კეროლაინ ელისონის ადვოკატი SEC-ის ყოფილი ექსპერტი იქნება

ფოტო - კეროლაინ ელისონის ადვოკატი SEC-ის ყოფილი ექსპერტი იქნება
ფედერალური გამოძიების მსვლელობისას Alameda Research-ის CEO-ს ინტერესებს სტეფანი ავაკიანი დაიცავს. საერთაშორისო იურიდიული ფირმა WilmerHale-ის პარტნიორი წარსულში SEC-ის აღსრულების განყოფილების დირექტორი იყო.
Alameda Research-ის ხელმძღვანელმა, კეროლაინ ელისონმა ადვოკატად პროფესიონალი დაიქირავა, რომელსაც ციფრულ აქტივებთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ეს ინფორმაცია, ანონიმურობის პირობით, Bloomberg-ს ინფორმირებულმა პირმა გაანდო. 

ელისონმა, რომელსაც FTX-სა და Alameda Research-თან დაკავშირებულ სიტუაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, საკუთარი ინტერესების დაცვა კომპანია WilmerHale-ის პარტნიორს, სტეფანი ავაკიანს ანდო. მას სამთავრობო და კერძო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცილება აქვს, რომელთა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელმა კომისია (SEC) იმსახურებს. 

SEC-ში კარიერის განმავლობაში, ავაკიანმა გზა გამომძიებლიდან და კომისრის მრჩევლიდან აღსრულების განყოფილების დირექტორამდე გაიარა. მისი ხელმძღვანელობით 1400 მეტმა სპეციალისტმა 3000+ საქმე აღძრა, რომელთა მსვლელობისას დაახლოებით $17 მილიონი ჯარიმის ამოღება და დაზარალებული ინვესტორებისთვის $3,6 მილიარდის დაბრუნება შეძლო. გამოძიებები კრიპტოვალუტებს, ფინანსურ თაღლითობას,  ბუღალტრულ თაღლითობასა და აუდიტს, ინსაიდერულ ვაჭრობასა და კიბერუსაფრთხოებას ეხებოდა. 

კომისიაში მუშაობისას ავაკიანი Ripple Labs-ის, Telegram-ისა და Elon Musk-ის წინააღმდეგ საქმეებში  მონაწილეობდა. WilmerHale-ში   ის ფასიანი ქაღალდებისა და ფინანსური მომსახურების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს.

წყაროები ასევე ამტკიცებენ, რომ ელისონის საქმეში WilmerHale-ის კიდევ ერთი პარტნიორია ჩართული. ეს აშშ-ის ყოფილი პროკურორი ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქში ანჯან საჰნია. ავაკიანთან ერთად ის მანჰეტენში, სამხრეთ ოლქის პროკურატურის ოფისში ვიზიტისას ნახეს. თუმცა დადასტურებული ინფორმაცია, რომ მათი ვიზიტი კონკრეტულად ელისონის საქმეს უკავშირდებოდა, ჯერჯერობით არ არის. 

ანჯან საჰნის სპეციალიზაცია ფასიანი ქაღალდებისა და საქონლის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლა, მათ შორის ბაზრით მანიპულირება, ბუღალტრული თაღლითობა, ფულის გათეთრება, ეკონომიკური სანქციების შესახებ კანონების დარღვევაა. მისი ერთ-ერთი ბოლო გახმაურებული საქმე სისხლის სამართლის ანტიმონოპოლიური პროცესი იყო, რომელიც გამამართლებელი განაჩენის გამოტანით დასრულდა. 

WilmerHale-ის პარტნიორებს კეროლაინ ელისონის საქმესთან მათი კავშირის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ეჭვგარეშეა: წესიერი ოჯახის წარმომავლობის მქონე მათემატიკური ვუნდერკინდის ბედი სანდო ხელშია.

რაც შეეხება სამ ბანკმან-ფრიდს, რომელთანაც ელისონს არა მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა, მან ადვოკატად მარკ ს. კოენი დაიქირავა. ფირმა Cohen & Gresser-ის ხელმძღვანელი დონალდ ტრამპთან მუშაობითა და გისლეინ მაქსველის დაცვითაა ცნობილი, რომელსაც სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობაში ადანაშაულებდნენ.