Uniswap-ის (UNI) პროექტის მიმოხილვა

ფოტო - Uniswap-ის (UNI) პროექტის მიმოხილვა
Uniswap (UNI) დეცენტრალიზებული პროტოკოლის, Uniswap-ის საკუთარი ტოკენია. ის საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით მონეტის ტოპ ოცეულში შედის და მე-18 ადგილს იკავებს.

პროექტის მისია

Uniswap არის ღია საწყისი კოდის მქონე დეცენტრალიზებული სავაჭრო პროტოკოლი, რომელიც Ethereum-ზეა დაფუძნებული. ის ავტომატური მარკეტმეიკერია, ინარჩუნებს დეცენტრალიზაციის მაღალ ხარისხს და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, შუამავლების გარეშე ივაჭრონ. ფაქტობრივად, Uniswap დეცენტრალიზებულს ბირჟას (DEX) წარმოადგენს.

Uniswap-ის დამფუძნებელი ნიუ-იორკელი კომპიუტერული ინჟინერი ჰაიდენ ადამსია. დეცენტრალიზებულ ფინანსებში ჩაფლობამდე ის Siemens-ში მუშაობდა. სმარტ კონტრაქტების შემუშავებას ადამსმა თავისი მეგობრის, Ethereum Foundation-ის თანამშრომლის, კარლ ფლერშის იდეების წყალობით მოკიდა ხელი. 

უშუალო გავლენა ადამსის კვლევებზე მოახდინა ვიტალიკ ბუტერინის პოსტმა Ethereum-ზე ავტომატიზებული მარკეტმეიკერის კონცეფციის შესახებ, რომელიც მის პირად ბლოგში გამოქვეყნდა. ინჟინერმა  Ethereum Foundation-ისგან პროექტის შესაქმნელად $100 000 ოდენობის გრანტიც კი მიიღო.
თავდაპირველად ადამსი აპირებდა, პროტოკოლისთვის Unipeg დაერქმია, რაც უნირქასა და პეგასს აერთიანებდა. მაგრამ ვიტალიკ ბუტერინმა, რომელმაც პროექტის იდეის შესახებ ფლეშერისგან გაიგო, დაჟინებით მოითხოვა ვარიანტი Uniswap.
Uniswap მინიმალური ფუნქციონალით 2018 წლის ნოემბერში ამოქმედდა. მაშინ აქტივების განთავსება დაშვებული იყო მხოლოდ ETH-თან წყვილში. მაგრამ დეცენტრალიზებული ფინანსების მზარდი პოპულარობის ფონზე, პროტოკოლმა მიიზიდა  ლიკვიდობის პროვაიდერები, დაიწყო დიდი მოცულობებით მუშაობა და განახლებების დამატება. 2020 წლის მაისში დეველოპერებმა Uniswap V2 გამოუშვეს. ახალი ვერსია ითვალისწინებდა ნებისმიერი ERC-20 სტანდარტის ტოკენების ერთმანეთში გაცვლას, ორაკულების გამოყენებას კოტირების გასაკონტროლებლად და მყისიერი სვოპებისთვის.

რა უნდა ვიცოდეთ Uniswap (UNI) ტოკენზე

დანიშნულება

Uniswap (UNI) შიდა მართვის ტოკენია. ის საშუალებას აძლევს მის მფლობელებს, მონაწილეობა მიიღონ პროტოკოლის ცვლილებებთან დაკავშირებულ კენჭისყრაში. დეველოპერების განზრახვის თანახმად, UNI-ს გამოჩენას ხაზი უნდა გაესვა, რომ პროექტი თვითკმარია და საზოგადოების წევრებს ეკუთვნის.

ემისია, განაწილება

Uniswap (UNI) არის ERC-20 სტანდარტის ტოკენი. ის 2020 წლის 16 სექტემბერს გამოვიდა და სულ რაღაც ერთ დღეში კრიპტოვალუტის კაპიტალიზაციის რეიტინგში 26-ე ადგილს მიაღწია. 

შექმნისას მთლიანი მიწოდება 1 მილიარდ UNI-ს შეადგენდა. მონეტების 60% საზოგადოების მოქმედ წევრებს შორის ნაწილდებოდა. დანარჩენ 40%-ზე წვდომა ოთხი წლის განმავლობაში ექნება გუნდის წევრებს (21.51%), ინვესტორებს (17.8%) და კონსულტანტებს (0.69%). ამ პერიოდის შემდეგ, ქსელის მხარდასაჭერად, Uniswap ინფლაციის მუდმივი მაჩვენებლის (2%) შემოღებას გეგმავს.

Uniswap-ის საზოგადოების წევრებისთვის განკუთვნილი მონეტების მთლიანი რაოდენობის 15% გამოყოფილია მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც პროტოკოლს 2020 წლის 1 სექტემბრამდე იყენებდნენ. ისინი 400 UNI-ს გარანტირებულად მიიღებენ. 

საზოგადოების წევრებს ასევე შეუძლიათ, მიიღონ ტოკენები Uniswap-ის ისეთი პულებისთვის ლიკვიდობის მიწოდებით, როგორიცაა ETH/USD, TETH/USD, CETH/DAI და ETH/WBTC.

ამჟამინდელი ვითარება ბაზარზე

coinmarketcap.com-ის მიხედვით, სტატიის მომზადების მომენტში, მიმოქცევაშია 762,209,327 UNI (76%). აქტივის საბაზრო კაპიტალიზაცია $4 976 365 735-ს, ხოლო ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობა $47 459 347-ს აღწევს.

Uniswap vs SushiSwap

ყველაზე წარმატებული DeFi პროექტების მსგავსად, Uniswap-მა მოიპოვა არა მხოლოდ ბევრი მომხმარებელი, არამედ კონკურენტებიც. უდიდეს საფრთხეს პროექტს ფორკი SushiSwap უქმნიდა. ის ორიგინალის თითქმის იდენტური იყო, გარდა საკვანძო თავისებურებისა - საკუთარი მართვის ტოკენისა და მისგან გამომდინარე პრივილეგიების არსებობისა. SushiSwap-ის დეველოპერებმა იმდენად ამოიღეს მიზანში Uniswap-ის აუდიტორია, რომ მათ საშუალება მისცეს მომხმარებლებს, ადამსის პროტოკოლის ლიკვიდობის ტოკენები თავიანთ პლატფორმაზე განეთავსებინათ და თითო პროვაიდერს ბონუსის სახით 1000 SUSHI-ს ურიცხავდნენ. 

ასეთმა პირობებმა ბევრი ინვესტორი არ დატოვა გულგრილი. უმოკლეს დროში Uniswap-ის ლიკვიდობის დაახლოებით 70% SushiSwap-ში "გადაისხა". მაგრამ მას შემდეგ რაც ფორკმა ჯილდოს ზომა 10-ჯერ შეამცირა, მომხმარებლებმა თავიანთი სახსრების აქტიური გატანა დაიწყეს. საბოლოოდ თავისი უწინდელი  პოზიციების აღდგენა Uniswap-მა მხოლოდ მართვის ტოკენის, Uniswap-ის (UNI) გამოშვების შემდეგ მოახერხა.