NFTFi – 2023 წლის ახალი ტრენდია?

icon NFT
ფოტო - NFTFi – 2023 წლის ახალი ტრენდია?
NFTFi (Non-fungible-token Finance) არის შედარებით ახალი მიმართულება კრიპტოვალუტის სივრცეში, რომელიც აერთიანებს დეცენტრალიზებულ ფინანსებსა და NFT-ს. ახლა ის შეიძლება დაიყოს ოთხ სეგმენტად: დერივატივები, იჯარა, ფრაქციონალიზაცია და დაკრედიტება.

დერივატივები

NFT ბაზარი არსებითად გაიზარდა, ხოლო მისი ვოლატილობა კრიპტოვალუტებს არ ჩამოუვარდება. ბევრმა კრიპტელმა თავისთვის იპოვა შემოსავლის ისეთი გზა, როგორიცაა NFT ფლიპინგი, რომელიც ითვალისწინებს მოგებას გადაყიდვისგან. ახლა ასეთი ადამიანებისთვის გაჩნდა ალტერნატივა NFT დერივატივების სახით.
 
ეს არის ფიუჩერსული კონტრაქტები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ, დადოთ ფსონი გარკვეული NFT-ების მომავალ ფასზე. ფლიპერებისთვის ეს ხსნის ახალ შესაძლებლობებს, რომელთაგან ერთ-ერთი შორთზე თამაშია. გარდა ამისა, ახლა თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ლევერიჯი და გამოიმუშაოთ ფული ძვირადღირებული NFT კოლექციების ფასების ცვლილებებზე, რომლებიც ადრე გეძვირებოდათ.

იჯარა

ახლა ბევრ ადამიანს სარგებლის მიღება NFT-ების იჯარით შეუძლია. დღეს ხომ NFT მხოლოდ ხელოვნების ნიმუში კი არ არის, არამედ წვდომაა დახურულ საზოგადოებებსა, ტესტნეტებსა და აირდროპებზე. გარდა ამისა, NFT ასევე გამოიყენება P2E პროექტებში, სადაც მათი მეშვეობით შესაძლებელია გარკვეული ბონუსების მიღება ან ზოგადად ფულის გამომუშავება.
 
არსებობს ორი სახის NFT იჯარა: გირაოთი და გირაოს გარეშე. პირველ შემთხვევაში, NFT-ის დამქირავებელმა უნდა უზრუნველყოს ის კრიპტოვალუტით. ამავდროულად, გარიგების სრული უსაფრთხოებისთვის, გირაოს ფასი NFT-ის ფასს უნდა აღემატებოდეს.
 
NFT იჯარის სქემა გირაოს გარეშე კიდევ უფრო საინტერესოა, რადგან ამ შემთხვევაში მოიჯარე იღებს არა NFT-ის ორიგინალს, არამედ, ფაქტობრივად, ასლს, რომელსაც იგივე თვისებები აქვს. ეს არის შეფუთული NFT, რომელიც იწვება იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლისას სმარტ კონტრაქტის დახმარებით. ამრიგად, შეთანხმება უსაფრთხო და მომგებიანია ორივე მხარისთვის.

ფრაქციონალიზაცია

NFT ფრაქციონალიზაცია არის NFT-ის დაყოფა პაწაწინა ნაწილებად. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს არის ტოკენების შექმნა, რომლებიც   NFT-ების ნაწილობრივ მფლობელობას წარმოადგენენ. ამრიგად, უფრო მეტ ადამიანს შეუძლია ინვესტირება ძვირფას კოლექციებში, რაც უფრო მეტ ლიკვიდობას ქმნის ბაზარზე.
 
თუმცა, აქ არსებითი პრობლემაც არის. ფრაქციონალიზაციისთვის, ორიგინალური NFT იბლოკება და შესანახად დეცენტრალიზებულ პლატფორმას გადაეცემა. ორიგინალის მისაღებად, მისი ყველა ნაწილი ხელახლა უნდა შეგროვდეს, ეს კი ყოველთვის შესაძლებელი არ არის.

დაკრედიტება

კრიპტოვალუტის სესხების შესანიშნავი საშუალება არის სესხის აღება თქვენი NFT-ის დაგირავებით. როგორც ჩვეულებრივი დეცენტრალიზებული პლატფორმების შემთხვევაში, ასეთი გარიგებები სმარტ კონტრაქტების მეშვეობით სრულდება. გაცემული სესხის ოდენობა არ აღემატება გირაოს ღირებულებას, რომელიც ჩვეულებრივ გამოითვლება ბაზარზე NFT-ის მინიმალური ფასის გათვალისწინებით.
 
ეს სეგმენტი ასევე ხსნის NFT-ების განვადებით ყიდვის შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში, ინვესტორი იღებს NFT-ს მხოლოდ ხელშეკრულების ვადის ამოწურვისა და ყველა ყოველთვიური გადასახადის გადახდის შემდეგ. ერთი შეხედვით, ეს რაღაც აბსურდულად გამოიყურება, მაგრამ ასეთი შესყიდვის არსი იმაში მდგომარეობს, რომ NFT-ის ფასი გარიგების შესრულების დროს ფიქსირდება. ასეთ სესხზე გადახდები რჩება უცვლელი მაშინაც კი, თუ NFT-ის საბაზრო ფასი არსებითად გაიზარდა. ეს საშუალებას გაძლევთ, შეიძინოთ NFT „გემრიელ“ ფასად მაშინაც კი, როცა საფულეზე საჭირო თანხა არ გაქვთ.

პერსპექტივები

NFTFi ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა დარგია და ის NFT ბაზრის გაფართოებასთან ერთად განვითარდება. ვინაიდან NFT-ს უკვე აქვს გამოყენების მრავალი ვარიანტი, NFTFi-ს პერსპექტივები საკმაოდ არსებითია. მთავარია, რომ დეცენტრალიზებულ ფინანსების  სექტორს მარეგულირებლის რისხვა არ დაატყდეს. თუმცა ამ მხრივ, ის ახლა უფრო დაცულად გამოიყურება, ვიდრე კრიპტოვალუტის სფეროს სხვა სექტორები.