რატომ რჩება Coinbase-ის აქციები ინვესტორების ყურადღების ცენტრში?

ფოტო - რატომ რჩება Coinbase-ის აქციები ინვესტორების ყურადღების ცენტრში?
ერთი წლის განმავლობაში Coinbase-ის აქციების ფასის ორჯერ დაცემის მიუხედავად, ინვესტორები, კერძოდ კი ფონდი ARK Invest, ბირჟის მიმართ ინტერესს კვლავ ინარჩუნებენ.

1. რეპუტაცია და ძლიერი პოზიცია ბაზარზე.

Coinbase-მა დიდი ხანია მოიპოვა უსაფრთხო კომპანიის რეპუტაცია, რომელიც  მარეგულირებელი ორგანოების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. მას მყარი  ურთიერთობები გააჩნია მთელი მსოფლიოს მარეგულირებელ ორგანოებთან, განსაკუთრებით აშშ-ში. ბირჟა განაგრძობს მუშაობას ყველა ნორმატიული მოთხოვნის შესრულებაზე.

ასეთი მიდგომა იზიდავს კლიენტებს: ბირჟა დაახლოებით 110 მილიონ მომხმარებელს ითვლის. სხვა ქვეყნების ბაზრებზე გასვლასთან და კრიპტოვალუტების მასობრივ მიმღებლობასთან ერთად, ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება, ისევე როგორც მთლიანი შემოსავალი. ინვესტორები  Coinbase-ის აქციებს  პერსპექტიულად მიიჩნევენ.

2. დივერსიფიკაცია.

ბირჟა ქმნის შემოსავლის ბევრ წყაროს (საკომისიო, გამოწერა, სტეიკინგი, დაკრედიტება). ეს ნიშნავს, რომ კრიზისების ან  ბაზარზე არასასურველი მოვლენების დროს ბირჟას აქვს მეტი შესაძლებლობა შეინარჩუნოს შემოსავალი გარკვეულ დონეზე. მაგრამ აღსანიშნავია, რომ 2022 წელს Coinbase-მა დივერსიფიკაციის მიუხედავად, მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა.

3. დამატებითი პროექტების განვითარება. 

კომპანია აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს კრიპტოპროექტებში. მაგალითად, Circle-ის  სტეიბლკოინი USDC, რომელსაც Coinbase აქტიურად უწევს პოპულარიზაციას. ან ბირჟის უახლესი ანონსი: Ethereum ბლოკჩეინზე საკუთარი L2 გადაწყვეტილება BASE. ახლა სატესტო ქსელს ცენტრალიზებული ელემენტები აქვს, მაგრამ  მთავარი ქსელის გაშვების შემდეგ ბირჟა დეცენტრალიზაციის პირობას იძლევა: დაგეგმილია მრავალი დეცენტრალიზებული აპლიკაციის ამოქმედება. ტექნიკური დეტალების დაკონკრეტების გარეშე, Coinbase-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ქსელს ფინანსური მონიტორინგი ექნება:

ვფიქრობ, ცენტრალიზებულ სუბიექტებს ექნებათ ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა იმაზე, რომ თავიდან აიცილონ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული პრობლემები, და იქონიონ ტრანზაქციების მონიტორინგის პროგრამები და ა.შ
ზოგადად, ინვესტორებმა იციან კრიპტოვალუტის უზარმაზარი პოტენციალის შესახებ, მაგრამ მაღალი ვოლატილობის და ბუნდოვანი ადგილობრივი რეგულირების გამო, მათ, შესაძლოა, განიხილონ კრიპტოვალუტური კომპამიების აქციები, როგორც ბიტკოინში პირდაპირი ინვესტიციის ალტერნატივა. სხვები ხელმძღვანელობენ ისეთი სერიოზული მოთამაშეების პოზიციით, როგორიცაა ARK Invest.

რას ამბობს ერთ-ერთი ძირითადი ინვესტორი

ARK Invest არის პოპულარული საბირჟო ფონდი, რომელიც ინვესტიციებს თანამედროვე ტექნოლოგიებში დებს, მათ შორის კრიპტოვალუტურ დარგში. ფონდის დამფუძნებელი ქეით ვუდი კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიის მხარდამჭერია.

