ვენჩურული ინვესტიციების ბაზარი: dead cat bounce?

ფოტო - ვენჩურული ინვესტიციების ბაზარი: dead cat bounce?
მკვდარი კატის ნახტომი თუ მზარდი ტრენდი? ეს არის კითხვა, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ბევრ ვენჩურულ ინვესტორს უჩნდება Cointelegraph-ის ანგარიშის (ინვესტიციების ზრდა + 168,7%) გამოქვეყნების შემდეგ. სინამდვილეში რას წარმოადგენს მოულოდნელი ზრდა თვეების მანძილზე გაჭიანურებული კლების შემდეგ?
ფინანსისტების სლენგზე, dead cat bounce არის ვარდნაში მყოფი ბაზრის მოულოდნელი, ძალიან ხანმოკლე ასხლეტა ზევით. როგორც ბიზნეს წრეებში ხუმრობენ, მკვდარი კატაც კი ახტება, თუ საკმარისი სიმაღლიდან ჩამოაგდებენ.

უფრო მეტიც, შეერთებულ შტატებში რეცესიის მოლოდინი არ არის განსაკუთრებით ხელსაყრელი სარისკო დაბანდებისთვის, რომელსაც, არსებითად, ვენჩურული ინვესტიციები წარმოადგენენ. ახლა კი თანმიმდევრულად გავაანალიზოთ შექმნილი სიტუაცია.

აპრილის ვენჩურული ლანდშაფტი: 50 გარიგება და 2,71 მილიარდი დოლარის ბიტკოინ-ოფციონი

„ხარები იმედს არ კარგავენ, რადგან ბაზარი გვერდულად მოძრაობს“, მოხსენება ასეთი რომანტიული სათაურით ეძღვნება ბლოკჩეინის ინდუსტრიის დაფინანსებას 2023 წლის მაისის მდგომარეობით.

გვერდულად თუ არაგვერდულად, მაგრამ საშუალოვადიანი მოლოდინები ინდუსტრიისგან, მართლაც, თანდათან უფრო ოპტიმისტური ხდება. აი, მოკლევადიან პერიოდში კი ბაზარი დაძაბული და მოუსვენარი რჩება. ნებისმიერ შემთხვევაში, ანალიტიკოსების აზრით, ახლა არ ღირს მომდევნო Bull Run-ზე გათვლა, მიუხედავად გამოცოცხლების ნიშნებისა.   

როგორც უკვე აღვნიშნეთ, აპრილში ვენჩურულმა ინვესტიციებმა მარტთან მიმართებით 168.7% შეადგინა. ამავდროულად, ინდუსტრიაში მაღალი რისკის მქონე ინვესტიციების ჯამური cashflow 854 მილიონ დოლარამდე გაიზარდა (50 გარიგება).

ლიდერობენ ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში. ინვესტორებმა 451 მილიონი დოლარი ჩადეს AI-თან დაკავშირებული ღრუბლოვანი ტექნოლოგიების, ვიდეო სტრიმინგისა და ვიზუალიზაციის განვითარებაში. კერძოდ, მითითებული თანხის ნახევარი (221 მილიონი დოლარი) ღრუბლოვანი სერვისების პროვაიდერმა CoreWeave-მა მიიღო. მას მოჰყვება ინვესტიციები DeFi-ში (212 მილიონი დოლარი 15 გარიგებაში).

ცალკე უნდა აღინიშნოს NFT სეგმენტის სტაბილურად ცუდი მდგომარეობა. ბაზარი თვიდან თვემდე ეცემა - მაისში აპრილთან შედარებით მინუს 64,79% დოლარში და მინუს 50,91% აქტიური საფულეების მიხედვით.
ინვესტიციები ბლოკჩეინის ინდუსტრიაში 2023 წლის აპრილში წყარო: საინვესტიციო ანგარიში Bulls remain hopeful as market moves sideways

ინვესტიციები ბლოკჩეინის ინდუსტრიაში 2023 წლის აპრილში წყარო: საინვესტიციო ანგარიში Bulls remain hopeful as market moves sideways

ინვესტიციები ბიტკოინ-ოფციონებში გაცილებით შთამბეჭდავად გამოიყურება და თვეში 2,71 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ BTC რჩება წარმოუდგენლად ვოლატილური. ამავდროულად, ახალი BRC-20 სტანდარტის ტოკენებმა, რომლებიც Ordinals პროტოკოლის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის დროს გამოჩნდნენ, უკვე გამოიწვიეს მაინერების საკომისიო შემოსავლების სერიოზული ზრდა.

ვენჩურული კაპიტალის ვარდნის მიზეზი ხუჭუჭა სემია?

ციფრები სხვა რამეზე მეტყველებენ. მოდით, უფრო ახლოდან შევხედოთ ვენჩურული ინვესტიციების დინამიკას 2022 წლის აპრილიდან 2023 წლის აპრილის ჩათვლით, როდესაც მთლიანი კაპიტალის შემოდინებამ ბლოკჩეინ სექტორში შეადგინა $24,82 მილიარდი.

