ტეხასი ბიტკოინის მაინინგის დედაქალაქი ხდება

ფოტო - ტეხასი ბიტკოინის მაინინგის დედაქალაქი ხდება
ძალიან მოკლე დროში ტეხასმა მოახერხა ახალი კრიპტოჰაბი და მაინინგ-კომპანიების სამოთხე გამხდარიყო. როგორ გახდა ეს შესაძლებელი და რა სტიმული მიიღეს ადგილობრივმა მაინერებმა?
მიუხედავად იმისა, რომ FTX ბირჟის გაკოტრების თემა უკვე ერთი თვეა, რაც ყველა მედიის გვერდებიდან არ ჩამოდის, სულ უფრო მეტი კრიპტოვალუტური კომპანია, კერძოდ სამაინინგო, ტეხასში მიგრირებს, რათა იქ ბიზნესი ააშენოს და ვირტუალური აქტივების ინდუსტრია განავითაროს. იქ მათმა რიცხვმა იმდენად იმატა, რომ ამ რეგიონში დახმარების მიღება ადგილობრივი კოორდინატორის - ტეხასის ბლოკჩეინის საბჭოსგან (Texas Blockchain Council) არის შესაძლებელი.

ეს ორგანიზაცია კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის სფეროში სტარტაპებისთვის ასოციაციის ფუნქციებს ასრულებს და წევრობასა და მომსახურებას ყველას სთავაზობს. კერძოდ, ასოციაციის წევრებს ტეხასში ბიზნესის განვითარების, კლიენტების, ან პერსონალის მოძიებაზე საკონსულტაციო მომსახურების მიღება შეუძლიათ. ასოციაციას შეუძლია, სამთავრობო წრეებში გარკვეული იდეების ლობირება მოახდინოს, ან ნებისმიერი კომპანიის წარმომადგენლები ინდუსტრიის სამუშაო ჯგუფებში ჩართოს, რომლებიც კრიპტოვალუტის ინდუსტრიის განვითარების პოლიტიკის ფორმირებას ახორციელებენ.
ასოციაციის მისია — ბლოკჩეინ-ინოვაციებში ტეხასის ლიდერად გადაქცევაა.

ასოციაციის მისია — ბლოკჩეინ-ინოვაციებში ტეხასის ლიდერად გადაქცევაა.

ტეხასი ჩრდილოეთ ამერიკაში უმსხვილესი მაინინგ-კომპანიების სახლი გახდა, ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია, ის ბიტკოინის მაინინგის მსოფლიო დედაქალაქად სამართლიანად მივიჩნიოთ
, - განაცხადა ტეხასის ბლოკჩეინის საბჭოს პრეზიდენტმა, ლი ბრატჩერმა Texas Blockchain Summit-ზე, რომელიც 17-18 ნოემბერს ქალაქ ოსტინში გაიმართა.
ტეხასში მაინინგ-კომპანიებს იაფი ელექტროენერგია იზიდავს, რომლის შეძენაც საბითუმო ფასებშია (რაც საცალო ფასებთან შედარებით გაცილებით დაბალია) შესაძლებელი, ასევე ლოიალური დამოკიდებულება შტატის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ელექტროენერგიის ადგილობრივი გამომმუშავებელი კომპანიების მხრიდან. ამჟამად ტეხასის მაინინგ-კომპანიები აშშ-ის მთელი არსებული ჰეშრეიტის 25%-მდე  აკონტროლებს. 

თუმცა, ასეთი ვითარება ყველას არ მოსწონს… 

მაინინგ-ფერმების მიერ ელექტროენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებით შეშფოთებულთა შორის არიან სენატორი ელიზაბეტ უორენი, პარლამენტარი ელ გრინი და ხუთი სხვა ფედერალური კანონმდებელი. ოქტომბერში მათ მრისხანე წერილი მისწერეს ERCOT Corporation-ს, რომელიც ტეხასის შტატის ელექტროქსელს ემსახურება. კანონმდებლებმა შტატში დიდი რაოდენობით მაინინგ-ფერმების კონცენტრაციით თავიანთი შეშფოთება გამოხატეს, რამაც, მათი აზრით, შესაძლოა, სხვა მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ღირებულების ზრდა, ქსელის დესტაბილიზაცია და კლიმატური პირობების გაუარესება გამოიწვიოს. 
მაინინგის მიერ კლიმატზე არსებული გავლენის, ქსელის დატვირთვისა და საბოლოო მომხმარებლისთვის რისკების გათვალისწინებით, ERCOT-ის მხრიდან ამ ინდუსტრიის მხარდაჭერა უპასუხისმგებლოა და დიდ შეშფოთებას იწვევს
, - აცხადებენ სახელმწიფო მოხელეები.
ERCOT-ის ხელმძღვანელობამ კი გადაწყვიტა, ასეთ უაზრო მიმართვაზე რეაგირება არ მოეხდინა. ERCOT-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაბლო ვეგასმა პრესკონფერენციაზე განაცხადა: ”ჩვენ ვისწრაფვით, მოვემსახუროთ ყველა კომპანიას, რომელსაც ტეხასში ბიზნესის კეთება სურს. ეს კრიპტოვალუტის მაინერებსაც ეხება“. ასეთი იყო პასუხი.

