რისთვის იქმნება ქალაქების ვირტუალური ორეულები?

ფოტო - რისთვის იქმნება ქალაქების ვირტუალური ორეულები?
ვირტუალური ქალაქები ონლაინ სივრცეებია, რომლებიც ციფრული 3D ორეულების ტექნოლოგიითაა შექმნილი. ეს მხოლოდ მომხმარებლების სასეირნო ადგილები როდია. ასეთი ტექნოლოგია ბევრ რეალურ პრობლემას წყვეტს.

რისთვისაა საჭირო ქალაქების ციფრული ორეულები

მიუხედავად იმისა, რომ „ჭკვიანი ქალაქების“ კონცეფცია დიდი ხანია არსებობს, ციფრული ორეულების შექმნას უფრო მაღალი დონის სარგებელი მოაქვს.

ასეთ „შემცვლელს“ შეუძლია, ფიზიკური ქალაქიდან ინფორმაცია დრონების, სენსორების, მობილური მოწყობილობებისა და საგზაო კამერების გამოყენებით რეალურ დროში შეაგროვოს და დაამუშაოს. მან იცის, როგორ გამოიყენოს IoT-ის (ნივთების ინტერნეტის) ტექნოლოგია , AI (ხელოვნური ინტელექტი) და შეინახოს მონაცემები ბლოკჩეინზე.

გაჩნდა ქალაქები, რომლებიც ციფრულ ორეულებს მეგაპოლისების განვითარებასთან დაკავშირებით სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად უკვე იყენებენ.

ვირტუალური შემცვლელები ძალიან დეტალიზებულია და მათში შედის   ინფრასტრუქტურის ყველა კომპონენტი:

  • საგზაო ქსელები და პარკინგი;
  • კომუნიკაციები;
  • წყალმომარაგების სისტემები;
  • პარკები და სათამაშო ადგილები;
  • სამრეწველო ობიექტები;
  • ქალაქის ტრაფიკი.

ეს ურბანულ დაგეგმარებაში ბევრს ცვლის, რადგან მკაფიოდ გვიჩვენებს, თუ როგორ გავაუმჯობესოთ ენერგოეფექტურობა, დაგეგმოთ ახალი სატრანსპორტო კვანძები, გამოვავლინოთ რაიონები ყველაზე მაღალი ემისიებით და ა.შ.

ქალაქების ხელისუფლებებს შეუძლიათ სტრატეგიულად გამოცადონ თავიანთი ორეულები ბუნებრივი კატასტროფების მოდელირების გზით: მიწისძვრები, ტაიფუნები, წყალდიდობები. ციფრული ქალაქი მათ დაეხმარება, განსაზღვრონ, გაუძლებს თუ არა ფიზიკური განაშენიანება ასეთ დატვირთვას.

ვირტუალური ქალაქების პროექტები ბლოკჩეინზე

მეტავერსის საზოგადოებისთვის დახურულ არეებში დიდი მეგაპოლისების ორეულები უკვე ჩნდება. მათი დეველოპერები სხვადასხვა სისტემებსა და ტექნოლოგიებს იყენებენ, თუმცა არსი იგივეა: ციფრული ასლი ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან დეტალებს ზუსტად უნდა ასახავდეს.

ლონდონი 

მისმა დეველოპერებმა გამოიყენეს სივრცითი კრიპტოგრაფიის ტექნოლოგია 3D Metaverse City, რომელიც კომპანია Nextech-ის ARway-ზეა დაფუძნებული. ლონდონის ვირტუალური მოდელი AR რეკლამის, AR პორტალების და არტ ობიექტების ჰოლოგრამების შესაძლებლობების შესასწავლად შეიქმნა. ბრიტანეთის დედაქალაქის ციფრული ასლი მომავალში კრიპტოვალუტებსა და ბლოკჩეინთან დაკავშირებული გამოფენების, შეხვედრებისა და კონფერენციების ჩატარებას გეგმავს.

სანტა-მონიკა  

სანტა-მონიკა პირველი ამერიკული ქალაქია, რომელმაც მეტავერსის ტექნოლოგიით დაინტერესება გამოთქვა. ქალაქის ხელისუფლება FlickPlay-თან თანამშრომლობს, რათა შექმნას თამაში, რომელშიც კოლექციის ნივთებისა და ტოკენების გამომუშავება და ადგილობრივ საცალო მაღაზიებში გადაცვლაა შესაძლებელი. 
FlickPlay Disney-ს პროგრამის ნაწილია.

მომხმარებლებს, რომლებიც დააინსტალირებენ აპლიკაციას, შეუძლიათ, დაათვალიერონ სანტა-მონიკას ღირსშესანიშნაობები და შეაგროვონ საპრიზო ტოკენები. ზოგიერთი ქვესტის ჯილდოები უპირატესობის სახით აპლიკაციის დამატებით ფილტრებს უზრუნველყოფს. 

