კრიპტოვალუტები მარეგულირებლის ბორკილებში: SEC-ის წესები მოძველდა?

ფოტო - კრიპტოვალუტები მარეგულირებლის ბორკილებში: SEC-ის წესები მოძველდა?
ვენჩურულმა საინვესტიციო კომპანიამ Paradigm, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს კრიპტოვალუტას, გამოაქვეყნა პუბლიკაციების მესამე ნაწილი, რომელშიც მოცემულია ბლოკჩეინის პროექტებთან მიმართებაში SEC-ის მოთხოვნების ანალიზი და კრიტიკა.

რა ხდება საერთოდ?

ჩვენ უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ Coinbase სასამართლოში უჩივის SEC-ს და ითხოვს მკაფიო წესებს კრიპტოკომპანიებისთვის. Paradigm ამას ეთანხმება და აღნიშნავს, რომ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელი კომისია ხშირად ავლენს უსამართლო და ზოგჯერ დისკრიმინაციულ მიდგომას მსგავსი პროექტების მიმართ.

კრიტიკის საპასუხოდ, გარი გენსლერი (SEC-ის თავმჯდომარე) მუდმივად აცხადებს, რომ რეგისტრაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია, კომპანიები კი კანონებს უგულებელყოფენ. მაგრამ ამას რეალობასთან არაფერი აქვს საერთო. ჩვეულებრივი სტარტაპი მას ბევრჯერ უფრო სწრაფად გადის, ვიდრე ბლოკჩეინ  პროექტი, SEC კი ამ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციების გამოქვეყნებაზე უარს აცხადებს.

კონკრეტულად რას ითხოვს SEC?

1930-იანი წლების ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონის თანახმად, კომისია მიიჩნევს, რომ ტოკენების უმეტესობა ამ კანონს ექვემდებარება და კომპანიებმა რეგისტრაციისთვის ოთხი ხელმისაწვდომი ფორმიდან ერთი უნდა აირჩიონ. ეს ითვალისწინებს შესაბამისი დოკუმენტების შევსებასა და ტოკენების შესახებ მთელი არსებული ინფორმაციის მიწოდებას, SEC-ის მოთხოვნების შესაბამისად.

ტრადიციულ ბაზარზე, ფულის ჩადებამდე, ეს ინვესტორს პროექტის შესახებ მთელი აუცილებელი ინფორმაციის მიღებაში ეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო მოხელეები შევსებული ფორმის დამტკიცების პროცესს აკონტროლებენ, მათ არ შეუძლიათ,  ბოროტად გამოიყენონ თავიანთი უფლებამოსილება და დაბლოკონ კომპანიის შესვლა ბაზარზე. სამწუხაროდ, SEC-ის ქმედებები ახლა სწორედ ასეთ სიტუაციას წააგავს.

კრიპტოსტარტაპებისთვის დოკუმენტაციის შევსება ძალიან რთული და ძვირადღირებული პროცესია, ვინაიდან კვალიფიციური იურიდიული გუნდის გარეშე ამის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. გარდა ამისა, ამჟამინდელი რეგისტრაცია მნიშვნელოვან შეზღუდვებს აწესებს მიმოქცევაში გასულ ტოკენებზე (მუდმივი ანგარიშგება, მეორადი ვაჭრობის აკრძალვა და ა.შ.), რაც მათ  ბაზარზე პრაქტიკულად უსარგებლოს ხდის.

თავდაპირველი განაწილებისას რეგისტრაციიდან გათავისუფლების სახით არსებული ალტერნატივაც კი უსარგებლოა. თუ სამომავლოდ SEC-ი მათ წილობრივ აქციებად ჩათვლის, კომპანიები იძულებულები იქნებიან, რეგისტრაცია სხვა ფორმით გაიარონ. ცხადი ხდება, რომ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ SEC-ს ამ პროცესის განახლება არ სურს, როგორც ეს მრავალი სხვა ინდუსტრიისთვის გაკეთდა.

წარუმატებელი რეგისტრაციის მაგალითები

SEC-ის მიდგომის უსუსურობის დასამტკიცებლად, შეგვიძლია, განვიხილოთ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც კომისიამ  სტარტაპები ფასიანი ქაღალდების უკანონო გაყიდვაში დაადანაშაულა, ინვესტორებისთვის სახსრების დაბრუნება და დარეგისტრირება აიძულა. 

1. Paragon Coin Inc. - კომპანია დელავერიდან, რომელმაც კანაფის ინდუსტრიაში ბლოკჩეინის გამოსაყენებლად $12 მილიონ მოიზიდა. ორი წლის შემდეგ მან შეიტანა პირველი ფორმა, მაგრამ უგულებელყო დაზუსტების წერილი და არ წარადგინა დამატებითი მონაცემები. მალე კი გაკოტრებაზე შეიტანა განაცხადი და აღნიშნა, რომ იურიდიულ ტვირთს ვერ გაუმკლავდა და ამ მიმართულებით მრავალი კრიტიკული შეცდომა დაუშვა. 

2. Salt Blockchain Inc. კომპანია კოლორადოდან, რომელიც დაკავებულია ციფრული აქტივების გირაოთი უზრუნველყოფილი დაკრედიტებით. ორ წელიწადში ტოკენების გაყიდვის შედეგად მან $47  მილიონი შეაგროვა, შემდეგ კი SEC-თან შეთანხმება გააფორმა. ფორმის გაგზავნის შემდეგ, Salt-მა მასში ცვლილებები ოთხჯერ შეიტანა. პროექტი არ გაკოტრებულა და განაგრძო მუშაობა, მაგრამ ტოკენმა მთელი ლიკვიდობა დაკარგა და აბსოლუტურად უსარგებლოა.

