Tron-ის ბლოკჩეინის დამფუძნებელი ჯასტინ სანი მზადაა, Digital Currency Group-ის აქტივების შესაძენად საკუთარი ჯიბიდან 1 მილიარდი დოლარი დახარჯოს.
კრიპტოვალუტური ჰეჯ-ფონდის Three Arrows Capital, ისევე როგორც ბირჟა FTX-ის კრახმა მრავალი უარყოფითი შედეგი გამოიწვია, მათ შორის Digital Currency Group (DCG) ჰოლდინგისთვისაც. გასული წლის ნოემბერში DCG-ის შვილობილმა კომპანიამ Genesis კლიენტებისთვის სახსრების გატანა შეზღუდა და განაცხადა, რომ გაკოტრების თავიდან აცილებას ცდილობდა.
Financial Times-ის ინფორმაციით, კრედიტორების მიმართ დავალიანების მოცულობა 3 მილიარდ დოლარს აღემატება და მისი დაფარვის მიზნით, კომპანიამ DCG თავისი ვენჩურული პორტფელის ნაწილობრივი გაყიდვის შესაძლებლობის განხილვა დაიწყო.
ამით Tron-ის ბლოკჩეინის დამფუძნებელი ჯასტინ სანი დაინტერესდა. Reuters-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მზად არის, სიტუაციის შეფასებიდან გამომდინარე, DCG-ის ზოგიერთი აქტივის შესაძენად საკუთარი სახსრებიდან $1 მილიარდამდე დახარჯოს. DCG ჰოლდინგის წარმომადგენლებს ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
აღსანიშნავია, რომ DCG არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც კრახის ზღვარზე იმყოფება და რომლის ყიდვის შესაძლებლობას Tron-ის დამფუძნებელი განიხილავდა. მანამდე მას დამხობილი ბირჟა FTX-ის ვენჩურული ქვედანაყოფის პორტფელის აქტივებით იყო დაინტერესებული, თუმცა გარიგება არ შედგა. სანი ასევე ბირჟა Huobi-ის მფლობელი გახდა და პლატფორმის მასშტაბური რეკონსტრუქცია უკვე დაიწყო.
უფრო მეტი ჯასტინ სანის პიროვნებისა და გზის შესახებ შეგიძლიათ, ჩვენს სპეციალურ სტატიაში წაიკითხოთ.