როგორ შევამოწმოთ ტოკენი თაღლითობაზე?

ფოტო - როგორ შევამოწმოთ ტოკენი თაღლითობაზე?
ლეგიტიმური ტოკენები, ძირითადად, ბლოკჩეინ პროექტების სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება. თუ არის სწრაფი გამდიდრების დაპირებები და ზღაპრები იმის შესახებ, რომ ტოკენი თქვენი კეთილდღეობისთვისაა შექმნილი, ეს თაღლითობის მთავარი ნიშანია.
პრობლემა ისაა, რომ ყველა თაღლითური პროექტი პოპულარიზაციის ასეთ აშკარა გზას არ ირჩევს. ბევრი ახერხებს, თავი მომგებიანად გაასაღოს და საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად მუშაობს. მათი გამოაშკარავება მხოლოდ დროს, ასევე კრიტიკული აზროვნებისა და პროგრამირების ცოდნის მქონე გამჭრიახ მომხმარებლებს შეუძლიათ. 

უფრო მარტივი თაღლითური ტოკენების იდენტიფიცირება რთული არ არის. თქვენ ხელმისაწვდომი ინსტრუმენტების დახმარებით მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადადგათ, რათა მათი რეალური სახე დაინახოთ.

ისარგებლეთ ტოკენების ანალიზის ინსტრუმენტებით

თუ ტოკენი, რომლის გადამოწმებაც გსურთ, Ethereum ქსელში ამოქმედდა, სერვისი Etherscan გამოიყენეთ. მთავარ გვერდზე, საძიებო ზოლში ჩასვით მისი სახელი და დაიწყეთ ძებნა. თქვენ შეძლებთ, გაიგოთ მთავარი მფლობელების მისამართები, ნახოთ შესრულებული ტრანზაქციები და რაც მთავარია, გაარკვიოთ დამალულია თუ არა ტოკენის კოდი. 

თუ ის ვერიფიცირებული არ არის, მაშინ, დიდი ალბათობით, საქმე თაღლითობასთან გაქვთ. როგორც წესი, თაღლითები არ აქვეყნებენ ამ ინფორმაციას, რადგან ამ შემთხვევაში მათი სწრაფად მხილებაა   შესაძლებელი.


Etherscan-ის მსგავსი ზოგიერთი ინსტრუმენტი:

  • BscScan. ალტერნატიული ფუნქციონალი BNB ქსელში ამოქმედებული ტოკენებისთვის.
  • Smell Test. სერვისი, რომელიც მონეტების აუდიტს კრიპტობაზარზე  ავტომატურად ატარებს. რაც უფრო დაბალია შეფასება, მით უფრო სავარაუდოა, რომ ეს არის თაღლითობა.
  • DEXtools. კრიპტოვალუტის ბაზრის მონიტორინგი რეალურ დროში. ეს მონიტორინგის გზით, ტოკენის ღირებულების დადგენას შეუწყობს ხელს.

წაიკითხეთ მომხმარებელთა გამოხმაურებები

თუ ქსელში ადამიანების დიდი რაოდენობა უარყოფითად საუბრობს კონკრეტულ ტოკენზე, ნუ უგულებელყოფთ ამ გაფრთხილებას. არ არის საკმარისი მტკიცებულება? სთხოვეთ მომხმარებელს თავისი პოზიციის არგუმენტირება, ალბათ ის გაგიზიარებთ ფაქტებს და გეტყვით, რატომ მივიდა ამ დასკვნამდე. გამოხმაურების მოსაძიებლად შეგიძლიათ, გამოიყენოთ ფორუმი Reddit, Twitter და ადამიანების კომენტარები პროექტის სოციალურ ქსელებში.

ნახეთ, არის თუ არა ტოკენი ბრაუზერებსა და ბირჟებზე

ზოგჯერ თაღლითობა იმდენად აშკარაა, რომ თაღლითებს ტოკენის ლისტინგი არც კი ადარდებთ. თუ აქტივი არ არის წარმოდგენილი ისეთ ვებგვერდებზე, როგორიცაა CoinMarketCap და CoinGecko, მისგან თავი შორს დაიჭირეთ. თუმცა, ტოკენის  ბრაუზერებში არსებობა მისი უსაფრთხოების გარანტიას არ იძლევა.

ასევე შეგიძლიათ, შეიხედოთ GitHub-ის შავ სიაში, რომელიც პლატფორმამ Dapp Radar შექმნა. იქ წარმოდგენილია ტოკენების  უამრავი მისამართი, რომლებიც უკვე შემოწმებულია და ნამდვილად არის თაღლითობა.

თუ აქტივი მხოლოდ დეცენტრალიზებულ ბირჟებზეა წარმოდგენილი, ესეც მისი გაყიდვის გადადების მიზეზია.

შეისწავლეთ ლიკვიდობა და ტრანზაქციები

ლიკვიდობა პასუხისმგებელია იმაზე, თუ რამდენად მარტივად და სწრაფად შეუძლია მომხმარებელს ტოკენით ვაჭრობა. ამიტომ, ყველაზე ლიკვიდურად მაღალი სავაჭრო მოცულობის ტოკენები ითვლება. ეს მონაცემები ყველა ბირჟასა და ტოკენის ბრაუზერებზეა წარმოდგენილი. თუ ლიკვიდობა მცირეა და მუდმივად მცირდება, პროექტი შეიძლება იყოს თაღლითური.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია სხვა მაჩვენებლებიც. შეამოწმეთ ტრანზაქციების მოცულობა და მათი რაოდენობა, საფულეები, რომლებიც სმარტ კონტრაქტებთან ურთიერთქმედებენ. თუ მაჩვენებლები საკმაოდ დაბალია, უმჯობესია არ გარისკოთ. 

საბოლოო ჯამში, თუ გსურთ, თაღლითობისგან თავი დაიზღვიოთ, ახლად გაჩენილ პროექტებს მოერიდეთ. ანალიტიკური კომპანია Solidus Labs-ის მონაცემებით, 2022 წელს კრიპტობაზარზე 117 ათასზე მეტი თაღლითური ტოკენი შეიქმნა, რომლებიც Rug Pull-ის სქემით მოქმედებდნენ.

უფრო ვრცლად კრიპტოვალუტების ანალიზის შესახებ აქ წაიკითხავთ. თემაში სრულად გასარკვევად, გაეცანით მასალას „რა თვისებები აქვს შითკოინებს?“.