ტეხასის ელექტროქსელის სპეციფიკა

ტეხასის შტატი უნიკალურია იმით, რომ მას პრაქტიკულად დამოუკიდებელი ელექტროქსელი აქვს, რომელიც ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიებთან მხოლოდ პირობითად არის დაკავშირებული. ეს დამოუკიდებლობა ტეხასს საშუალებას აძლევს, ფედერალური კონტროლი აიცილოს თავიდან, თუმცა მას ამინდის ექსტრემალური პირობების მიმართ უფრო მოწყვლადს ქმნის. ელექტროქსელმა უნდა გაუძლოს ცხელ ზაფხულს, ძლიერ შტორმს, ცივ ზამთარსა და ნებისმიერ უეცარ ცვლილებას ამ რეგიონში, რომელიც ფართობითა და მოსახლეობით 50 შტატს შორის სიდიდით მეორეა. 
ჩვენ არ გვაქვს ის საშუალებები, რომელთა დახმარებით რთულ პერიოდში ქსელებს შევუერთდებით. ჩვენ, ფაქტობრივად, ამ პრობლემის წინაშე მარტონი ვართ. როდესაც სიცხის ტალღები გვიტევს, ჩვენ ვარიანტები არ გვაქვს
, - თვლის წერილის ერთ-ერთი ხელმომწერი დემოკრატი გრინი.

ტეხასის უპირატესობები მაინერებისთვის

ტეხასში ბიტკოინის მაინინგი დომინირებს. ვინაიდან ელექტროენერგიის ღირებულება კრიპტოვალუტის მაინერებისთვის მნიშვნელოვანი ხარჯია, ისინი ენერგიის იაფი წყაროებს ყოველთვის ეძებენ. ამ კრიტერიუმით, შეერთებულ შტატებში ტეხასზე უკეთესი ადგილი არ არსებობს. 
ტეხასის მთავარი უპირატესობა ელექტროენერგიის დაბალი საბითუმო ფასებია
, - აღნიშნა ოსტინში მდებარე, ტეხასის უნივერსიტეტის ენერგეტიკის ინსტიტუტის დირექტორის თანაშემწემ, კერი კინგმა.
დაბალი საბითუმო ტარიფები მთელი შტატისთვის აქტუალურია, მაგრამ ეს, განსაკუთრებით, დასავლეთ ტეხასს ეხება, სადაც ახალი ქარისა და მზის ელექტროსადგურები ელექტროგადამცემ ხაზებზე სწრაფად ჩნდება. განახლებადი ენერგიის წყაროები დასავლეთ ტეხასში ელექტროენერგიის ძალიან დაბალი, ზოგჯერ თითქმის უარყოფითი ფასების დამყარებას უწყობს ხელს. განა ეს მაინერებისთვის სამოთხე არ არის?

სხვა საინტერესო ლოკაციები ნავთობისა და გაზის მწარმოებელი რეგიონებია, კერძოდ, პერმის აუზი (The Permian Basin) და Eagle Ford Shale. კრიპტომაინერები ამ რეგიონებს ასევე თავიანთი ფერმების განთავსებისთვის საუკეთესო ადგილებად მიიჩნევენ.

მაინერების ადგილობრივი „მოტივაციის პროგრამები“

ელექტროენერგიის გამომუშავების დარგის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ტეხასის მაინინგ-კომპანიებისთვის კიდევ ერთი კონკურენტული უპირატესობა რეგიონში ელექტროენერგიის პიკური მოთხოვნის დროს აღჭურვილობის სწრაფად გამორთვის შესაძლებლობაა. ERCOT-მა გააფორმა შეთანხმებები სახელწოდებით "მოთხოვნაზე რეაგირების პროგრამები", რომელთა თანახმად, ყველა ინდუსტრიულ მომხმარებელს, მათ შორის ბიტკოინის დიდ ფერმებს, შეუძლიათ, ენერგიის მოხმარების შემცირებისთვის ფულადი კომპენსაცია მიიღონ, როდესაც შტატში ჩნდება საფრთხე, რომ მოთხოვნა მიწოდებას გადაამეტებს. 

