რა არის BIP, რისთვისაა საჭირო და როგორ მუშაობს?

ფოტო - რა არის BIP, რისთვისაა საჭირო და როგორ მუშაობს?
პირველადი შემუშავებიდან თავად აქტივაციამდე, Bitcoin-ის ქსელის ნებისმიერი განახლება გრძელ გზას გადის. ეს გზა აუცილებელია იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ განახლება ქსელის მუშაობას არ დაარღვევს და მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
Bitcoin-ს მმართველობის ცენტრალიზებული სტრუქტურა არ გააჩნია, ამიტომ ქსელში ცვლილებების განსახილველად და მისაღებად, კოდების გაუმჯობესების წინადადებები (BIP) გამოიყენება.  

მიუხედავად იმისა, რომ Bitcoin-ის ბლოკჩეინი ათ წელზე მეტია არსებობს, ის მისი დაარსების დღიდან პრაქტიკულად არ შეცვლილა. საზოგადოება ნებისმიერ განახლებას ძალიან ფრთხილად ეკიდება და პრიორიტეტს უსაფრთხოებას ანიჭებს.

მაგრამ დროდადრო ბიტკოინის მუშაობაში ცვლილებები ხდება. ზოგჯერ ისინი უმნიშვნელოა, მცირე შეცდომების გამოსასწორებლად ხორციელდება და მედიით არ შუქდება. ზოგჯერ კი ისინი მართლაც მასშტაბურია, როგორიცაა განახლება  Taproot, რომლის დანერგვას დაახლოებით სამი წელი დასჭირდა.

ამ ცვლილებებს ერთი რამ აქვს საერთო: ყველა მათგანი ბიტკოინის გაუმჯობესების წინადადებით იწყება.

რა არის BIP?

ბიტკოინის გაუმჯობესების წინადადება (Bitcoin Improvement Proposal, BIP) ფლაგმანი კრიპტოვალუტის კოდის შეცვლის პროცედურაში პირველი ნაბიჯია. BIP-ის წყალობით, საზოგადოებას შეუძლია, იდეები, ჩანაფიქრები განიხილოს, ტექნიკური ცვლილებები შესთავაზოს და საბოლოოდ, ამ გადაწყვეტილებების სასარგებლოდ, ან წინააღმდეგ ხმა მისცეს.

წინადადებები და განხილვები GitHub-ზე საჯაროდ არის ხელმისაწვდომი. 

BIP-ის წარდგენა განსახილველად ქსელის ნებისმიერ წევრს შეუძლია. თუმცა, მანამდე სასურველია, თქვენი იდეა სპეციალიზებულ ფორუმებზე გაახმოვანოთ და მასზე საზოგადოების რეაქცია შეამოწმოთ.

როგორ იღებენ BIP-ს?

წინადადების ავტორი მას ჯერ BIP-ის რედაქტორს უგზავნის, რომელიც განიხილავს დოკუმენტს, ასწორებს ენასა და ფორმატს სტანდარტების მიხედვით, ამოწმებს წინადადების ტექნიკურ განხორციელებადობას და ამზადებს მას კენჭისყრისთვის. რედაქტორმა შეიძლება, ცვლილებები მოითხოვოს, ან BIP ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზე უარყოს. თუ რედაქტორი წინადადებას მხარს უჭერს, ის სერიულ ნომერს (მაგალითად, BIP 117) იღებს და ავტორს შეუძლია, ის კრიპტოსაზოგადოებას წარუდგინოს. 

დღესდღეობით BIP-ის რედაქტორი დეველოპერი ლუკ დაშჯრია (Luke Dashjr).

ამის შემდეგ განახლების ინტეგრაცია Bitcoin-ის კოდში ხდება, მაგრამ ეს მის აქტივაციას ჯერ კიდევ არ ნიშნავს. განახლება Taproot 2020 წლის შუა რიცხვებში იყო ინტეგრირებული, მაგრამ მაგრამ მხოლოდ 2021 წლის ნოემბერში გააქტიურდა. ბევრი BIP, რომელიც  კოდში ინტეგრირებული იყო, საბოლოოდ არც ყოფილა მიღებული და აღსრულებული. 

შესაძლოა, წინადადებები აქტივაციას რამდენიმე წელი ელოდონ: მათი ამოქმედება მხოლოდ განხილვის დასრულების, ყველა შესწორების შეტანისა და კონსენსუსის მიღწევის შემდეგ ხდება. შემდეგ მაინერები ცვლილებების სასარგებლოდ, ან საწინააღმდეგოდ აძლევენ ხმას. თუ ნოდების 90%-ზე მეტი განახლებას მხარს დაუჭერს, ის მიღებული იქნება.

ყველაზე მნიშვნელოვანი BIP-ები

BIP 001 და BIP 002  წარადგინეს 2011 წელს. BIP 001-მა შემოიტანა ცნება "ბიტკოინის კოდის გაუმჯობესების წინადადებები“, ხოლო BIP 002-მა BIP 001-ში შესწორებები შეიტანა და ის თავისი თავით ჩაანაცვლა.

BIP 008-მა და BIP 009-მა Bitcoin-ის ბლოკჩეინზე სოფტფორკის აქტივაციის პროცედურა შემოიღო. 

BIP 141-მა მონაცემთა ბლოკებში შენახვის მეთოდის რეორგანიზაცია მოახდინა და ერთიანი ფორმატი SegWit შემოიღო.

BIP 340, BIP 341, BIT 342 არის წინადადებები, რომელთა შედეგი განახლება Taproot გახდა. ამ განახლებამ ბლოკჩეინის მასშტაბირება და უსაფრთხოება გაზარდა, ასევე Bitcoin-ის დეველოპერებს ბლოკჩეინთან მუშაობისთვის გაუმჯობესებული ინსტრუმენტი მისცა.