რა არის ბიტკოინის მისამართი, მისი რა სახეობები არსებობს?

ფოტო - რა არის ბიტკოინის მისამართი, მისი რა სახეობები არსებობს?
ბიტკოინის მისამართი კრიპტოვალუტის გადასარიცხად განკუთვნილი იდენტიფიკატორია სიმბოლოთა ნაკრების სახით, რომელიც კონკრეტულ მომხმარებელს ენიჭება. ის კრიპტოსაფულის შექმნისას, ან კრიპტოვალუტის ბირჟაზე რეგისტრაციისას გენერირდება. მისამართი ასევე საჯარო გასაღებია.
უნიკალური იდენტიფიკატორი შეიცავს შემთხვევით ასოებსა და ციფრებს, რომლებიც შემოთავაზებულია კრიპტოგრაფიის საფუძველზე არსებული ჰეშ ალგორითმებით. მიუხედავად იმისა, რომ მისამართი იწერება საჯარო ბლოკჩეინში ტრანზაქციის სხვა დეტალებთან ერთად, გარე მომხმარებლისთვის არ არსებობს გზა, დაადგინოს ვის ეკუთვნის ის.

BTC გადარიცხვისას თქვენ უნდა დააკვირდეთ, სწორად არის თუ არა შეყვანილი სიმბოლოები. მისამართში დაშვებული შეცდომის შემთხვევაში, კრიპტოვალუტები სასურველ ადრესატამდე ვერ მიაღწევენ. ასევე შეუძლებელი იქნება ტრანზაქციის გაუქმება, ამიტომ თანხები სამუდამოდ დაიკარგება. საბედნიეროდ, მისამართის კოპირება შესაძლებელია ერთი დაწკაპუნებით, რაც უზუსტობის რისკს ამცირებს.

რა სახის ბიტკოინ მისამართები არსებობს?

ყველა მისამართს, რომელიც შექმნილია ბიტკოინების გადასარიცხად, აქვს გამორჩეული თვისებები პირველი სიმბოლოების სახით. ჯამში არსებობს ოთხი ტიპის იდენტიფიკატორი - ორი მოძველებული, პოპულარული და ახალი. ისინი ერთმანეთთან თავსებადია. კრიპტოსაფულის პარამეტრების დაყენებისას შეგიძლიათ, დამოუკიდებლად მიუთითოთ მისამართის ტიპი.

Taproot (P2TR)

მისამართის ფორმატი, რომელიც 2021 წელს გაჩნდა და ყველაზე პოპულარული ტიპის - Segwit-ის უახლესი განახლებაა. შექმნილია Bitcoin-ის ქსელის მასშტაბირებისთვის, საშუალებას გაძლევთ, განახორციელოთ ტრანზაქციები ყველაზე დაბალი საკომისიოებით და გაუმჯობესებული უსაფრთხოებით. Taproot-ის ამოცნობა შესაძლებელია საწყისი სიმბოლოებით bc1p. მთავარი ნაკლი არის სიახლე. არსებობენ კრიპტოსაფულეები და ბირჟები, რომლებიც ამ ტიპის მისამართს ჯერჯერობით მხარს არ უჭერენ. 

Taproot-ის მისამართის მაგალითი:

bc1p8demc9t4sse9hluasrvxgkdqhkydrk5ctwre8nkl4pwdvegn0sdsc6ejky

Segwit (P2WPKH)

ყველაზე ფართოდ გამოყენებული ბიტკოინ მისამართი, რომელიც გამოირჩევა საწყისი კოდით bc1q. შეიქმნა 2016 წელს, როგორც მოძველებული Script და Legacy ფორმატების ალტერნატივა. მისი გამოყენება ამცირებს ბლოკის ზომას, რაც მნიშვნელოვნად აპატარავებს ტრანზაქციის საკომისიოს ოდენობას და ზრდის მისი შესრულების სიჩქარეს.

Segwit-ის მაგალითი:

bc1qj80956x7zv0pk4n00kgwp505nvlsufn6hzznyw

Script (P2SH)

მისამართის სახეობა, რომელიც შემუშავებულია 2012 წელს, იწყება ციფრით 3. ფორმატის მახასიათებლები: მიმღების მიერ გადახდილი შემცირებული საკომისიო და მულტიხელმოწერა.

Script-ის მაგალითი:

3EmGD0Uh4BPW7zxhyWeJsNc9vdUdLkPqQS

Legacy (P2PKH)

მისამართის სტანდარტი, რომელიც Bitcoin-ის ბლოკჩეინთან ერთად სატოში ნაკამოტომ შეიმუშავა. მისი ამოცნობა შესაძლებელია თავში  ციფრით 1. ასეთი მისამართის მქონე მიმღებმა უნდა მიუთითოს თავისი ხელმოწერა, რომელიც გენერირდება პირადი და საჯარო გასაღებებიდან. ნაკლოვანებები - მაღალი საკომისიო და ტრანზაქციის დამუშავების ხანგრძლივი დრო.

Legacy-ის მაგალითი:

1MweQTmOs5b89pCfSa9yKr7HWZ7NwJFQq2

როგორ გავაანალიზოთ ბიტკოინ მისამართი და მისი ტრანზაქციები?

ყველა მისამართი, რომელთა შორისაც Bitcoin-ის ქსელში ტრანზაქციები განხორციელდება, საჯარო განაწილებულ რეესტრში ჩნდება. ამიტომ შეგიძლიათ, თითოეულ მათგანს ბლოკჩეინების სპეციალური  ბრაუზერების მეშვეობით გაეცნოთ.

ბიტკოინ მისამართებისა და მათი ტრანზაქციების თვალთვალის პოპულარული სერვისებია Blockchain Explorer, Blockstream, BitRef და Blockonomics. თქვენთვის საინტერესო მისამართის შესასწავლად, ის უნდა შეიყვანოთ ერთ-ერთი ბრაუზერის მთავარ გვერდზე არსებულ საძიებო ველში.

ამის შემდეგ შეძლებთ, ნახოთ ამ მისამართით ადრე შესრულებული ტრანზაქციები, გარიგებების დასრულების დრო, საკომისიოს ზომა, გადარიცხული BTC-ის რაოდენობა და სხვა დეტალები. 

ასევე, ბიტკოინ მისამართის გვერდით შეგიძლიათ, იხილოთ მისი QR კოდი, რომელიც კრიპტოვალუტის გადაცემის გასამარტივებლად, სიმბოლოების გრძელი ნაკრების ნაცვლად  გამოიყენება. ბევრი კრიპტოსაფულე ასევე შეიცავს ამ ელემენტს BTC-ის გაგზავნისა და მიღების მოხერხებულობისთვის.

ჩამოთვლილი ვებგვერდების გამოყენების ერთ-ერთი დანიშნულება ტრანზაქციის დასრულების კონტროლი. თუ მომხმარებელი წუხს, დარეგისტრირდება თუ არა ტრანზაქცია ბლოკჩეინში, მას შეუძლია, დამშვიდების მიზნით, მისამართის აქტივობას რეალურ დროში ადევნოს თვალყური.