ზაფხულში ასეთი შესაძლებლობით მაინინგ-ფერმების უმეტესობამ ისარგებლა და მუშაობა მთლიანად გააჩერა, ვინაიდან ათობით მილიონი ოფლიანი ტეხასელი გაუსაძლის სიცხისგან ხსნას კონდიციონერების დახმარებით სასოწარკვეთილად ეძებდა, ERCOT კი ენერგიის დაზოგვის მოწოდებით გამოდიოდა. ამაზე მაინინგ-კომპანიებმა არც თუ ცოტა ფული იშოვეს, მაგალითად, 750-მეგავატიანმა ფერმამ Riot Blockchain მხოლოდ ივლისში ოპერაციებისა და ენერგიის მოხმარების შემცირებისთვის  კომპენსაციის სახით 9,5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი კრედიტები მიიღო. ეს გაცილებით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე მისი $5.6-მილიონიანი მოგება, რომელიც მან იმავე თვეში ბიტკოინების გაყიდვით მიიღო.
მაინინგ-ფერმა Riot Blockchain როკდეილში, ტეხასი

მაინინგ-ფერმა Riot Blockchain როკდეილში, ტეხასი

ელექტროქსელის ოპერატორის მოთხოვნის დარეგულირების პროგრამაში მონაწილეობა  უჩვეულო არ არის ტეხასის შტატის არცერთი საწარმოსთვის, ან წარმოებისთვის, რომლებიც ელექტროენერგიას დიდი რაოდენობით მოიხმარს. სასიამოვნოდ გასაკვირია, რომ ტეხასური ERCOT, სამრეწველო მომხმარებლებთან თანამშრომლობით, მაინინგ-ფერმებს ნებისმიერი სხვა ინდუსტრიის კომპანიებივით ექცევა.

მაინინგის რისკები

მაგრამ მაინინგს თავისი სპეციფიკა  აქვს. ფერმები ელექტროენერგიის ღირებულების მიმართ ძალიან  მგრძნობიარენი არიან  და იძულებულნი იქნებიან, თავიანთი საქმიანობა შეწყვიტონ, თუ ელექტროენერგიის ფასი ძალიან მოიმატებს. ტეხასის ბაზარზე ფასები ცხელ, ან ცივ დღეებში იზრდება, როდესაც ყველა მომხმარებელი ელექტროდანადგარებს (კონდიციონერები, ან გამათბობლები) აქტიურად იყენებს. 
ადგილობრივი ბიტკოინ-მაინერები იძულებულნი არიან, ელექტროენერგიის ფასები ყოველ წუთს აკონტროლონ, - განაცხადა ტეხასის ბლოკჩეინის საბჭოს ხელმძღვანელმა, ბრატჩერმა
, - კარგია, რომ ადგილობრივ პროვაიდერებს აქვთ შესაძლებლობა, ღირებულებაში ცვლილებების შესახებ აქტუალური მონაცემები ოპერატიულად გააგზავნონ.
ელექტროენერგიის სხვა მსხვილი მომხმარებლები, როგორიცაა ქარხნები ან სამრეწველო კომპლექსები, ენერგიის ხარჯებზე დიდად დამოკიდებულნი არ არიან, ამიტომ მისი ღირებულების თუნდაც მნიშვნელოვანი რყევების გამო არ იხურებიან. მათთვის ERCOT-ის საკრედიტო მოტივაცია მნიშვნელოვან როლს არ თამაშობს. მაგრამ კომპანიებისთვის, რომლებიც კრიპტოვალუტის მაინინგს ახორციელებს, ასეთი კრედიტები მნიშვნელოვანი სტიმულია.

აშშ-ში მაინერებსა და ენერგეტიკულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის სქემას „არბიტრაჟის ახალი ფორმაც“ კი უწოდეს, რომელიც ტრეიდერებისთვის კარგადაა ცნობილი.

დასკვნები

თეთრი სახლის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოლიტიკის სამმართველოს ანგარიშის თანახმად, კრიპტოვალუტის მაინინგი ტეხასში ახლა დაახლოებით 2000 მეგავატ ელექტროენერგიას საჭიროებს. ტეხასის ბლოკჩეინის საბჭოს პროგნოზით, შტატის მაინინგ-კომპანიების საჭიროებები 2023 წლის ბოლოსკენ, შესაძლოა, გაორმაგდეს. ეს ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი მოცულობაა, თუმცა ტეხასის შტატის სიმძლავრის გათვალისწინებით, კრიტიკული დონიდან ჯერ კიდევ შორსაა, და ადგილობრივ ქსელს დიდ რისკებს არ შეუქმნის.

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტის ბაზარი ჯერ კიდევ ციებ-ცხელებაშია, ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები ჩვენს ცხოვრებაში სულ უფრო და უფრო შემოდის. ექსპერტები თვლიან, რომ ტეხასში შექმნილი მიმზიდველი პირობების გათვალისწინებით, მაინინგი-კომპანიები და ზოგადად კრიპტოსტარტაპები აქ კიდევ დიდხანს დარჩება.