სჭირდება თუ არა უკრაინის ეკონომიკას ციფრული ვალუტა Е-გრივნა

ფოტო - სჭირდება თუ არა უკრაინის ეკონომიკას ციფრული ვალუტა Е-გრივნა
თავისი ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტით (CBDC) უკრაინის ეროვნული ბანკი 2017 წლიდან არის დაკავებული. Е-გრივნა უკრაინის ეროვნული ბანკის მრავალ პროექტთაგან ერთ-ერთია, რომელსაც „მტვერი დაედო“. ცოტა ხნის წინ ეს პროექტი ისევ ახსენეს. მოდით გავაანალიზოთ, ნამდვილად სჭირდება თუ არა Е-გრივნა უკრაინის ეკონომიკას?
28 ნოემბერს უკრაინის ეროვნულმა ბანკმა თავისი ციფრული ფულის (CBDC) – Е-გრივნას კონცეფციის პროექტი კიდევ ერთხელ წარმოადგინა. რატომ კიდევ ერთხელ? ეს უკრაინაში CBDC-ის პროექტის რეალიზაციისთვის ბიძგის მიცემის მესამე, თუ მეოთხე მცდელობაა.

პირველი მცდელობა Е-გრივნას საპილოტე სტარტის წინ, 2018 წელს შედგა, მეორე - 2019 წელს მისი დასრულების შემდეგ, როდესაც პროექტს დანერგვისთვის უფრო ხელსაყრელი დროის დადგომამდე „მომწიფება“ უბრძანეს. კიდევ ერთი პილოტის ანონსი 2021 წელს შედგა, როდესაც უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრომ Е-გრივნას მივიწყებული პროექტის „გაცოცხლება“ გადაწყვიტა და ბლოკჩეინ Stellar-ზე ტესტირება გამოაცხადა, რომელიც, რატომღაც, ტასკომბანკის, და არა უკრაინის ეროვნული ბანკის პლატფორმაზე შედგა. ეს იყო დრო, როდესაც უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრო და უკრაინის ეროვნული ბანკი  დავობდნენ, თუ ვინ იქნება მათ შორის ციფრული აქტივების სფეროს მარეგულირებელი. მაშინ უკრაინის ეროვნულმა ბანკმა გაიმარჯვა. და აი, ახლა კიდევ ერთი პრეზენტაცია შედგა.

ეროვნული ბანკის შეთავაზება

უკრაინის ეროვნული ბანკის ოფიციალური პოზიცია ისაა, რომ ციფრული Е-გრივნას საკვანძო დანიშნულება ფულის ყველა ფუნქციის ეფექტური შესრულებაა, რაც უკვე  ემიტირებული ფიატური გრივნასთვის ნაღდი და უნაღდო ფორმების შევსება იქნება. Е-გრივნას გამოყენება მოსახლეობის ყველა ფენისთვის, იურიდიული პირებისთვის, სახელმწიფო ორგანოებისთვის, ბანკებისა და არასაბანკო ფინანსური დაწესებულებებისთვის მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

თუმცა უნდა იყოს, არ ნიშნავს, რომ იქნება! მოსახლეობის ყველა ფენასა და იურიდიულ პირებს ხომ დღემდე არ ჰკითხეს, სჭირდებათ თუ არა მათ ასეთი „მოსახერხებელი“ ინსტრუმენტი და ობიექტურად არც აუხსნეს, რა რეალურ უპირატესობებს მიიღებენ ისინი იგივე უნაღდო გრივნას გამოყენებასთან შედარებით.

წინ წავიწიოთ. უკრაინის ეროვნული ბანკი Е-გრივნას გამოყენების ისეთ შესაძლო ვარიანტებს განიხილავს და ამუშავებს, რომლებზეც მისი დიზაინი და ძირითადი მახასიათებელი იქნება დამოკიდებული.

