სემ ბენკმან-ფრიდი: „არც კი ვიცი, როგორ მუშაობს ჩვენი სისტემა“

ფოტო - სემ ბენკმან-ფრიდი: „არც კი ვიცი, როგორ მუშაობს ჩვენი სისტემა“
სემ ბენკმენ-ფრიდმა იუთუბერ ტიფანი ფონგს პირველი სატელეფონო ინტერვიუ მისცა. ის სოციალურ ქსელებში მომენტალურად მოხვდა, ციტატები კი კრიპტოსამყაროში იმაზე სწრაფად გავრცელდა, ვიდრე ზაზუნებიანი მემები შორთ-სქვიზის დროს.
ინტერვიუს, რომელიც FTX-ის CEO-მ კრიპტო-ბლოგერს მისცა, ვერ დაერქმევა ისეთი, რომელიც „ხუჭუჭა სემის“ იმპერიის კრახის მიზეზებს ნათელს მოჰფენს. ის უფრო მოზარდის ემოციურ მონოლოგს ჰგავს, რომელიც ჰყვება, რომ ფული მას არ მოუპარავს, ცუდმა ბიჭებმა კი ის გაწირეს.

დავიწყოთ იმით, რომ საუბრის დროს მან რამდენჯერმე ახსენა, რომ დაქირავებული იურისტები მის საჯარო გამოსვლებს არ იწონებენ. მაშინ ჩნდება კანონზომიერი კითხვა: 
რატომ დათანხმდი ინტერვიუზე? რატომ აქვეყნებდი შეტყობინებებს Twitter-ში და ჰყვებოდი რა ხდება გამოძიებასთან დაკავშირებით?
აღმოჩნდა, რომ სასამართლოში სემის ინტერესების დამცველები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან იმას, რომ მან წამყვანი კრიპტობირჟის გაკოტრებაში თავისი ბრალი აღიაროს. ბენკმენ-ფრიდმა მათი დიალოგის შესახებ ასე ისაუბრა: „მათ თქვეს, რომ პირობა უნდა დამედო, რომ არასდროს, არასდროს, აღარასდროს ვიტყოდი, რომ მე მივქარე! და მე ვუთხარი - ჯანდაბამდე გზა გქონიათ“.

ამიტომაც განაწყვიტა, მკითხველებსა და მსმენელებს დეტალურად თავად განუმარტოს, რატომ არ არის დამნაშავე მომხდარში.  არადა ჯობდა, სემი ჩუმად ყოფილიყო, რადგან მისი საუბარი ტიფანი ფონგთან მხოლოდ გაოგნებას იწვევს: „როგორ შეიძლებოდა ეს ადამიანი ევროპისა და აშშ-ის უმსხვილესი ციფრული კომპანიის ხელმძღვანელი ყოფილიყო?”

მისი ინტერვიუდან რამდენიმე ციტატას მოვიყვანთ:
რა თქმა უნდა, ამ სისტემაში უკანა კარების შექმნას არ ვაპირებდი. მე ხომ თვითონ ძლივს ვსარგებლობდი სისტემით. ეს სისტემა მხოლოდ მომხმარებლის ინტერფეისის თვალსაზრისით ვიცოდი. FTX-ზე Alameda-ს ბალანსებში დიდი თანხის ოდენობის შეცდომა დავუშვი. მაგრამ ეს ძალიან ცუდი ბუღალტრული აღრიცხვის გამო მოხდა. ჩაფლავება გატარებების არასწორმა მარკირებამ გამოიწვია. სისტემაში ძველი არტეფაქტები იყო ჩარჩენილი
ანუ მისი ბრალი არ არის, რომ არ ესმოდა და არ სურდა გაეგო, როგორ მუშაობს სისტემა, სად ტრიალებს მილიონობით მომხმარებლის ფული. დამნაშავე ბუღალტერია, რომელიც, რატომღაც, აღრიცხვას არასწორად აწარმოებდა.