ნუ ვისაუბრებთ იმაზე, ბევრია ეს თუ ცოტა. ინვესტორების მზადყოფნა რისკისთვის მიუთითებს ეკონომიკისადმი მტკიცე რწმენაზე და ნდობაზე ინდუსტრიის მიმართ. ამიტომ, როგორც ამბობენ, ვენჩურული კაპიტალი  ძალიან ბევრი არ არსებობს. სხვა საქმეა, როგორ განაწილდა აღნიშნული თანხა.

მთლიანი თანხის 75% (19,73 მილიარდი დოლარი) ამ პერიოდის პირველ ექვს თვეზე მოდის. და მათგან 15 მილიარდი დოლარი 2022 წლის აპრილ-ივნისზე.

არსებობს მოსაზრება, რომ ვენჩურული ინვესტიციების დონე დაეცა FTX კრიპტოვალუტური ბირჟის გაკოტრების შედეგად.

დიახ, გიგანტის ნგრევამ ნამდვილად იმოქმედა მთელ ბაზარზე, მაგრამ არა ამ შემთხვევაში. ვენჩურულმა კაპიტალმა ვარდნა გაცილებით ადრე დაიწყო - უკვე 2022 წლის აპრილ-ივლისში ბაზარი ყოველთვიურად კარგავდა ინვესტიციების მოცულობის 30-50%-ს.

2022 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ინვესტიციების მოცულობამ გადალახა 1 მილიარდი დოლარის ფსიქოლოგიური ზღვარი (ოქტომბრის თანხა 0,84 მილიარდი დოლარი იყო) და უკან აღარ დაბრუნებულა. იმავდროულად, FTX-ის გაკოტრებამდე ჯერ კიდევ ერთი თვე რჩებოდა (ის გამოცხადდა 2022 წლის ნოემბერში). მაშინ მსოფლიოში სიდიდით მეორე კრიპტოვალუტური ბირჟა (ზოგიერთი წყაროს მიხედვით, მესამე) ფულში ცურავდა (აქტივების ღირებულება პიკზე 32 მილიარდი დოლარი იყო).

ეჭვგარეშეა, FTX-ის გაკოტრებამ განაპირობა ის, რომ ვენჩურული ინვესტიციები კიდევ უფრო მნიშვნელოვნად დაეცა (2023 წლის იანვარში 0,46 მილიარდ დოლარამდე). მაგრამ არც ჩამოშლილი FTX და არც ხუჭუჭა თაღლითი სემი, ცხადია, არ გამხდარა დაცემის მთავარი მიზეზი.
გლობალური ვენჩურული ინვესტიციები ბლოკჩეინის ინდუსტრიაში, მილიარდი აშშ დოლარი წყარო: საინვესტიციო ანგარიში Bulls remain hopeful as market moves sideways

გლობალური ვენჩურული ინვესტიციები ბლოკჩეინის ინდუსტრიაში, მილიარდი აშშ დოლარი წყარო: საინვესტიციო ანგარიში Bulls remain hopeful as market moves sideways

გაცოცხლდება მკვდარი კატა?

თუმცა, რაც იმედს არ გვაკარგვინებს არის ვენჩურული ინვესტიციების ოდენობის ანალიზი უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (თითქმის ორი წლის განმავლობაში). ანალოგიური ვითარება ბაზრის ვარდნასთან დაკავშირებით ერთი წლის წინაც დაფიქსირდა, რის შემდეგაც ინვესტორები მკვეთრად გააქტიურდნენ.

ვენჩურული ინვესტიციების ზრდა 2023 წლის აპრილში თითქმის 1 მილიარდ დოლარამდე, შეიძლება იყოს გასული წლის სიტუაციის განმეორების ნიშანი.

მაგრამ, როგორც ავტორები ამბობენ, ასეთი ზრდა, იმის მიუხედავად, რომ წინსვლის კარგი ნიშანია, სამწუხაროდ, ტენდენცია არ არის. იმის მტკიცებისთვის, რომ ტენდენცია შეიცვალა, ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი ინვესტიციების ფაქტები. ისინი ანგარიშში არ არის ნახსენები.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ავტორები ცხადყოფენ, რომ, დიდი ალბათობით, ეს „კატა“ არასაკმარისი სიმაღლიდან გადმოვარდა და ჯერ არ აპირებს ახტომას. ისინი სამართლიანად აღნიშნავენ, რომ მაკროეკონომიკური პირობები არ შეცვლილა ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში და არავინ არის, ვინ წასწევს წინ ვენჩურული ინვესტიციების მანქანას კრიპტობაზარზე. მეორე მხრივ, ძირითადი ბაზრების რეგულაციების თანდათანობითი გამკაცრება, FTX-ის გაკოტრებასთან ერთად (რომელსაც ვერსად დაემალები), არ უწყობს ხელს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას.