70-იანების მუსიკის ლეგენდების NFT ფოტოარქივები
Candy Digital და Getty Images ერთობლივ პროექტში წარსულის ლეგენდარული მუსიკოსების NFT ფოტო არქივებს ხსნიან.
შემოქმედებითი პარტნიორობის "Exposure: by Getty Images & Candy" პირველ ეტაპზე ბაზარზე გამოჩნდა NFT კოლექცია, რომელიც XX საუკუნის 70-იანი წლების მუსიკასა და კულტურას ეძღვნება.
Candy ნიუ-იორკში დაფუძნებული კომპანიაა, რომელსაც სურს შემოიტანოს ინოვაციები ხელოვნების “old school” კოლექციონერების სამყაროში, ასევე მოიგოს მუსიკისა და სპორტის მოყვარულთა გულები. გუნდი Ethereum-ზე შესაბამისი NFT ეკოსისტემის შექმნაზე მუშაობს. გარდა ამისა, Candy ავითარებს ვირტუალურ მაღაზიას, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ლიცენზირებული ციფრული საკოლექციო ნივთები და გაყიდოთ ისინი მეორად ბაზარზე.
Galaxy Digital არის Candy-ის ინვესტორი და პარტნიორი, რომლის სპეციალიზაცია არის ტრეიდინგი, აქტივების მართვა, საინვესტიციო საქმიანობა, საბანკო სერვისები და მაინინგი. Galaxy Digital-ის გენერალური დირექტორი და დამფუძნებელია ცნობილი ტრეიდერი და ექსპერტი მაიკ ნოვოგრაცი.
საკოლექციო ფოტოები პროექტისთვის „70-იანი წლების მუსიკა და კულტურა“ Getty Images-ის საკურატორო ჯგუფმა შეარჩია. ექსპერტები მხედველობაში იღებდნენ არტეფაქტების როგორც ესთეტიკურ მახასიათებლებს, ასევე მათ მნიშვნელობას კულტურისთვის. ზოგიერთ იშვიათ ფოტოზე წვდომა Getty Images-მა პირველად გახსნა. ფაქტობრივად, საუბარია იმ ლეგენდარული ეპოქის ციფრული ფოტომატიანის შექმნაზე - დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის.
რატომ 70-იანები?
მუსიკის შესაქმნელად სიმების გაჭიმვაა საჭირო და ეპოქაში, რომელსაც ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობა, სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლა, ახალი ტექნოლოგიები და სექსუალური რევოლუცია განსაზღვრავდა, 70-იანების მგზნებარე სული ვლინდებოდა და ძლიერდებოდა მუსიკალური რევოლუციების დამმუხტავი ნაკადით, რომელიც დღემდე გვაღელვებს, – განმარტავენ Candy-ში.
კოლექცია "70-იანი წლების მუსიკა და კულტურა" შეიცავს:
- ცნობილი ფოტოგრაფების თემატურ ნაკრებს (“Rock Icons”, “Up Close and Personal”, “Life on Stage” და ა.შ.) – 10 სურათი $200-ად;
- მუსიკის ისეთი ლეგენდების ცალკეულ ციფრულ საკოლექციო გამოსახულებებს, როგორიცაა დევიდ ბოუი, ჯიმი ჰენდრიქსი, AC/DC და ა.შ. - 1 ცალი $25-ად.
საწყის ეტაპზე პროექტის ავტორები კლიენტებს ერთი გამოსახულების უფასოდ მოჭრის შესაძლებლობას აძლევენ. Candy Digital და Getty Images ასევე აანონსებენ საარქივო ფოტოების NFT კოლექციების შემდგომ გამოშვებას, რომლებშიც კოლექციონერებისთვის საინტერესო მოვლენები და პიროვნებებია ასახული.