 
  • Е-გრივნა „პროგრამირებადი“ ფულის ფუნქციონალის მქონე საცალო უნაღდო გადახდებისთვის - მიზნობრივი სოციალური შემწეობების განხორციელებისთვის, ადმინისტრირებაზე სახელმწიფო ხარჯის შემცირებისა და სახსრების მიზნობრივი გამოყენების კონტროლისთვის, ასევე ამა თუ იმ გარემოებებისა და ფაქტების დადგომიდან გამომდინარე გათვლების სხვადასხვა ლოგიკის პროგრამირების მიზნით სმარტ-კონტრაქტების ტექნოლოგიის გამოყენებისთვის.
  • Е-გრივნა ვირტუალური აქტივების მიმოქცევასთან დაკავშირებულ სფეროებში გამოყენებისთვის (მაგალითად, გაცვლისთვის, გამოშვების უზრუნველყოფისა და ვირტუალური აქტივებით სხვა ოპერაციებისთვის). Е-გრივნა, შესაძლოა, უკრაინაში ვირტუალური აქტივების ბაზრისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის ხარისხობრივი განვითარების ერთ-ერთ საკვანძო ელემენტად იქცეს;
  • E-გრივნა უფრო სწრაფი, იაფი და გამჭვირვალე ტრანსსასაზღვრო გადახდების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფისთვის.

რაც შეეხება საცალო უნაღდო ანგარიშსწორებისთვის E-გრივნას გამოყენების პირველ ვარიანტს - აქ ასეთი მიდგომის მიზანშეწონილობის შესახებ კითხვა ჩნდება: რა საჭიროა უზარმაზარი თანხების ჩადება ახალი ინფრასტრუქტურის ნულიდან აშენებაში, როდესაც 20 წელზე მეტია შესანიშნავად ფუნქციონირებს გადახდის ინფრასტრუქტურა, რომელიც Visa და MasterCard ტექნოლოგიების ბაზაზეა შექმნილი?

უკრაინის კომერციული ბანკები ამ ინფრასტრუქტურის განვითარებაში მილიარდობით გრივნას ოდენობის საკუთარ ინვესტიციებს ათწლეულობით ახორციელებდნენ. ის კლასიკური და მობილური POS-ტერმინალებისგან, ბანკომატებისგან, თვითმომსახურების კიოსკებისგან, მობილური აპლიკაციებისა და eCommerce-პლატფორმებისგან შედგება, რომელთა PCI DSS სტანდარტებთან შესაბამისობის სერტიფიცირების გავლა უფასო სულაც არ ყოფილა. ახლა წარმოიდგინეთ - ომისშემდგომ პერიოდში ბანკების წინაშე ახალი ინფრასტრუქტურის ნულიდან შექმნის პერსპექტივა ისევ იქმნება. არ გვგონია, რომ უკრაინის ეროვნული ბანკი ამ მოდერნიზაციისთვის სახსრებს გამყოფოს. ეს ისევ კომერციულ ბანკებსა და მერჩანტებს დააწვება ტვირთად. ახლა E-გრივნასთან შესაბამისი არაფერი არსებობს: მომხმარებლებს არც საფულეები აქვთ, ბანკებს - არც სატერმინალო აღჭურვილობა და არც ადაპტირებული ATM-ები, ვაჭრებსა და რითეილერებს - არც ადაპტირებული სალარო სისტემები.  

რაც შეეხება სმარტ-კონტრაქტების ტექნოლოგიას, ბოლო 5 წლის განმავლობაში კოდში არსებული „ხვრელების“ გამო „ჭკვიანი“ გარიგებების გატეხების რაოდენობის გათვალისწინებით, ასეთი გადაწყვეტილებების გამოყენება ძალიან სარისკო იქნება. იდეა კარგია, მაგრამ ნებისმიერ ბლოკჩეინზე სმარტ-კონტრაქტების ყველა მოწყვლადობის გათვალისწინებით, ძალიან საშიშია.

ვირტუალური აქტივების ბაზარი ბიტკოინის შექმნის მომენტიდან (უკვე 13 წელია) არსებობს. ის დეცენტრალიზებულია, თვითკმარი და თვითრეგულირებადი, ამიტომ CBDC-ს არ საჭიროებს. მათ როლს უკვე დიდი ხანია თამაშობს სტეიბლკოინები, რომლებიც გარკვეულ ფიატურ ვალუტებს 1:1 თანაფარდობითაა მიბმული. 100-ზე მეტი სხვადასხვა სტეიბლკოინსა და ათობით ათასი სხვა კრიპტოვალუტას შორის მათთვის მოსაწონი ინსტრუმენტის დამოუკიდებლად არჩევას მომხმარებლები უკვე მიეჩვივნენ. ასე რომ კიდევ ერთი ციფრული ვალუტის თავს მოხვევა არაფრის მომტანი იქნება.

