RPL არის Rocket Pool-ის პროტოკოლის გული, რომელიც ETH-ის დეცენტრალიზებული ლიკვიდური სტეიკინგისთვის არის შექმნილი. ეს utility-ტოკენია, რომელიც ეკოსისტემის მრავალფუნქციურ ინსტრუმენტს წარმოადგენს. RPL აუცილებელია მომხმარებლის წახალისებისთვის, დაზღვევისა და მართვისთვის.
Rocket Pool საშუალებას აძლევს ნებისმიერ ორგანიზაციას, ან ცალკეულ პირს, რომელსაც მარაგში აქვს 16 ETH, შეუერთდეს ნოდებს, რომლებიც, ერთობლიობაში, Ethereum-ის სტეიკინგისთვის DeFi პროტოკოლს ქმნიან. თუმცა, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თითოეულმა კვანძმა უნდა უზრუნველყოს გირაო RPL-ის სახით. შემდეგ, ფსონების პულის მხარდაჭერისთვის ნოდების ოპერატორები ჯილდოს სახით RPL-ებს იღებენ.
RPL-ის ტოკენომიკა
მონეტების მაქსიმალური ემისია შეზღუდულია. სტატიის მომზადების მომენტში, ეს 19 მილიონზე ოდნავ მეტი ტოკენია, რომელიც უკვე გამოშვებულია და ბაზარზე ცირკულირებს. RPL-ის კაპიტალიზაცია 797 მილიონი დოლარს შეადგენს, რის გამოც CoinMarketCap-ის რეიტინგში ტოკენი 63-ე ადგილს იკავებს. აქტივის მიმდინარე ფასი კი $40-45-ის ფარგლებში მერყეობს.
როგორც წესი, დეცენტრალიზებული ფინანსების პლატფორმები ინფლაციასთან ბრძოლას ცდილობენ ისეთი ინსტრუმენტების დანერგვით, როგორიცაა “უკან გამოსყიდვა”, ან ტოკენების დაწვა. მაგრამ RPL-ის შემთხვევაში, სიტუაცია საპირისპიროა: მათი მიზანი წელიწადში 5%-იანი ინფლაციაა, რათა მათ პროტოკოლის მომხმარებლების დაჯილდოება და დეცენტრალიზებული ეკოსისტემის დაფინანსება შეძლონ.
ახალი ტოკენები მონაწილეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება:
70%-ს იღებენ კვანძების ოპერატორები;
15% - Oracle DAO-ს შემადგენლობაში არსებული კომპანიები;
15% - DAO Treasury-ის შემადგენლობაში არსებული ორგანიზაციები.
პროტოკოლის მართვისთვის ერთდროულად ორი დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაცია არის საჭირო. Oracle Dao-ს მიეკუთვნება ის ნოდები, რომლებიც მონაცემებს ორაკულიდან პროტოკოლში გადასცემენ. ისინი Ethereum-ის ბლოკჩეინსა და მის დამხმარე Beacon Chain ქსელში არსებულ სმარტ კონტრაქტებზე არიან პასუხისმგებელნი. Oracle DAO-ს წევრი და Rocket Pool-ის სტეიკინგში მონაწილე კომპანიების რიცხვში შედიან Lighthouse, Nimbus, Prysm, Blockchain Capital, Bankless და სხვა.
DAO Treasury-ის მოვალეობა პროექტის ფინანსური განვითარებაა: RPL-ის ინფლაციის მექანიზმი, ჯილდოები, სტეიკინგის პარამეტრები, საკომისიო და დეპოზიტების დაწესება.
Rocket Pool-ის ეკოსისტემის ილუსტრაცია. წყარო - პროტოკოლის მთავარი დირექტორის ბლოგი პლატფორმაზე Medium.
ვინ დგას Rocket Pool-ის უკან?
სტეიკინგ პროტოკოლის დამფუძნებელი და ტექნიკური დირექტორი არის დევიდ რუგენდაიკი - 18-წლიანი სტაჟის მქონე დეველოპერი. Rocket Pool-ის შექმნის იდეა მას 2016 წელს დაებადა, 2018 წელს კი RPL უკვე მიმოქცევაში ჩაეშვა.
მთავარი დირექტორის თანამდებობას იკავებს დარენ ლენგლი, რომელსაც ციფრული აქტივების, ფინანსებისა და ბლოკჩეინის სფეროებში დეველოპერისა და პროგრამული არქიტექტორის რანგში დიდი გამოცდილება აქვს.
როგორ მუშაობს ETH-ის სტეიკინგის პროტოკოლი
მომხმარებლებს აქვთ ორი გზა, რომელიც მათ წინაშე Rocket Pool-ში გაწევრიანების შემთხვევაში იხსნება. პირველი საკუთარი კომპიუტერული კვანძის განლაგებას ითვალისწინებს და უფრო კომპანიებისთვის არის განკუთვნილი. ნოდის ასამოქმედებლად საჭიროა 16 ETH + RPL-ის გირაო სტეიკინგის თანხის მინიმუმ 10%-ის ოდენობით. პროტოკოლის ასეთი მონაწილეები თავიანთი ინვესტიციებიდან უფრო დიდ შემოსავალს (დაახლოებით წლიურ 7%-ს) იღებენ, ხოლო როდესაც რიგითი მომხმარებლები ფსონების მათ პულს უერთდებიან, ისინი გამოიმუშავებენ ფულს სტეიკინგის საკომისიოზე და ბონუსებს RPL-ის სახით.
მეორე ვარიანტი არის დაკავშირება არსებულ კვანძთან, რომელიც ცალკე სტეიკინგ პულს წარმოადგენს. ამისათვის დაგჭირდებათ 0.01 ETH-ის შეტანა, სანაცვლოდ კი ლიკვიდური სტეიგინგის ტოკენის - rETH-ს მიიღებთ. საშუალო წლიური შემოსავალი 4.29% APR-ს შეადგენს.
rETH არის ETH-დან წარმოებული ტოკენი, რომელსაც Rocket Pool-ის პროტოკოლი იყენებს. მისი წყალობით მომხმარებლებს შეუძლიათ, სტეიკინგისთვის მცირე თანხა შეიტანონ. ჯილდოები ირიცხება rETH-ში და დეპოზიტის ზომასა და ყველა კვანძის შრომისუნარიანობაზეა დამოკიდებული. rETH-ის ფასი დაგირავებული სახსრებითაა უზრუნველყოფილი.
პროტოკოლი იყენებს ღია საწყისი კოდის მქონე სმარტ კონტრაქტებს, რომლებიც 2021 და 2022 წლებში შეამოწმეს ისეთმა აუდიტორებმა, როგორიცაა Sigma Prime, Consensys Diligence, Trail of Bits. სმარტ კონტრაქტებიის მეშვეობით ტოკენების სტეიკინგ პულში განთავსება პირდაპირი შენახვის გარეშეა შესაძლებელი, ასევე იქმნება პირობები დეცენტრალიზაციისთვის.
დანაკარგები, რომლებსაც პროტოკოლი მავნე კვანძების გამო აწყდება, ეკოსისტემის ყველა მონაწილეზე ნაწილდება, რათა ზარალი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.
სტეიკინგის სხვა პროვაიდერებს შეუძლიათ, გამოიყენონ Rocket Pool, როგორც დამატებითი ინსტრუმენტი მათი პასიური შემოსავლის გასაზრდელად.