Web3.0 და Web3 - რა განსხვავებაა?

ფოტო - Web3.0 და Web3 - რა განსხვავებაა?
თავისი რამდენიმეწლიანი არსებობის განმავლობაში ინტერნეტი დაიხვეწა. მან გაიარა გზა სტატიკური ვებგვერდებიდან უფრო ინტერაქციულ და ფუნქციონალურ ვერსიამდე, რომელსაც მილიარდობით ადამიანი იყენებს. განვიხილოთ ინტერნეტის ევოლუციის ძირითადი ეტაპები.

Web3.0 და Web3 - რა განსხვავებაა?

ცხარე დისკუსიები „ინტერნეტის მესამე თაობის“ შესახებ ბოლო დროს გახშირდა, როდესაც ინტერნეტ ტექნოლოგიების მომავალზე მიდის საუბარი. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ არსებობს ორი ტერმინი: "Web3" და "Web3.0". Web3 არის ინტერნეტის ვერსია, რომელიც დაფუძნებულია ბლოკჩეინსა და დეცენტრალიზაციაზე, ხოლო Web3.0-ს საფუძვლად უდევს ტიმ ბერნერს-ლის სემანტიკური ქსელის კონცეფციას.

იმისათვის, რომ გავიგოთ, რა არის მათი ფუნდამენტური განსხვავებები, საჭიროა დავიწყოთ ინტერნეტისა და მისი ძირითადი ტექნოლოგიების ევოლუციის შესწავლით.

ინტერნეტის პირველი თაობა

თავდაპირველად, ინტერნეტი იყო ადგილი, სადაც შესაძლებელი იყო ინფორმაციის უბრალოდ მოხმარება. Web1.0 შედგებოდა სტატიკური ვებგვერდებისგან, რომლებიც შექმნილია დამუშავებული HTML-ის გამოყენებით და უზრუნველყოფდა ძალიან შეზღუდულ ინტერაქციულობას. მარტივად რომ ვთქვათ, ამ ტიპის ინტერნეტი უზრუნველყოფდა „მხოლოდ წაკითხვის“ ფუნქციას. მომხმარებლებს არ შეეძლოთ თავიანთი კონტენტის შექმნა და ვებგვერდებზე დამატება. ამასთან, საკუთარი ვებგვერდის შესაქმნელად საჭირო იყო პროგრამირების უნარები და სერვერების მუშაობის ცოდნა.

დიდი ხნის განმავლობაში, ვებგვერდები საკმაოდ მოსაწყენად და ერთფეროვნად გამოიყურებოდა, ელექტრონულ ფოსტაში კი შესაძლებელი იყო მხოლოდ ტექსტის დაწერა, რაიმე სურათის მიმაგრების შესაძლებლობის გარეშე.

1996 წლის ფილმ "კოსმოსური ჯემის" ვებგვერდი, რომელიც Web1.0 ეპოქაში, დღემდე მუშაობს. მისი ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

ინტერნეტის მეორე თაობა

მეორე თაობა არის Web2.0. ეს არის ინტერნეტი, რომელსაც დღეს ვიყენებთ. მთავარი განსხვავება აქ არის ინფორმაციის გაცვლის,  და არა მხოლოდ მისი მოხმარების შესაძლებლობა. გაჩნდა სოციალური ქსელები და ბლოგები, რომლებშიც მომხმარებლებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ, თავად შექმნან საკუთარი კონტენტი და დაუკავშირდნენ ერთმანეთს.

Web2.0-ს შეიძლება ეწოდოს ინტერნეტი, სადაც შეგიძლიათ „კითხვა და წერა“. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მომხმარებლებს, ფაქტობრივად, არ შეუძლიათ შექმნილი კონტენტის ფლობა, რადგან ის მდებარეობს პლატფორმის სერვერებზე, ანუ ცენტრალიზებული კომპანიის მფლობელობაში.

Web1.0 დეცენტრალიზაციის თვალსაზრისით კარგი, მაგრამ არც ისე მოსახერხებელი იყო. Web2.0 კი, პირიქით, გახდა მომხმარებლის კონტენტით თითქმის მთლიანად მართული, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან ცენტრალიზებული.

პლატფორმებმა, როგორიცაა Instagram, Twitter და YouTube, ყველა კონტენტის პოტენციურ გამომცემლად გადააქცია. ის, რაც ერთ დროს სპეციალურ ცოდნას მოითხოვდა, ახლა შეიძლება გაკეთდეს მაუსის რამდენიმე დაწკაპუნებით. მსხვილმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ბაზარზე ლამის მონოპოლია დაამყარეს. მათ მიიღეს პერსონალური ინფორმაცია მილიონობით მომხმარებლისგან მთელს მსოფლიოში, რომლის გამოყენება სხვადასხვა მიზნებისთვის შეუძლიათ.

ინტერნეტის მესამე თაობა

ინტერნეტის ახალი, მესამე თაობა წინა ვერსიებისგან რევოლუციურად განსხვავდება. ის შეიძლება დახასიათდეს, როგორც გარემო, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ „კითხვა, წერა და დაუფლება“.

Web3.0

ტერმინი Web3.0 ხშირად იდენტიფიცირებულია სემანტიკურ ქსელთან, რომელიც ტიმ ბერნერს-ლიმ 1998 წელს გამოიგონა. ამ კონცეფციის საფუძველია სისტემებისა და მანქანების ავტომატური ურთიერთქმედების შესაძლებლობა ერთმანეთსა და ადამიანებთან, რეალური და ვირტუალური სამყაროს გაერთიანებით. ხოლო ხელოვნური ინტელექტის - Web3.0-ის მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტის დახმარებით, მანქანები შეძლებენ ინფორმაციის დამუშავებას ადამიანის შესაძლებლობების დონეზე.