რაც შეეხება Е-გრივნას ტრანსსასაზღვრო გადარიცხვებში გამოყენებას, ეს იუზქეისი უფრო ხუმრობად აღიქმება. რა აზრი აქვს ციფრული გრივნას სხვა ქვეყნებში გადარიცხვას, სადაც მისი გამოყენებისთვის ინფრასტრუქტურა არ არსებობს? ვის გამოადგება ისეთი განვითარებადი ქვეყნის არაკონვერტირებადი ვალუტის ციფრული ფორმატი, რომელსაც დევალვაციის გიჟური ტემპები აქვს? ალბათ, მხოლოდ ემიგრანტები, რომლებიც სამშობლოს ნოსტალგიის გამო მათ საფულეებში შეინახავენ და უფრო ფეტიშად აღიქვამენ, ვიდრე ციფრულ ვალუტად.

E-გრივნა მომხმარებლებისთვის

რას მიიღებენ მომხმარებლები, თუკი საფულეში Е-გრივნა ექნებათ? მხოლოდ ტოტალურ კონტროლს თავის ყველა ტრანზაქციაზე ეროვნული ბანკისა და საგადასახადოს მხრიდან. ყოველი ტრანზაქცია კერძო ბლოკჩეინში მოხვდება, რომელზე კონტროლიც მხოლოდ უკრაინის ეროვნულ ბანკს ექნება. ნაღდი სახსრები ანონიმურობის გარკვეულ ფუნქციას ინარჩუნებს მაშინ, როდესაც CBDC ნაღდ მიმოქცევასთან ბრძოლის ინსტრუმენტია. ამავე დროს, ის მოქალაქეების თავისუფლებებს ხელყოფს, გადარიცხვების კონფიდენციალურობის დონე კი ნულამდე დაჰყავს.

ამასთან, ტექნიკურად, უკრაინის ეროვნულ ბანკს შეუძლია, რაღაც მიზეზის გამო, ნებისმიერი საფულე წამებში დაბლოკოს. ეს, შესაძლოა, სხვადასხვა კორუფციული სქემისა და სახელმწიფო მოხელეების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ხელსაყრელ ოფციონად იქცეს.

რამდენიმე ქვეყანაში, კერძოდ, ნიდერლანდებში, მასობრივი პროტესტები უკვე გაიმართა CBDC-ის დანერგვის წინააღმდეგ, რომლებსაც მოსახლეობა მათი სამოქალაქო თავისუფლებების და კონფიდენციალურობის უფლების დარღვევად აღიქვამს.
CBDC-ის მოწინააღმდეგეები ნიდერლანდებში

CBDC-ის მოწინააღმდეგეები ნიდერლანდებში

დიდ ბრიტანეთში ინგლისის ბანკის გეგმებმა 2025 წელს CBDC BritCoin-ის დანერგვის შესახებ მოქალაქეებში მხარდაჭერა ასევე ვერ იპოვა. 
საპროტესტო მოძრაობა CBDC-ის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთში

საპროტესტო მოძრაობა CBDC-ის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთში

Е-გრივნა მერჩანტებისთვის (ვაჭრებისთვის)

რას მიიღებენ მერჩანტები? ნაღდ და უნაღდო ფორმასთან ციფრული გრივნას ერთდროულად მიღების ორგანიზების აუცილებლობას. ეს კი კიდევ ერთ ტერმინალს საჭიროებს, ან, სულ მცირე, საფულიან აპლიკაციას სმარტფონში, რომელიც სალარო სისტემასთან იქნება ინტეგრირებული. რა თქმა უნდა, დასახვეწი იქნება პროგრამული უზრუნველყოფა, ხელახლა დასამუშავებელი აღრიცხვა, მოლარეების გადამზადება და ა.შ., თავი რომ დავანებოთ სალაროებსა და მაღაზიების შესასვლელებთან Е-გრივნას ლოგოს განთავსება. ძალიან საეჭვოა, რომ ამ ყველაფრისთვის მინისტრთა კაბინეტმა ან უკრაინის ეროვნულმა ბანკმა სახსრები გამოყოს.