ARK Invest-მა Coinbase-ის აქციები პირველად 2021 წლის აპრილში შეიძინა, NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე ლისტინგის დროს. ბოლო თვეების დათვური ბაზრის მიუხედავად, ფონდმა კვლავ დაიწყო Coinbase-ის აქციების აქტიური შესყიდვა. ინვესტიციის გაგრძელების მიზეზად დასახელდა დიდი სამომხმარებლო ბაზა, წამყვანი პოზიცია აშშ-ში და პოტენციური გლობალური გაფართოება.

ასევე, ფონდმა ყურადღება გაამახვილა და კომენტარი გააკეთა ახალ BASE პროექტზე და აღნიშნა, რომ ბირჟას აქვს შესაძლებლობა გაზარდოს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც დეცენტრალიზებულ ქსელებს იყენებენ. ფონდმა აღნიშნა, რომ Coinbase ემხრობა სამართლიან, გამჭვირვალე და რეგულირებად ფინანსურ ინსტრუმენტებს ღია ბლოკჩეინზე.
მიუხედავად იმისა, რომ Coinbase თავიდან არ მიიღებს შემოსავალს Base ტრანზაქციებიდან, მას, სავარაუდოდ, ექნება ფინანსური სარგებელი იმ შემთხვევაში, თუ მისი საფულე ქსელში შესვლისა და აპლიკაციებზე წვდომის საიმედო წერტილი გახდება მასშტაბირების ზრდის პარალელურად
– ARK’s Newsletter #355

პოტენციური რისკები Coinbase-თვის

თუმცა, მრავალრიცხოვანი დადებითი ფაქტორი რისკების არსებობას არ გამორიცხავს, რამაც შეიძლება შეამციროს Coinbase-ის აქციების ფასი და ზიანი მიაყენოს ინვესტორებს.

1.  აშშ-ში კრიპტოვალუტების გადაჭარბებული რეგულირება.

კრიპტოვალუტების პოპულარიზაციის ფონზე, მარეგულირებლები განზე არ გამდგარან. გადაჭარბებულმა კონტროლმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ყველა ბირჟაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ მარეგულირებლები  უშუალოდ Coinbase-ს მიაპყრობენ ყურადღებას. დიდი ალბათობით, ეს კომპანიის სანდოობას დიდ ზიანს მიაყენებს და შეამცირებს მის შემოსავალს. ARK Invest-მაც კი შეამცირა პოზიციები Coinbase-ში, როდესაც ბირჟის მიმართ SEC-ის გამოძიებასთან დაკავშირებული ჭორები გავრცელდა.

 2. კონკურენცია და დეცენტრალიზაცია.

ჩნდება ბევრი კომპანია კრიპტოვალუტების ან DeFi პროდუქტების შეძენის შესაძლებლობით, რომლებიც Coinbase-ს ბაზრის წილს ართმევენ. საბოლოო ჯამში, ბირჟამ შეიძლება შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგოს.  

3. ვოლატილობა  

კრიპტოვალუტებზე ფასების დაცემისას, ბევრი ბირჟა იძულებულია დაითხოვოს პერსონალის ნაწილი და  შემოსავლის საერთო შემცირებას განიცდის. არც Coinbase-ია გამონაკლისი, რაც აქციების ღირებულებაზე და პლატფორმის ფინანსურ მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს.

დასკვნა

აშშ-ის ბაზარზე თავისი პოზიციის, დიდი სამომხმარებლო ბაზისა და სერვისების ფართო სპექტრის გამო, Coinbase  ინვესტირების კუთხით კვლავ მიმზიდველად გამოიყურება. მაგრამ, როგორც ფინანსური მონაცემები აჩვენებს (სუფთა ზარალმა 2022 წლის მეოთხე კვარტალში $557 მილიონი შეადგინა), ბირჟა დაღმავალ ბაზარზე კვლავ პრობლემებს აწყდება. ამიტომ, პლატფორმის მომავალი ახალ რეგულაციებთან და კრიპტოვალუტების ცვალებად ტრენდებთან ადაპტაციის უნარზეა  დამოკიდებული.