Proof-of-Replication — Filecoin-ის კონსენსუსის მექანიზმი

ფოტო - Proof-of-Replication — Filecoin-ის კონსენსუსის მექანიზმი
ბლოკჩეინის ფუნქციონირებას მხარს უჭერს მრავალი დამოუკიდებელი კომპიუტერული კვანძი, რომლებიც საერთო შეთანხმებას ქსელში მონაცემების განახლებასთან დაკავშირებით კონსენსუსის მექანიზმის გამოყენებით აღწევს.
ალგორითმი ქსელის მონაწილეებს საშუალებას აძლევს, აქტუალური ინფორმაცია მიიღონ, შეამოწმონ და ჯაჭვში ჩაწერონ. კონსენსუსის მიღწევის წყალობით, კვანძების ოპერატორები ერთმანეთთან სინქრონიზებულები ხდებიან, ბლოკების ჯაჭვი კი - მავნე ქმედებებისგან დაცული.

ძირითადად, ბლოკჩეინები მათი მუშაობის შესანარჩუნებლად მექანიზმს Proof-of-Stake ირჩევს. მან თავი ენერგოეფექტურად, ეკოლოგიურად სუფთად, სწრაფად და საიმედოდ წარმოაჩინა. ყველა დანარჩენს შორის, პირველად გაჩნდა Proof-of-Work, რომელზეც Bitcoin ფუნქციონირებს. სხვა მაგალითებს შორის შეგვიძლია, გამოვყოთ Delegated Proof-of-Stake, Proof-of-Importance, Proof-of-Capacity. უფრო ვრცლად კონსენსუსის ეგზოტიკური ალგორითმების შესახებ ჩვენს სტატიაში წაიკითხავთ.

ამ მასალაში ვისაუბრებთ ისეთ მექანიზმზე, როგორიცაა  Proof-of-Replication (PoRep).

როგორ მუშაობს Proof of Replication?

რეპლიკაციის დადასტურება კონსენსუსის ალგორითმია, რომლის დროს კვანძების ოპერატორებმა, რომლებსაც სურთ, გახდნენ მაინერები, უნდა დაუმტკიცონ ბლოკჩეინს, რომ ტრანზაქციის ასლი შექმნეს და მისი შესანახად ადგილი გააჩნიათ. ამასთან, მონაცემები კრიპტოგრაფიული პროტოკოლ zk-SNARK-ის მეშვეობითაა დაშიფრული. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ბლოკჩეინის მდგომარეობის რეპლიკას საკუთარ მოწყობილობაზე შეინახავს, რეესტრის სხვა ნოდები მონაცემთა ასლების არსებობას ამოწმებს. შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, კვანძი თავის უფლებამოსილებებს კარგავს. ამგვარად, რეპლიკაციის დადასტურება ინფორმაციის შემცველი ბლოკების უსაფრთხოდ, დეცენტრალიზებულად შენახვისა და მათზე წვდომის მიღების საშუალებას იძლევა, თუ გარკვეული კვანძები მწყობრიდან გამოდის.

კვანძების შეთანხმების მიღწევის მეთოდი სამეცნიერო-კვლევითმა კომპანიამ Protocol Labs შექმნა მისი ღრუბლოვანი საცავის დეცენტრალიზებული პლატფორმისთვის, რომელიც  დაფუძნებულია ბლოკჩეინზე Filecoin. 

Proof-of-Replication მეთოდების Proof-of-Reliability და Proof-of-Space საფუძველზეა აგებული. სანდოობის დადასტურება სერვერებზე მონაცემების შესანახად, ტრანზაქციების შესამოწმებლად და ინფორმაციის ამოღებაზე ნებართვის გასაცემად არის აუცილებელი. სივრცის დადასტურება გარანტიას იძლევა, რომ მომხმარებელს ბლოკების შესანახად მყარ დისკზე ადგილი ნამდვილად აქვს.

ამ ორი მექანიზმის ერთობლიობა, ძირითადად, გამოიყენება ღრუბლოვანი გამოთვლებისა და განაწილებული რეესტრის საფუძველზე მონაცემთა შესანახად.

ბლოკჩეინებში რეპლიკაციის დადასტურებით, ისევე როგორც კონსენსუსის სხვა მექანიზმების მქონე ქსელებში, არის მომხმარებელთა დაჯილდოების პროგრამა, რომელიც ბლოკჩეინის მუშაობას უზრუნველყოფს. ბლოკების ასლების შექმნითა და საკუთარი მეხსიერების შეთავაზებით, კვანძების ოპერატორები იღებენ კრიპტოვალუტებს, რომლებიც ქსელის ეკოსისტემის ელემენტს წარმოადგენს. Filecoin-ის შემთხვევაში ეს არის FIL.

მიუხედავად იმისა, რომ კონსენსუსის ალგორითმი დიდ ენერგომოხმარებას არ მოითხოვს და ზოგადად, ნაკლებად ხარჯიანია, ვიდრე პოპულარული PoS და PoW, მას თავისი ნაკლოვანებები აქვს. კერძოდ, მას დაბალი გამტარუნარიანობისთვის (ქსელის მონაცემთა გადაცემის სიჩქარე) აკრიტიკებენ. ეს მექანიზმს Proof-of-Replication ახასიათებს, ვინაიდან ასლები გადაეცემა თითოეულ ახალ კვანძს, რომელიც ბლოკჩეინს უკავშირდება.

რა არის Filecoin?

ყველაზე პოპულარული ბლოკჩეინი, რომელიც რეპლიკაციის დადასტურების ალგორითმზე მუშაობს, არის Filecoin. ფართო გაგებით, ამ სახელწოდების ქვეშ უნდა ვიგულისხმოთ ღრუბლოვანი საცავის დეცენტრალიზებული ქსელი, რომელიც ბლოკჩეინზეა დაფუძნებული. პროექტზე მუშაობა 2014 წლიდან მიმდინარეობს. მონეტა FIL-ების პირველადი მიწოდება 2017 წელს შედგა. ICO კრიპტოვალუტების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად ითვლება. კომპანიამ 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. თავად ბლოკჩეინი Filecoin სრულად 2020 წელს ამოქმედდა. ის ტრანზაქციების, ბალანსებისა და იმ შეთანხმებების მონიტორინგისთვის შეიქმნა, რომლებიც კვანძებსა და საცავის მაინერებს შორის არის მიღწეული.

მონაცემთა შენახვის განაწილებული პლატფორმა Protocol Labs-ის მიერ პროტოკოლ IPFS-ის საფუძველზეა შექმნილი, როგორც დამატებითი გადაწყვეტილება ინტერნეტის დეცენტრალიზაციისთვის.