Е-გრივნა საბანკო სისტემისთვის

რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, Е-გრივნა გარკვეულ რისკებს საბანკო სისტემასაც უქმნის, რომლის მიმართ უკრაინის მოსახლეობის უნდობლობა დამოუკიდებლობის ყველა წლის მანძილზე ყოველთვის დიდი იყო. ციფრული გრივნას მონოპოლიური ემისია უკრაინის ეროვნულ ბანკს ad-hoc დაკრედიტებისა და კომერციული ბანკების გვერდის ავლით Е-გრივნას დეპოზიტების პირდაპირ მიღების დანერგვის საშუალებას მისცემს, რაც კომერციული ბანკებისთვის საპროცენტო შემოსავალსა და იაფი რესურსების შემოდინებას არსებითად შეამცირებს. სულაც არაა ფაქტი, რომ ასე იქნება, თუმცა უკრაინის ეროვნული ბანკი (წმინდა ტექნიკურად) ასეთ ინსტრუმენტს მიიღებს და მის ამოქმედებას ნებისმიერ მომენტში შეძლებს. კომერციულ ბანკებთან შედარებით უკრაინის ეროვნული ბანკისადმი უფრო მეტი ნდობის გამო, მოქალაქეები დანაზოგს Е-გრივნაში შეინახავენ, და არა კლასიკურ საბანკო დეპოზიტებში. ასეთ სცენარი დამატებით რისკებს შეიცავს კომერციული ბანკებისთვის, რომლებიც, შემოსავლების ვარდნის გამო, შესაძლოა, ლიკვიდურობის დეფიციტსა და საბრუნავი სახსრების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდნენ.

გამოყენებისთვის მიზანშეწონილი იუზქეისები

აღსანიშნავია, რომ E-გრივნას გამოყენებისთვის რამდენიმე მიზანშეწონილი იუზქეისი არსებობს.

პირველ რიგში ეს მიზნობრივი სოციალური შემწეობებისთვის, სუბსიდიებისა ან მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი ფენებისთვის დახმარებისთვის (G2P) ნამდვილად ეფექტური ინსტრუმენტია. Е-გრივნას შემთხვევაში მიღებული სახსრების არამიზანმიმართული გამოყენება შეუძლებელი გახდება.

მეორე იუზქეისი - ეს სახელმწიფო ორგანოებში კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური ინსტრუმენტია. სახელმწიფო მოხელეებისთვის ყველა გადახდა Е-გრივნაში უნდა განხორციელდეს და ყველა ტრანზაქციის მონიტორინგი მოხდეს. საჯარო ბლოკჩეინი უკრაინის მოქალაქეებისა და მასმედიის წინაშე სახელმწიფო მოხელეების ტრანზაქციულ ანგარიშვალდებულებას ნამდვილად გამჭვირვალეს გახდიდა, სამართალდამცავ ორგანოებს კი სამუშაოს მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებდა.

მესამე იუზქეისი - ეს სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებით იურიდიული პირების კორპორაციული გადახდების (B2B) ინსტრუმენტია. ამ შემთხვევაში Е-გრივნა სახელმწიფო შესყიდვების სისტემა ProZorro-ის იდეალური დანამატი იქნებოდა. სახელმწიფო ტენდერში გამარჯვების შემდეგ კონტრაქტორები Е-გრივნას დახმარებით მიღებულ სახსრების დახარჯვას ნამდვილად გამჭვირვალედ შეძლებდნენ. ეს კორუფციასა და ე.წ. „ატკატების“ პრაქტიკაზე კიდევ ერთ დარტყმა იქნებოდა.

ყველა დანარჩენ იუზქეისს უმნიშვნელო პერსპექტივა აქვს იმისთვის, რომ ცხოვრებაში ნამდვილად რეალიზდეს. ჯობს, უკრაინის ეროვნულმა ბანკმა ხალხის აზრს ყური უგდოს და ბაზრის მონაწილეების, ასევე პოტენციური მომხმარებლების, ინტერესები და მოთხოვნები კომპლექსურად გაითვალისწინოს, რათა Е-გრივნა ეროვნული გადახდის სისტემა „პროსტორის“ მსგავსად კიდევ ერთ მკვდარშობილ პროექტად არ იქცეს.