ეს ყველაფერი ხსნის შესაძლებლობების უზარმაზარ სპექტრს მანქანური სწავლებისთვის, გაფართოებული და ვირტუალური რეალობის ათვისებისა და დანერგვისთვის

ამრიგად, ინტერნეტი ათჯერ უფრო ღრმად იქნება ინტეგრირებული თითოეული ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც საშუალებას მისცემს მანქანებს ჩაანაცვლოს ადამიანები არა მხოლოდ ინფორმაციის ძიებისა და ანალიზის ბევრ ამოცანაში, არამედ ნივთების ინტერნეტში (IoT).

Web3

Web3 არის ღია, დეცენტრალიზებული ქსელი, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული. ეს ტერმინი  2014 წელს Ethereum-ის თანადამფუძნებელმა, გევინ ვუდმა  გამოიგონა. აქ მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მომხმარებლებს დაუბრუნოს კონტროლი მათ მონაცემებზე, ფინანსებსა და სხვა ფასეულობებზე, რაც შეამცირებს დამოკიდებულებას გიგანტურ ცენტრალიზებულ კომპანიებსა და სახელმწიფოებზე.

მაგალითად, MetaMask-ისა და Trust Wallet-ის საფულეების გამოყენებით, მომხმარებლები თავად ინახავენ თავიანთი მონაცემების გასაღებებს და როდესაც ისინი ურთიერთქმედებენ სხვა ბლოკჩეინ აპლიკაციებთან, მათ შეუძლიათ გააკონტროლონ, თუ ვის მისცენ მათზე წვდომა. ამ კრიპტოსაფულეების გამოყენება შესაძლებელია სხვა აპლიკაციებში ავტორიზაციისთვის ისევე, როგორც გამოიყენება Facebook ანგარიში. მაგრამ საკვანძო  განსხვავება ისაა, რომ ყველა მონაცემი ეკუთვნის მომხმარებელს და ის წყვეტს, როგორ მართოს ისინი.

დეცენტრალიზაციის წყალობით მონაცემი ქსელის ყველა კვანძში თანაბრად იქნება განაწილებული, ამასთან არ იქნება რაიმე ერთიანი, ცენტრალიზებული სერვერი. მონაცემთა ნებისმიერი გადაადგილება აღირიცხება ღია ბლოკჩეინში, რაც გაზრდის გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების დონეს. ტოკენიზაცია კი მომხმარებლებს აძლევს ნებისმიერი ღირებულების სრულყოფილი საკუთრების უფლებას, მისი შემდგომი მონეტიზაციით.

Web3.0 და Web3

თუმცა Web3.0 და Web3, სახელწოდებების მსგავსების მიუხედავად, მაინც განსხვავებულ ცნებებს აღწერს. ამასთან, ისინი ერთმანეთს ავსებენ და საერთო მიზანი აქვთ. ამიტომ, მომავალში, დიდი ალბათობით, ორივე ეს ტერმინი გაერთიანდება.

სემანტიკური ქსელის საფუძველია ეფექტურობა და ინტელექტუალობა მონაცემთა დაკავშირების გზით იმ დროს, როდესაც Web3 უფრო მეტ ყურადღებას უსაფრთხოებასა და მონაცემთა კონტროლზე ამახვილებს. ასევე განსხვავებულია მომხმარებლის მონაცემების შენახვის მეთოდი. სემანტიკური ქსელი ამისთვის იყენებს Solid Pods, რომლებიც ცალკეულ მომხმარებლებს ეკუთვნის, ასევე გაიცემა  უნიკალური WebID, რომელიც მოქმედებს როგორც პიროვნება  ეკოსისტემაში. ეს მიდგომა უფრო ცენტრალიზებულია, მაგრამ ეს  თქვენი მონაცემების შეცვლას აადვილებს და აჩქარებს.

Web3 იყენებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიას, ამიტომ მომხმარებლებს შეუძლიათ ადვილად შეინახონ თავიანთი მონაცემები კრიპტოსაფულეში, რომელზე წვდომასაც გასაღების მეშვეობით იღებენ. ბლოკჩეინში არსებული მონაცემების შეცვლა და წაშლა კი  შეუძლებელი ან ძალიან რთულია.

Web3-სა და Web 3.0-ის მიზანი ინტერნეტის უკეთესი ვერსიის შექმნაა, თუმცა ორივე ამისთვის განსხვავებულ მიდგომებს იყენებს. ორივე კონცეფციის მნიშვნელოვანი ელემენტები, მაგალითად  მანქანური წაკითხვადობა Web3.0-დან და ბლოკჩეინი ან მეტავერსები Web3-დან, საბოლოოდ გაერთიანდება. ვინაიდან ახლა ეს ყველაფერი საწყის ეტაპზეა, ჯერ კიდევ არ არსებობს მკაფიო განმარტება, თუ როგორ იმუშავებს ასეთი ინტერნეტი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგრამ ბევრი ინოვაცია უკვე დანერგილია და ტესტირებას გადის. შესაბამისად, გარდამავალი პროცესი იქნება ძალიან მშვიდი და მისი შემჩნევა უკვე პოსტფაქტუმ იქნება შესაძლებელი.