შემდეგ ამას სემის კიდევ უფრო უცნაური მსჯელობა მოჰყვა, რომ FTX-ის მკვეთრი ვარდნა ლიკვიდურობის კრიზისით კი არ იყო გამოწვეული, არამედ იმის გამო, რომ "თავისუფალი ბაზრის მასობრივი კორექტირება" მოხდა.
ლიკვიდურობა არ არის ის, რის გამოც ყველაფერი დაემხო. ყველაფერი სხვა რაღაცის გამო დაემხო. მრცხვენია, არ შევაფასე ეს ფაქტორი - ბაზრის მოძრაობის დროს რაღაცების უზარმაზარი კორელაცია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ პროვოცირებას ამ პოზიციებზე თვალთახედვა და ამ მოძრაობების უზარმაზარი მასშტაბი ახდენს
სემმა ვერც კი შეძლო მკაფიოდ ეპასუხა, რა უპირატესობები აქვს ტოკენს FTT და რით არის ის უზრუნველყოფილი. გაუგებარია, ხუმრობდა თუ არა, როდესაც ასე უპასუხა:
FTT–ს რეალური ღირებულება ჰქონდა. მრავალი თვალსაზრისით, ის უფრო კანონიერი იყო, ვიდრე ტოკენების უმრავლესობა. ყიდვის, დაწვის და სხვა ოხრობის გამო. ეს არ არის ტოკენი, რომელიც არაფერს აკეთებს. არ ვიცი. ის Coinmarketcap-ზე 17 ნომერ ტოკენზე უკეთესი კი არის
კითხვაზე, თუ რატომ გახსნა მან, სხვა მომხმარებლების საზიანოდ,  ფულის გატანის შესაძლებლობა მხოლოდ ბაჰამის კუნძულელი კლიენტებისთვის და ხომ არ ჰქონდა ასეთი გადაწყვეტილებას რაიმე სუბიექტური მიზეზი, მან უპასუხა:
ერთი დღით ადრე გავაფრთხილე [ბაჰამის კუნძულების მთავრობა], რომ ამის გაკეთებას ვაპირებდით. მათ არც კი თქვეს, არც არა. ჩუმად იყვნენ და ამიტომაც გავაკეთეთ ეს. მიზეზი ის იყო, რომ ეს ბირჟის მომავლისთვის იყო მნიშვნელოვანი. ჩვენ არ გვინდა, ვიყოთ ქვეყანაში, სადაც ხალხი გაანჩხლებულია და არ გვინდა, ჩვენი კომპანია რეგისტრირებული იყოს ქვეყანაში, სადაც ბევრი განრისხებული ადამიანია. ჩვენ ვცდილობდით დაგემშვიდებინა იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომელშიც ახლა ვიმყოფებით
ნანობს თუ არა რამეს სემ ბენკმენ-ფრიდი? როგორც აღმოჩნდა - კი. ის ნანობს, რომ მარეგულირებლებთან საერთო ენის გამონახვასა და ყველა საჭირო ლიცენზიის მოპოვებაზე ზედმეტად დიდი დრო დახარჯა: „ამ დროს ჩვენ შეგვეძლო უფრო შერჩევითები ვყოფილიყავით და ამ მოლაპარაკებებზე ნაკლები დრო დაგვეხარჯა“.

კიდევ ის ნანობს, რომ გაკოტრების შესახებ განაცხადის შეტანა "აიძულეს". ის ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს (ან თავს იკატუნებს, თითქოს ვერ აცნობიერებს) იმ ზიანის მასშტაბს, რომელიც კლიენტებსა და კრედიტორებს მიაყენა.
FTX US იმდენად საოცრად გადახდისუნარიანი იყო, რომ მას შემდეგაც კი, რაც გაკოტრების გამოცხადების შემდეგ 250 მილიონი აშშ დოლარი დავკარგეთ, ჩვენ მარაგში 500 მილიონი აშშ დოლარი გვქონდა... მე-11 პუნქტის (გაკოტრება) შესაბამისი დოკუმენტების ხელმოწერიდან უკვე 8 წუთში მე დამატებით 4 მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსება მქონდა. ამ ფულის გამოყენება მომხმარებლების გადასარჩენად შესაძლებელი იყო, მაგრამ ჩვენი მეურვეები სირცხვილის გამო უფრო მთელ ამ ოპერაციას აკრძალავენ, ვიდრე კლიენტებისთვის სარგებლის მოტანას შეეცდებიან
სემს დღემდე სჯერა, რომ მოვლენების უკუქცევაა შესაძლებელი. ამისთვის საკმარისია, თქვას „მე ყველაფერს გამოვასწორებ“ და ის გამოძიების ქვეშ მყოფი გაკოტრებული ბიზნესმენის ნაცვლად ისევ უმსხვილესი კრიპტობირჟის CEO გახდება.
მათ [მარეგულირებლებს] ხვალ ჩემთვის AWS-ის გასაღები რომ გამოეგზავნათ, უახლოეს მომავალში სახსრების გატანის განახლებას შევძლებდით
YouTube-ის მაყურებლებს ამის გაგონებაზე ძალიან ხისტი რეაქცია ჰქონდა. სემის ერთ-ერთმა გამომწერმა „ტვიტერში“ ასე დაწერა: 
ეს ადასტურებს ჩემს ჰიპოთეზას, რომ SBF მანიპულატორული/სოციოპათიური მატყუარაა, რომელიც რეალურ ცხოვრებაში თავისი PVP თამაშით გაუკუღმართებულ სიამოვნებას იღებს
და სულ უფრო ხშირად ისმის ბენკმენ-ფრიდის აშშ-ში ექსტრადიციისა და მისთვის გიგანტური მასშტაბის თაღლითობის ფაქტზე ბრალის წარდგენის მოთხოვნები.