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს და Fed ისევ კონცენტრირებულია თავისი მიზნის მიღწევაზე, რომელიც სამომხმარებლო ფასების 2%-იან ინდექსს უკავშირდება. მან განმარტა, რომ რეფინანსირების განაკვეთი არ შემცირდება, სანამ ბაზრის პროგნოზი არ შეიცვლება.
რეცესია ჰორიზონტზე
შეხვედრისას, ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელმა აღიარა, რომ ჯერ კიდევ ნარჩუნდება მსუბუქი რეცესიის შესაძლებლობა, რომელიც წინასთან შედარებით, უმუშევრობის უფრო მცირე ზრდით ხასიათდება. მიუხედავად მისი განცხადებისა იმის შესახებ, რომ რეცესიის თავიდან აცილება, დიდი ალბათობით, შესაძლებელია, ის უარყოფით სცენარს მაინც არ გამორიცხავს.
სახელმწიფო ვალის შესახებ
პაუელი სახელმწიფო ვალის ზედა ზღვრის საკითხსაც შეეხო და მისი დროული ზრდის მნიშვნელობა აღნიშნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი შედეგები აშშ-ის ეკონომიკისთვის (მაგალითად, დეფოლტი).