ნიუ-იორკი 

ნიუ-იორკი 2021 წელს, კოლუმბიის უნივერსიტეტმა აამოქმედა პროექტი "ჰიბრიდული ორეულები ურბანული ტრანსპორტისთვის", რათა შეემუშავებინა ნიუ-იორკის ძირითადი ადგილების VR მაკეტები. ქალაქი იყენებს მონაცემებს რეალურ დროში, რომლებსაც კრიტიკულად მნიშვნელოვან ადგილებში განთავსებული სენსორებისგან იღებს. პროექტის მიზანი რთულ გზაჯვარედინებზე მოძრაობის ნაკადების ოპტიმიზაციისთვის მანქანური სწავლების გამოყენებაა. 

ტოკიო

2022 წელს, ტოკიოს მერიამ გამოაცხადა, რომ ციფრული ორეულის შექმნას იწყებს, რათა მეტავერსში დედაქალაქის გადატვირთული ქუჩები დაადუბლიროს. ქალაქის მასშტაბით განთავსებული სხვადასხვა სენსორების გამოყენებით, პროგნოზირებენ საცობების, საგანგებო სიტუაციების, ქუჩის განათების შესაძლებლობებსა და შენობებზე რეკლამის განთავსების ეფექტურობას. მთავრობა აცხადებს, რომ პროექტი სრულად 2030 წლისთვის განხორციელდება.

სეული 

სამხრეთ კორეის დედაქალაქმა, სეულმა გასული წლის შემოდგომაზე გამოაცხადა, რომ მზადაა, საკუთარი მეტაქალაქი შექმნას. გამოცხადდა, რომ პროექტის საწყისი ბიუჯეტი $3 მილიონი იქნებოდა. მისი მიზანი ქალაქის მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობებისა და სოციალური ცენტრების მეტავერსში დუბლირებაა.

Metaverse Seoul-ის დანერგვა პროგრამა Vision 2030-ის ნაწილია, რომელსაც აფინანსებს და ზედამხედველობს მერია. მაცხოვრებლებს შეუძლიათ, ქალაქის საჯარო მოხელეების ასლებთან ურთიერთობისთვის ვირტუალური რეალობის სათვალეები გამოიყენონ. ციფრულ გარემოში მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ, მოინახულონ ტურისტული ადგილები და გაერთონ კონცერტებზე.

2023 წლიდან ქალაქი აპირებს, მეტავერსში უზრუნველყოს დამატებითი სერვისები, როგორიცაა სეულის ფარნების ფესტივალი.

სინგაპური 

ციფრული ორეულის კონცეფცია სინგაპურმა ჯერ კიდევ 2015 წელს მიიღო. ეს პიონერი ქალაქია, რომელმაც მეტავერსის ტექნოლოგია დაამკვიდრა. ვინაიდან სინგაპური კუნძულოვანი სახელმწიფოა, აქ ხალხი გლობალურ დათბობასთან დაკავშირებული შესაძლო კატაკლიზმების გამო ყოველთვის წუხს. ციფრულ კუნძულზე ურბანულ გარემოზე ამინდის გავლენას ამოწმებენ. 

უკვე შეიქმნა სტრუქტურა ზღვის დონის აწევის შედეგების გასაანალიზებლად.

გარდა ამისა, სინგაპურიMetaverse-თან დაკავშირებულ სტარტაპებში დიდ თანხებს დებს. NGC Ventures-მა გამოაცხადა, რომ მეტავერსებთან დაკავშირებული ახალი პროექტებისთვის $100  მილიონის ოდენობის ფონდს ქმნის. ისინი ტურისტული ზონებისა და გასართობი ცენტრების ციფრული ასლების შექმნას ეხება.

დუბაი

დუბაის გზებისა და ტრანსპორტის სამმართველომ (RTA) 2022 წლის ნოემბერში გამოაქვეყნა გეგმები, რომლის თანახმად ციფრული ორეული ქალაქის გამოყენება მეტროს ქსელის დუბლირებისთვის იგეგმებოდა. ალგორითმი ყველა სადგურიდან სენსორებით შეგროვებულ მონაცემებს აერთიანებს, დატვირთვის მიხედვით მატარებლის მოძრაობის ინტერვალებს ითვლის და ტექნიკური მომსახურების გრაფიკს ადგენს.

თითოეული ქალაქი მეტავერსის ტექნოლოგიას საკუთარი უტილიტარული მიზნებისთვის იყენებს. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ყველა ორეულს შეუძლია, ფიზიკური ქალაქების განვითარებისთვის შესანიშნავი სტრატეგიული ინსტრუმენტი გახდეს. 

მეტავერსების მომხმარებლები კი, ნამდვილად, დაინტერესდებიან იმ ქალაქების ქუჩებში ხეტიალით, რომლებშიც ისინი, დიდი ალბათობით, რეალურ ცხოვრებაში ვერასოდეს მოხვდებიან.