ტოპ თამაშები მეტავერსში

ფოტო - ტოპ თამაშები მეტავერსში
მეტავერსში არსებული თამაშები მოთამაშეებს არა მხოლოდ ვირტუალურ სამყაროში ერთმანეთთან ურთიერთქმედების შესაძლებლობას, არამედ ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მეშვეობით (უმეტესად - NFT) სათამაშო აქტივების ფლობის საკუთარი უფლებების გარანტიასაც აძლევს.
მეტავერსში თამაშების შექმნის ბუმი მოვიდა COVID-19-ის პანდემიისა და პოსტსაკარანტინო პერიოდზე, რომელშიც ახლა მსოფლიო ცხოვრობს. ფაქტობრივად, მეტავერსი ადამიანებს პარალელურ ვირტუალურ რეალობაში ერთმანეთთან ურთიერთქმედების - კონცერტებზე დასწრების, დროის ერთად გატარების, ტერიტორიების შესწავლის, ქვესტების შესრულების შესაძლებლობას აძლევს. ანუ ყველაფრის, რისი კეთებასაც ადამიანები რეალურ ცხოვრებაში არიან მიჩვეულნი.

ხალხს იზიდავს ავატარის საკუთარი გემოვნებით კონფიგურაციის, ასევე იმ კოლეგებთან და მეგობრებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, რომლებიც ათასობით კილომეტრით არიან დაშორებულნი. ეს ყველაფერი ხდება უნიკალურ გარემოში, რომელიც რეალურ სამყაროს შეიძლება ჰგავდეს, ან მისგან რადიკალურად განსხვავდებოდეს.  

მეტავერსის თამაშების უმეტესობა ასევე კარგი შესაძლებლობაა მოკლე და გრძელვადიანი სპეკულაციისთვის კრიპტოვალუტურ ბაზარზე, ან NFT მარკეტპლეისებზე. ზოგიერთი ამ თამაშის მექანიკა მოგვაგონებს მათ, რისი შეძენაც Steam-ისგან შეგიძლიათ. ამ მექანიკებს შორისაა პერსონაჟების გაუმჯობესება, სკინების, ლუტბოქსების ყიდვა, ქვესტების შესრულება ჯილდოს მისაღებად. ბევრ თამაშში ეს სოციალური ქსელის ეკოსისტემასთან არის კომბინირებული. დაუმატეთ ამას VR გარნიტურა და მიიღეთ უნიკალური ემოციებისა და გამოცდილების გარანტირებული სპექტრი. გთავაზობთ მეტავერსის ყველაზე პოპულარული თამაშების მიმოხილვას.

Axie Infinity – ეს NFT თამაში ყველა ტოპში შედის. სიუჟეტი მოგვითხრობს ფანტასტიკურ არსებებზე, სახელად Axies, რომლებიც ჰგვანან პოკემონებს, მაგრამ აქვთ ძალიან რეალური ცხოვრებისეული პროტოტიპი - აქსოლოტლის მატლები. თითოეული არსების სხეული 500-ზე მეტი კონფიგურირებადი ნაწილისგან შედგება. მოთამაშეებს შეუძლიათ, შეებრძოლონ პერსონაჟებს, გაამრავლონ იდინი,შეაგროვონ და ივაჭრონ. თამაშს აქვს ნატიური ტოკენი - Axie Infinity (AXS), რომელიც მრავალ ბირჟაზე ვაჭრობს. სტატიის წერის მომენტში მისი ფასი $7,7-ს შეადგენს.

The Sandbox ალბათ ამ სიის უძველესი თამაშია. მისი ისტორია სათავეს ჯერ კიდევ 2012 წლიდან იღებს. ზოგადად, თამაში Minecraft-ის მსგავსია, მაგრამ play-to-earn პრინციპით ფუნქციონირებს. მოთამაშეებს შეუძლიათ ააგონ და შექმნან საკუთარი NFT-ები, მათ შორის ავატარები, ვირტუალური პროდუქტები და თამაშებიც კი, VoxEdit-ისა და Game Maker-ის მეშვეობით. შეგიძლიათ თქვენი ქმნილების მონეტიზაცია Sandbox-ის მარკეტპლეისზე. თამაშის ტოკენი, SAND, $0,5-ზე ოდნავ მეტი ღირს.

