Proof of Reserves: კრიპტობირჟები ნდობის აღდგენას ცდილობენ

ფოტო - Proof of Reserves: კრიპტობირჟები ნდობის აღდგენას ცდილობენ
კრიპტოვალუტის ბირჟა FTX -ის დაცემის შემდეგ, დარჩენილი მოთამაშეები ცდილობენ, ნდობა თავიანთი რეზერვების დადასტურების (ანუ Proof of Reserves) დახმარებით დაიბრუნონ.
რეზერვების დადასტურება აუდიტის მეთოდია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, გაიგოთ, აქვს თუ არა ცენტრალიზებულ კომპანიას საკმარისი სახსრები რეზერვში, რათა თავისი შრომისუნარიანობა და მომხმარებლის ბალანსი შეინარჩუნოს. ასეთ შემოწმებას დიდი ხანია ყველა ბანკი გადის, რომლებსაც დეპოზიტების უზრუნველსაყოფად რეზერვების შესახებ ანგარიშვალდებულება გააჩნიათ. 

Proof of Reserves კლიენტებისა და მარეგულირებლების წინაშე გამჭვირვალობის ეფექტს ქმნის და მათი გარკვეული  უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტიას იძლევა. გარდა ამისა, PoR ცენტრალიზებული ბირჟის თანამშრომლების მხრიდან თაღლითობისგან იცავს. აუდიტი კრიპტოგრაფიას ეფუძნება და სახსრების მითვისების რისკს ამცირებს.

რეზერვების შესაბამისი რაოდენობის შემოწმება ბირჟის ყველა ბალანსის ანალიზსა და მის მისამართებში შენახულ სახსრებთან შედარებას მოიცავს.

როგორ ტარდება Proof of Reserve-ის აუდიტი?

Proof of Reserves-ში კრიპტოგრაფიული აღრიცხვის პრინციპი გამოიყენება, რომელიც მერკლის ხეს - ჰეშ-სტრუქტურას ეფუძნება. ეს მონაცემების ეფექტური კონტროლის საშუალებას იძლევა. 

გარე კომპანია, რომელიც აუდიტს ატარებს, ბირჟაზე ბალანსების ანონიმურ სნეპშოტებს ახორციელებს და საერთო კრიპტოგრაფიული ჰეშის შესაქმნელად, მათ მერკლის ხეში აერთიანებს. ამის წყალობით შენახული სახსრების შესახებ მონაცემების სიზუსტეში დარწმუნება და ანონიმური ბალანსების შეჯერებაა შესაძლებელი.   

შემდეგ, აუდიტორს ციფრული ხელმოწერების მიღება სჭირდება, რომლებიც ადასტურებს, რომ ბირჟა ბლოკჩეინში საფულეების მისამართებს აკონტროლებს, რომლებზეც სახსრები ინახება. თუ ხელმოწერების ბალანსი კლიენტების კრიპტოგრაფიული ჰეშის მონაცემების ანალოგიურია, ან მათ აღემატება, შესაძლებელია მტკიცება, რომ სავაჭრო პლატფორმა მომხმარებლის სახსრების რეზერვებს უზრუნველყოფს.

Proof of Reserve-ის კრიტიკა

თუმცა, გადახდისუნარიანობის დასამტკიცებლად მხოლოდ Proof of Reserves-ით არ უნდა შემოიფარგლოთ. გარდა ამისა, შესრულებული გადამოწმების კეთილსინდისიერებასა და ხარისხში დარწმუნება მხოლოდ ექსპერტებს შეუძლიათ, რომლებიც პროცესის ყველა დეტალს იცნობენ. 

მაგალითად, გაკოტრებამდე ცოტა ხნით ადრე ბირჟამ FTX ორი აუდიტორის -  Armanino-სა и Prager Metis-ის შემოწმება გაიარა, რომლებსაც პრობლემები არ გამოუვლენია. 

გარდა ამისა, სათანადო Proof of Reserves-ის არარსებობაში პლატფორმა Binance ამხილეს. მან ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მომხმარებელთა დეპოზიტების დასაფარად, რეზერვებისა და სახსრების საკმარისი რაოდენობის დადასტურებაზე იყო საუბარი. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, აუდიტორმა Mazars, რომელიც პროცედურას ახორციელებდა, განაცხადა, რომ მას რეზერვების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. 

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც Kraken-ის თანადამფუძნებელმა, ჯესი პაუელმა Proof of Reserves-ის შესახებ Binance-ის ანგარიში გააკრიტიკა.
ვწუხვარ, მაგრამ PoR ეს არ არის. ეს ან უცოდინარობაა, ან შეცდომაში მიზანმიმართული შეყვანა. მერკლის ხე უბრალოდ სისულელეა აუდიტორის გარეშე, რომელიც რწმუნდება, რომ ბირჟა უარყოფითი ნაშთების მქონე ანგარიშებს არ ითვალისწინებს
ჯესი პაუელის ტვიტი

ჯესი პაუელის ტვიტი

მაშასადამე, ცენტრალიზებულ პლატფორმას შეუძლია, აუდიტი გააყალბოს, ან არაპროფესიონალურად ჩაატაროს. ბირჟებს, არასასურველი ინფორმაციის დამალვით, მონაცემებით მანიპულირება შეუძლიათ. ამიტომ გარე, დამოუკიდებელი აუდიტორისა და გადახდისუნარიანობის დამატებითი დადასტურების გარეშე, Proof of Reserves უსაფრთხოების გარანტია არ არის.

Proof of Reserve-ის ნაკლი

რეზერვების დადასტურება, შესაძლოა, სახსრების უსაფრთხოებისთვის ცრუ საფუძველი  სხვა მიზეზების გამოც იყოს. ასეთი აუდიტი კომპანიის სესხებსა და დავალიანებებს არ ამხელს. ამიტომ ბირჟას შეუძლია, Proof of Reserves კოსმეტიკური თვითრეგულირებისა და გამჭვირვალობის მიღმა არსებული პრობლემების დასაფარად გამოიყენოს. 

მეთოდის კიდევ ერთი არასრულყოფილება აუდიტის შემდეგ კომპანიის რეზერვების მისამართების გამჟღავნებისა და შემოწმების შეუძლებლობაა. გამორიცხული არაა, პლატფორმამ რეზერვებისთვის სახსრები ისესხოს, რათა გადახდისუნარიანობის ილუზია შექმნას, სინამდვილეში კი აუცილებელი სახსრები არ ჰქონდეს. 

PoR გამოსავალია, რომელიც იდეალურისგან შორს არის, მაგრამ, მაინც, სწორად და პასუხისმგებლობით გამოყენებისას, ის გეხმარებათ, რეზერვების საკმარისობაში, ან აუცილებელ მინიმუმთან შეუსაბამობაში დარწმუნდეთ.