2023 წლის პროგნოზი Standard Chartered-ისგან: რა ელის ბაზრებს?

ფოტო - 2023 წლის პროგნოზი Standard Chartered-ისგან: რა ელის ბაზრებს?
დეკემბრის დასაწყისიდან, უმსხვილესი ანალიტიკური კომპანიები და საბანკო ფინანსური ჯგუფები მომავალი წლის პროგნოზების წარდგენას იწყებენ. Standard Chartered-ის მთავარი სტრატეგი ცდილობდა ეწინასწარმეტყველა, რა ელის ბაზრებს, განსაკუთრებით კრიპტოვალუტას 2023 წელს.
ტრანსნაციონალური საბანკო ჯგუფ Standard Chartered-ის ანალიტიკოსები, რომლის შტაბ-ბინა ლონდონში მდებარეობს, თვლიან, რომ ბირჟა FTX-ის გაკოტრება და სხვა კრიპტოპლატფორმების შესაძლო კრახი კრიპტოვალუტის ბაზრისთვის ნეგატიური სცენარის ფორმირებას ახდენენ, რომელიც, 2023 წელს, შესაძლოა, მხოლოდ გაძლიერდეს.
Standard Chartered-ის ერთ-ერთი მთავარი ოფისი ჰონგ-კონგში

Standard Chartered-ის ერთ-ერთი მთავარი ოფისი ჰონგ-კონგში

Standard Chartered-ის მთავარი სტრატეგისა და გლობალური ბაზრების კვლევის განყოფილების ხელმძღვანელის, ერიკ რობერტსენის თქმით, 2023 წელს ბიტკოინის ფასი, შესაძლოა, 5000 აშშ დოლარამდეც კი დაეცეს.

"ფინანსური ბაზრის სიურპრიზები 2023 წელს" ერიკ რობერტსენისგან

ინვესტორებისთვის ახლახან გამოქვეყნებულ ანალიტიკურ ჩანაწერში, დამაინტრიგებელი სახელწოდებით „ფინანსური ბაზრის სიურპრიზები 2023 წელს“, ერიკ რობერტსენი უძველესი კრიპტოვალუტის ღირებულების შემდგომ ვარდნას პროგნოზირებს, რაც ფიზიკური ოქროს მიმართ ინვესტორების ინტერესის გაზრდის ფონზე მოხდება.
ერიკ რობერტსენი

ერიკ რობერტსენი

ერიკმა ყველა ბაზრისთვის 2023 წლის შესაძლო (ძირითადად უარყოფითი) სცენარები მომოიხილა, რომლებიც, შესაძლოა, მთელი 2022 წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთების მრავალეტაპიანი ზრდის, კრიპტოვალუტის სექტორის კომპანიების შემდგომი გაკოტრებისა და ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან უარყოფითი განწყობის დომინირების შედეგად ამოქმედდეს. 

მისი აზრით, ყველაფერი 2023 წელსაც "დათვური" განწყობილების მნიშვნელოვან დომინირებაზე მოწმობს. ის ასევე ბიტკოინის შემდგომ ამოყიდვას პროგნოზირებს, რაც მისი საბაზრო ღირებულების კიდევ 70%-ით შემცირებას გამოიწვევს. ამასთან, რობერტსენი 2023 წელს მნიშვნელოვან პერსპექტივას ოქროსთვის ხედავს, რომლის ფასი, მისი პროგნოზით, შესაძლოა, 30%-ით, ერთი უნციის სანაცვლოდ 2250 დოლარამდე გაიზარდოს.  

ერიკ რობერსენი მრავალი ტექნოლოგიური გიგანტის მომგებიანობის შემცირების კონსტატაციას ახდენს, რასაც მათი აქციების ღირებულების შემცირება ახლდა თან და ასევე ყურადღებას ბიტკოინის მიმართ ინტერესის შემცირებასა და კრიპტოინდუსტრიაში მნიშვნელოვან ზარალზე ამახვილებს. მომავალი წლისთვის მის სხვა პროგნოზებს შორისაა: ნავთობის ფასების ვარდნა, სურსათზე ფასების კოლაფსი და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შესაძლო იმპიჩმენტიც კი. 

ექსპერტები იზიარებენ აზრს, რომ ახალი წლის წინ მსგავსი პროგნოზები ზედმეტად სერიოზულად არ უნდა აღიქმებოდეს, რადგან მათი განხორციელების შანსი მცირეა. მათი რჩევით, ეს პროგნოზები ამა თუ იმ ანალიტიკოსის პირად თვალსაზრისად უნდა ჩაითვალოს, რომლებსაც რეალობად ქცევის მინიმალური ალბათობა აქვს. 

