რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება ჰეშრეიტს (ხანდახან მაინც)

icon ONE
ფოტო - რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება ჰეშრეიტს (ხანდახან მაინც)
რა არის ჰეშრეიტი და რაზე მეტყველებს მისი მნიშვნელობები? ჰეშირების სიჩქარე ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია, რომელიც კრიპტოვალუტის ბაზარზე გავლენას ახდენს. მასზეა მიბმული ქსელის უსაფრთხოება, მაინერების მოგება და, შესაძლოა, თავად კრიპტოვალუტის ღირებულებაც კი.

ჰეშრეიტი – რა არის?

ტერმინი "ჰეშრეტი" ორ მნიშვნელობას გულისხმობს:

  1. კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის (მაინინგი) განკუთვნილი აღჭურვილობის გამოთვლითი სიმძლავრე. შესაბამისად, რაც უფრო მაღალია ჰეშის მაჩვენებელი, მით უფრო ძლიერია მაინინგის  მოწყობილობა.
  2. კრიპტოვალუტის ქსელის მთლიანი გამოთვლითი სიმძლავრე. მაგალითად, 2023 წლის 4 იანვარს, ბიტკოინის ქსელის ჰეშრეიტი  261.88 მილიონს შეადგენდა, რაც წინა დღესთან შედარებით 4.51%-ით ნაკლები, ხოლო გასული წლის 4 იანვართან შედარებით 55.03%-ით მეტი იყო.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჰეშის მაჩვენებელი გვიჩვენებს, რა რაოდენობის გამოთვლით მოქმედებას ასრულებს წამში ცალკეული  მაინინგ-მანქანა ან მთელი კრიპტოქსელი. ამ გამოთვლების დახმარებით მაინერები კრიპტოგრაფიული ამოცანის ამოხსნას ცდილობენ, რომელსაც ბლოკჩეინი უსახავს. ფაქტობრივად, ჰეში  სწორი პასუხის პოვნის მცდელობაა. პასუხის ვარაუდს ასოებისა და რიცხვებისგან შემდგარი, შემთხვევით გენერირებული კოდის სახე აქვს. 

ჰეშის პოვნის პროცესს ჰეშირება ეწოდება. სწორი კოდის პოვნის ყოველი მცდელობა ფიქსირდება. სწორედ 1 წამში გაკეთებული ასეთი გამოცნობების საერთო რაოდენობას ეწოდება ჰეშრეიტი (ჰეშშირების სიჩქარე). ცხადია, რაც უფრო მაღალია ჰეშრეიტი, მით უფრო სწრაფად მოიძებნება ამოცანის პასუხი.

როგორ იზომება ჰეშრეიტი

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ჰეშირების სიჩქარე ჰეშებში წამში (H/s) იზომება. 2011 წლის მაისში ბიტკოინის ჰეშრეიტის სიჩქარემ 1 ტრილიონ ჰეშს წამში (1 TH/s) პირველად მიაღწია. მას შემდეგ ეს მაჩვენებელი სტაბილურად იზრდებოდა და 2023 წლის დასაწყისისთვის 275 მილიარდ TH/s-ს მიუახლოვდა.

ბიტკოინის ჰეშრეიტი ისტორიულ რეტროსპექტივაში

წყარო: Nasdaq Data Link

წყარო: Nasdaq Data Link

ჰეშრეიტის სიჩქარის მზარდი დინამიკის კარგი ილუსტრაცია მაინინგ-აღჭურვილობის სირთულის მუდმივი მატებაა. პირველი  მაინერები ბიტკოინს ჩვეულებრივ, სახლის კომპიუტერებზე მოიპოვებდნენ. მაგრამ 2011 წლისთვის პერსონალური კომპიუტერის პროცესორებმა თავიანთი სიმძლავრის  პოტენციალი  ამოწურეს. საქმეში სათამაშო ვიდეობარათების ფერმები ჩაერთო. კრიპტოვალუტის ბაზრის განვითარების დაახლოებით 2 წლის შემდეგ, მონეტების მოპოვება უკვე საჭიროებდა კონკრეტულ მანქანებს - ASIC მაინერებს (ასიკებს).

ინფორმაცია კონკრეტული აღჭურვილობის ჰეშრეიტის შესახებ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინინგიდან მიღებული პოტენციური მოგების გამოთვლის საშუალებას იძლევა. მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ქსელის ჰეშრეიტის მატებასთან ერთად მაინერებს შორის კონკურენციაც იზრდება, თავად მაინინგის პროცესი კი გაცილებით უფრო რთული და ძვირი ხდება. თუ ქსელის ჰეშრეიტი იზრდება, ხოლო მაინერის ჰეშრეიტი უცვლელი რჩება, მისი მოგება აუცილებლად შემცირდება.

და მაინც, რატომ არის ჰეშრეიტი მნიშვნელოვანი?

მაღალი ჰეშრეიტი კრიპტოინვესტორისთვის მნიშვნელოვანი ინდიკატორია. უპირველეს ყოვლისა, ის მისი ინვესტიციების უსაფრთხოებას მოწმობს. ვინაიდან, რაც უფრო მაღალია ჰეშრეიტის მაჩვენებელი, მით უფრო განშტოებული და განვითარებულია თავად კრიპტოქსელი. ეს ნიშნავს, რომ მასზე ჰაკერული თავდასხმის ალბათობა მკვეთრად მცირდება. წარმატების მისაღწევად, ჰაკერებმა კონტროლი მთელი მაინინგის ენერგიის 51%-ზე უნდა მოიპოვონ. ჰეშრეიტის მაღალი სიჩქარის პირობებში, ასეთი ამოცანა ხდება პრაქტიკულად გადაუჭრელი - ძალიან ძვირი და ტექნიკურად რთული.

გარდა ამისა, ჰეშრეიტის ცვლილებები ხშირად კრიპტოვალუტის ფასთან არის კორელაციაში. როდესაც ბიტკოინის ფასი იზრდება, ჰეშირების სიჩქარეც იზრდება. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ დამატებითი მოგების მიღების იმედით ქსელს სულ უფრო მეტი მაინერი უერთდება. არსებობს უკუდამოკიდებულება - კრიპტოვალუტის დაბალი ფასის შემთხვევაში მაინინგის თვითღირებულება იზრდება,  მაინერების მომგებიანობა კი  მცირდება. შედეგად, კრიპტოვალუტის მაინინგი ვერ ხერხდება, რაც ნიშნავს, რომ ქსელის ჰეშრეიტი აუცილებლად დაეცემა.