ბევრი აღნიშნავს, რომ ცუდი გამოცდილების შემდეგ, SEC-მა ასეთი ქეისები შეამცირა. მაგრამ მათთვისაც კი, ვინც გადაწყვიტა, სხვა გზით წასულიყო (კომპანიები Hiro და YouNow) და რეგისტრაცია განაწილებამდე გაევლო, ყველაფერი წარუმატებელი აღმოჩნდა და ამას ბევრი დამატებითი ხარჯებიც დაერთო. ოთხი წლის შემდეგ, ამ ორი კომპანიის წამყვანმა იურისტებმა არსებული ვითარება ასე  შეაფასეს:
დღეისათვის, SEC-ს ჯერ კიდევ არ მიუღია ერთი წესი კრიპტოვალუტების რეგულირებისთვის, არ შეუტანია ცვლილებები ინფორმაციის წარდგენის, ან რეგისტრაციის არც ერთ ფორმაში, რათა აესახა კრიპტოვალუტის უნიკალური ასპექტები, არ შეუქმნია მუშა პროცესი, რომლის მეშვეობით ციფრული აქტივების ემიტენტებს შეეძლებათ დაარეგისტრირონ თავიანთი ტოკენები საჯარო გაყიდვისთვის, ან ამ ტოკენებით ივაჭრონ ლიკვიდურ მეორად ბაზარზე

მოთხოვნილი ინფორმაცია გამოუსადეგარია

რეგისტრაციისას ინფორმაციის წარდგენის არსებული სისტემა შექმნილია ტრადიციული კომპანიებისთვის (ისტორია, ფინანსური ანგარიშგება, მენეჯმენტი, რისკები). მაგრამ ეს მიდგომა დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტებისთვის აბსოლუტურად შეუსაბამოა მრავალი მიზეზის გამო:

1. ტოკენები არსებობს იმ ორგანიზაციებისგან (ემიტენტებისგან) დამოუკიდებლად, რომლებმაც ისინი თავდაპირველად შეიმუშავეს და გადასცეს ინვესტორებს, შემდგომში კი მათ მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკურ მხარდაჭერას უწევენ. ზოგიერთ შემთხვევაში პროექტის უკან თავიდანვე დგას პროფესიული საზოგადოება ლეგალური სტრუქტურის გარეშე. 

2. ფასიანი ქაღალდებისგან განსხვავებით, ტოკენების ღირებულება ყალიბდება კომპანიის ფინანსური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, მხოლოდ და მხოლოდ ეკოსისტემაში მისი შინაგანი ღირებულების საფუძველზე. გარდა ამისა, კრიპტოვალუტები სრულიად განსხვავებულ ტექნიკურ ბაზაზე მოქმედებს: შესაძლებელია მათი უშუალო ფლობა, ვაჭრობა კი 24 საათის განმავლობაში და დასვენების დღეების გარეშე მიმდინარეობს.

ამიტომ, SEC-მა უნდა შეიტანოს შესწორებები ფორმაში, რათა ამოიღოს იქიდან უსარგებლო მოთხოვნები (მოგების გამოყენება, ბიზნეს ინფორმაცია იურიდიული ფირმის შესახებ და ა.შ.). ამის ნაცვლად კი შეიტანოს ტოკენებთან დაკავშირებული მართლაც სასარგებლო საკითხები.

კონკრეტულად რისი დამატება შეიძლება?

1. აღწერა იმისა, თუ რა გავლენას მოახდენს ტოკენების ფლობა  პროტოკოლის მართვასა და განახლებაზე, კერძოდ: რამდენ ხმას მიიღებს მფლობელი, ხელმისაწვდომია თუ არა დელეგირება, ვინ განახორციელებს სამომავლო განახლებებს და ა.შ.

2. უსაფრთხოების შესაძლო რისკები, რომლებიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პროტოკოლთან არის დაკავშირებული. აუდიტის არსებობა კი რეგისტრაციის გავლის აუცილებელი წინაპირობა უნდა გახდეს.

3. ზოგადი წარმოდგენა ღია კოდის შესახებ, ტოკენის  ფუნქციონალურობისა და ემიტენტის გარეშე მუშაობის გაგრძელების თვალსაზრისით.

4. სტატისტიკა პროექტის ტოკენომიკის შესახებ: სულ რამდენი მონეტაა, ვის გადაეცემა (დეველოპერების გუნდს, საზოგადოებას, პირველად ინვესტორები), რა რაოდენობა დარჩება დაბლოკილი და ა.შ.

5. ინფორმაცია ტოკენის სარგებლიანობის შესახებ: რა მიზანს ემსახურება, რისთვის იქნება გამოყენებული, პასიურ ინვესტიციას წარმოადგენს თუ საკოლექციო ნივთს.

დასკვნა

SEC-ის დაჟინებული ძალისხმევა, გამოიყენოს მოძველებული სისტემა ახალი ტექნოლოგიური პროექტების მიმართებაში, მთელ ამერიკულ კრიპტოვალუტურ ბაზარს ჩამოშლის საფრთხეს უქმნის. კომისიამ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს პოლიტიკა ამ საკითხთან მიმართებაში, როგორც ამას ბევრი კომპანია ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასზე ზეწოლა არა მხოლოდ ინვესტორების, არამედ ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსის მხრიდანაც გაიზრდება.