Decentraland წინა თამაშს ჰგავს, მაგრამ მექანიკა ოდნავ განსხვავებულია. თამაში 100 ათასი მიწის ნაკვეთის ქსელს წარმოადგენს. თამაში ექვემდებარება უძრავი ქონების ბაზრის კანონებს: არიან როგორც ღარიბი, ასევე ელიტური რაიონები. რამდენიმე ნაკვეთის შეძენის შემდეგ, შეგიძლიათ, ააშენოთ რამდენიმე შენობა. თამაშის ეკონომიკა დაფუძნებულია მიწის აშენებაზე, გაქირავებაზე, გადაყიდვაზე, მაგრამ ასევე არის ფულის გამომუშავების შესაძლებლობა ნაკვეთზე ღამის კლუბის, კაზინოს, სავაჭრო ცენტრის, ან გალერეის გახსნის შედეგად.

Decentraland იყენებს ორ ტოკენს: MANA და LAND. პირველი არის ძირითადად ანგარიშსწორებისთვის ამ მეტავერსის ფარგლებში და მისი ფასი $0.5-ს ოდნავ აღემატება. მეორე ბირჟებზე არ ივაჭრება, მაგრამ გამოიყენება, როგორც არაჩანაცვლებადი ტოკენი, რომელიც მიწის ფლობას ადასტურებს.

Alien Worlds არის სტრატეგიული თამაში, რომელშიც მოთამაშეები იკვლევენ კოსმოსს, აუმჯობესებენ თავიანთ აღჭურვილობას, მოიპოვებენ იშვიათ რესურსებს სხვადასხვა პლანეტაზე და ებრძვიან ერთმანეთს. თამაშში შეგიძლიათ ფლობდეთ მიწას და გააქირაოთ ის, გაყიდოთ ნივთები, მონაწილეობა მიიღოთ მისიებში, მოიპოვოთ Trillium ტოკენები და ამაზე ფული გამოიმუშაოთ. დღეს ეს ტოკენი (TLM) $0,018-ად ივაჭრება.

თამაში მომხმარებლებს იზიდავს DeFi-სა და DAO-ს განვითარებული სისტემით - პერსონაჟების დახვეწა ხდება TLM-ის მეშვეობით, რომელიც ასევე გამოიყენება თამაშის პლანეტებზე "მთავრობებისთვის" ხმის მისაცემად.

Illuvium - 3D როლური თამაში, რომელიც ღია ბეტა ტესტირების რეჟიმში იმყოფება. მოთამაშე ქმნის თავის პერსონაჟს, ირჩევს დამხმარეს - დრონს და პოულობს ილუვიალებს, არსებებს, რომლებიდანაც აყალიბებს გუნდს ბრძოლებისთვის. თამაშს აქვს სამი რეჟიმი - სიუჟეტური, ისტორიული (ის მოთამაშეებს პლანეტაზე მოგზაურობის საშუალებას აძლევს) და არენა ლევიათანი, სადაც ბრძოლებში გამარჯვების შემთხვევაში ჯილდოების მიღებაა შესაძლებელი.

თამაშის ტოკენი - ILV. ის გამოიყენება პერსონაჟის, ან რაზმის გასაუმჯობესებლად, ასევე გაძლევთ საშუალებას, დადოთ ფსონი სხვა მოთამაშეების ბრძოლებზე. მისი ღირებულება $50-ს ოდნავ აღემატება. მთელი სიიდან, ეს თამაში ყველაზე მეტად ჰგავს სრულფასოვან კომპიუტერულ, ან კონსოლურ თამაშს ღია სამყაროს სისტემით. რა თქმა უნდა, ეს არ არის Assassin's Creed, მაგრამ Illuvium-ს შეუძლია დაიკვეხნოს არც თუ ცუდი 3D გრაფიკით, ასევე მეტავერსს მრავალი უპირატესობა გააჩნია: ბლოკჩეინ  ტექნოლოგიის დაცვა, დეცენტრალიზებული გაცვლის პლატფორმა, NFT და სტეიკინგი.

მეტავერსი ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა, მაგრამ მას უკვე აკვირდებიან სათამაშო ინდუსტრიის წარმომადგენლები. მაგალითად, The Sandbox 2022 წლიდან Ubisoft-თან თანამშრომლობს, ხოლო EA Sports აკვირდება NFT-ს, როგორც მისი მომავალი საფეხბურთო სიმულატორის შემადგენელს. ცხადია, უახლოეს მომავალში ჩვენ მეტავერსისა და ტრადიციული სათამაშო პლატფორმების უფრო მჭიდრო ინტეგრაცია გველოდება.