Aura Blockchain: luxury-ინდუსტრიის ახალი რეალობა

icon FOR
ფოტო - Aura Blockchain: luxury-ინდუსტრიის ახალი რეალობა
ბლოკჩეინი არის ტექნოლოგია, რომელიც აქტიურად ინერგება ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, IT-ით დაწყებული, მედიცინით დამთავრებული. გამონაკლისი არც ფუფუნების ინდუსტრიაა. 2021 წელს მდიდრული ბრენდები გაერთიანდნენ ბლოკჩეინის გადაწყვეტილების შესაქმნელად, რომელსაც პრემიუმ სეგმენტის სტანდარტები უნდა აემაღლებინა.
Aura Blockchain არის ბლოკჩეინ კონსორციუმი, რომელიც 2021 წლის აპრილში LVMH Moët Hennessy-ის, Prada Group-ის, Cartier-ის და Richemont-ის ნაწილის მიერ დაარსდა. ოქტომბერში ჩამოთვლილ ლუქს ბრენდებს ჰოლდინგური კორპორაცია OTB Group შეუერთდა, 2022 წლის გაზაფხულზე კი - Mercedes-Benz.
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

Aura Blockchain-ის მისია luxury ინდუსტრიის სტანდარტებისა და მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის ამაღლებაა. ამისთვის, მდიდრული ბრენდების პირველი არაკომერციული ასოციაცია გეგმავს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებასა და მდგრადი და გამჭვირვალე ბიზნეს მოდელის განვითარებას.

როგორ მუშაობს Aura Blockchain-ის კონსორციუმი

პროექტი ინდუსტრიის ყველა მონაწილისთვის ღიაა. კონსორციუმში გაწევრიანება შეუძლიათ მსხვილ და მცირე ბრენდებს, ტექნიკურ პარტნიორებს, ასევე მიწოდებისა და გასაღების ექსპერტებს. Aura Blockchain გთავაზობთ წევრობისა და თანამშრომლობის სხვადასხვანაირ ვარიანტს, მათ შორის დარგობრივი და სამთავრობო ორგანიზაციებისთვის, სავაჭრო ასოციაციებისთვის, პარტნიორებისთვის ფინანსური, ტექნოლოგიური და ინფრასტრუქტურული ეკოსისტემების ჩამოყალიბების პროცესში. საზოგადოება მიესალმება ფუფუნების საგნების წარმოებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპის წარმომადგენლებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გაყიდვის, ყიდვის, ფლობის, გადაყიდვისა და გადამუშავების პროცესების გაუმჯობესებით.

პლატფორმა დაფუძნებულია Quorum-ის ბლოკჩეინზე. მისი მუშაობის მხარდასაჭერად, თითოეულმა ბრენდმა, სულ მცირე, ორი კვანძი უნდა მართოს. ბლოკჩეინი საერთო რეესტრს უჭერს მხარს და მონაწილეთა მიერ მოწოდებული ქსელური კონსენსუსის მიხედვით ახლდება. პროექტის ცენტრალიზებული კომპონენტი მოიცავს ოფჩეინ სერვისებს (მათ შორის API-ინტერფეისებს), ინტერფეისულ აპლიკაციებს კლიენტებთან ურთიერთქმედებისთვის და ბლოკჩეინ  სერვისებს, რომლებიც ასრულებენ შუამავლების როლს ბლოკჩეინსა და გარე აპლიკაციებს შორის.
წყარო: auraluxuryblockchain.com

წყარო: auraluxuryblockchain.com

შესაძლებლობები ბრენდებისთვის

Aura Blockchain ლუქს ინდუსტრიის წარმომადგენლებს ინდუსტრიის ძირითადი პრობლემების გადაჭრასა და თანამედროვე კლიენტების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსვლას სთავაზობს. პროექტის უპირატესობები მოიცავს:

  • გამოყენების სიმარტივე და პლატფორმის მოქნილობა. პროექტში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ ბრენდს, რომელსაც ადრე ბლოკჩეინ ტექნოლოგიასთან არ უმუშავია. ამავდროულად, პლატფორმა შეძლებს დააკმაყოფილოს თითოეული მომხმარებლის მოთხოვები, მრავალფეროვანი ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მეშვეობით;
  • მონაცემთა გარანტირებული დაცვა. ინფორმაციის კრიპტოგრაფიული დაცვის წყალობით, ყველა ბრენდის ინფორმაცია უსაფრთხოდ არის შენახული, მისი კონტროლი და სერტიფიცირება მთელს მსოფლიოშია შესაძლებელი;
  • პროდუქტის სრული სასიცოცხლო ციკლის მოცვა. პლატფორმა საშუალებას გაძლევთ, მიიღოთ ინფორმაცია ფუფუნების საგნის არსებობის ყველა ეტაპის შესახებ, წარმოებიდან გადამუშავებამდე. გათვალისწინებულია მეორადი ბაზრის კონტროლის შესაძლებლობაც;
  • მომხმარებლებთან პირდაპირი ურთიერთქმედება, რაც უზრუნველყოფს უნაკლო სერვისის მიწოდებასა და დახმარებას ნებისმიერი საკითხის გადაჭრაში (ელექტრონული გარანტიის მიღება, პროდუქტის მოვლა და ა.შ.);
  • წამყვან ლუქს ბრენდებთან კოლაბორაცია;
  • ნახშირბადის ნეიტრალიტეტი და 2025 წლისთვის 100%-ით განახლებად ენერგიაზე გადასვლა.

შესაძლებლობები კლიენტებისთვის

ფუფუნების საგნების მოყვარულებს Aura Blockchain-ის გამოყენება შეუძლიათ შემდეგი მიზნებისთვის:

  • ნამდვილობის დადასტურება. კონსორციუმში გაწევრიანებული ლუქს ბრენდების ყველა პროდუქტს ახლავს უნიკალური სერტიფიკატი, რომელიც იძლევა ნამდვილობის და ინდუსტრიის სტანდარტებთან შესაბამისობის გარანტიას;
  • მიწოდების გამჭვირვალე ჯაჭვის გაცნობა. პლატფორმა კლიენტებს უხსნის პროდუქტის სასიცოცხლო ციკლს, ნედლეულის მოპოვებით დაწყებული, გაყიდვების შემდგომი მომსახურებითა და გადამუშავება/გადაყიდვით დამთავრებული;
  • საკუთრების უფლების გადაცემა. სურვილის შემთხვევაში, მფლობელს შეუძლია  ზედმეტი სირთულეების გარეშე გადასცეს პროდუქტზე საკუთრების უფლება, მაგალითად, მისი ჩუქების გზით;
  • პირდაპირი კომუნიკაცია ბრენდებთან, მათ შორის საზოგადოების ცხოვრებაში მონაწილეობა, ღონისძიებებზე პერსონალური მოსაწვევების მიღება, გაყიდვების შემდგომი მომსახურება.

ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება და პროცესების სრული გამჭვირვალობა luxury-ინდუსტრიაში ნებისმიერი ბრენდის უდავო უპირატესობაა. სწორედ ამიტომ, ლუქს სეგმენტის წარმომადგენლები ცდილობენ, დროებით გვერდზე გადადონ ამბიციები და ლიდერობისკენ სწრაფვა და გაერთიანდნენ ფუფუნების სამყაროს გასაუმჯობესებლად.