ამავდროულად, Standard Chartered-ის ანალიტიკოსები თვლიან, რომ ტექნოლოგიური კომპანიების აქციები მომავალ წელს კიდევ უფრო დაბლა დაეცემა და ვირტუალური აქტივებით ვაჭრობასთან, ბლოკჩეინსა და არაჩანაცვლებად ტოკენებთან (NFT) დაკავშირებული ბევრი პლატფორმა გაკოტრდება. ამ ყველაფერთან ერთად, კრიპტოვალუტის სტარტაპები დაფინანსების ნაკლებობასა და ინვესტიციების შემცირებას წააწყდებიან. 

თუმცა აღსანიშნავია, რომ Standard Chartered-ის ანალიტიკოსები ასე პესიმისტურად განწყობილები ყოველთვის როდი იყვნენ. ცოტა ხნის წინ, სექტემბერში, მათ კრიპტოვალუტის ინდუსტრიისთვის საკმაოდ ოპტიმისტური პროგნოზი გამოაქვეყნეს, რომელშიც იწინასწარმეტყველეს, რომ Ethereum-ს, საბაზრო კაპიტალიზაციის თვალსაზრისით, ბიტკოინისთვის გასწრება შეეძლო. 

2022 წლის ბოლო თვეები კრიპტოვალუტის ბაზრისთვის ზედმეტად ბობოქარი აღმოჩნდა. სემ ბენკმან-ფრიდის ბირჟა FTX-ისა და ჰეჯ-ფონდ Alameda Research-ის კრახმა მთელი ინდუსტრია არია და ინვესტორების მომდევნო მოლოდინებზე ნეგატიურად იმოქმედა. 

FTX-ის გაკოტრების პროცედურამ მრავალი კომპანიის მნიშვნელოვანი საიმიჯო და ფინანსური დანაკარგი უკვე გამოიწვია და დომინოს ეფექტიც კი ჰქონდა. კრიპტოლენდინგის პლატფორმა BlockFi-ც იძულებული გახდა, გაკოტრების პროცედურა დაეწყო. მისი რეზერვების მნიშვნელოვან ნაწილი FTX-სა და Alameda-სთან ინახებოდა, რომლებმაც თავიანთი ვალდებულებები არ შეასრულეს.

Standard Chartered-ის პროგნოზი კრიპტოინდუსტრიისთვის ერთადერთი "დათვის" წინასწარმეტყველება როდია. გასულ კვირას ცნობილმა ინვესტორმა, მარკ მობიუსმა CNBC-ს  განუცხადა, რომ მისი მოლოდინით, საპროცენტო განაკვეთების გაზრდის პრაქტიკისა და აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გამო, 2023 წელს ბიტკოინის ფასი 10 000  აშშ დოლარამდე დაეცემა. თუმცა, ყველა თავად წყვეტს, უგდოს თუ არა ყური უოლ-სტრიტის ძველი თაობის, 86 წლის პენსიონერს, რომელიც უოლ-სტრიტის ღირებულებებსა და არა ავსტრიული ეკონომიკის სკოლის ფილოსოფიაზე გაიზარდა.

ხედავს თუ არა ვინმე სინათლეს გვირაბის ბოლოს?

ამასობაში, დეცენტრალიზებული ციფრული აქტივების და კრიპტოინდუსტრიის მომხრეებს კარდინალურად საპირისპირო შეხედულებები აქვთ იმის შესახებ, თუ სად წავა ბაზარი 2023 წელს. 

ცნობილი ვენჩურული კაპიტალისტი და ბლოკჩეინ-ინვესტორი ტიმ დრეიპერი თვლის, რომ მომავალ წელს ბიტკოინის ფასმა, შესაძლოა, 250 000 აშშ დოლარს მიაღწიოს. საკუთარ თვალსაზრისს ის იმითაც ამყარებს, რომ FTX-ის კრახის შემდეგ გაიზრდება ინტერესი ნამდვილად დეცენტრალიზებული აქტივების მიმართ, როგორიცაა BTC და დეცენტრალიზებული ბირჟების მიმართ (DEX), რომლებიც, ცენტრალიზებულისგან (CEX), როგორც FTX,  განსხვავებით მომხმარებელს არაკასტოდიალურ სერვისს სთავაზობენ (თავიანთ პლატფორმაზე ინვესტორების აქტივებს არ ინახავენ). 

Cointelegraph-ის ინფორმაციით, მაკრობაზრების ანალიტიკოსი ჰენრიკ ზებერგიც მომავალ წელს, სხვა სარისკო აქტივებთან ერთად, ბიტკოინის ღირებულების თანდათანობით ზრდას 100 000 აშშ დოლარზე მაღლა ვარაუდობს. 

დადებითი თვალსაზრისი "კრიპტოზამთრის" გარდაუვალი დასასრულის შესახებ ჰეჯ-ფონდის მენეჯერ მარკ იუსკოსაც აქვს, რომელიც ბიტკოინის ფასის მნიშვნელოვან ზრდას 2023 წლის მეორე კვარტალში პროგნოზირებს, როდესაც მთელი კრიპტობაზარი, შემდეგი ჰალვინგის (ჯილდოს განახევრება) მოლოდინში, BTC-ის დაგროვებას დაიწყებს.