ბაიდენმა კრიპტოინდუსტრიას განაჩენი გამოუტანა

ფოტო - ბაიდენმა კრიპტოინდუსტრიას განაჩენი გამოუტანა
მარტის ეკონომიკურმა ანგარიშმა აშშ-ის პრეზიდენტის მხერიდან კრიპტოვალუტის მიმართ დამოკიდებულების საკითხს ნათელი მოჰფინა. თეთრი სახლის ექსპერტთა ვერდიქტი კატეგორიულია: კრიპტოაქტივები მხოლოდ ფინანსური სპეკულაციებისთვის თუ გამოდგება.
ყოველწლიური „ეკონომიკური ანგარიში“ - შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროგრამული დოკუმენტია. მისი მიზანია თეთრი სახლის პოლიტიკის განმარტება ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებთან მიმართებაში. წლევანდელი ანგარიში 9 ნაწილისგან შედგება. ერთ-ერთი მათგანი - „ციფრული აქტივები: ეკონომიკური პრინციპების ხელახალი  კვლევა“, კრიპტოინდუსტრიისთვის გამანადგურებელ დასკვნებს შეიცავს. ანგარიშის ყურადღებით შესწავლის შემდეგ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უახლოეს თვეებში აშშ-ის მარეგულირებლების მხრიდან კრიპტოსექტორის შევიწროება მხოლოდ გაძლიერდება.

კრიპტიაქტივები — მოსალოდნელი ფინანსური კრიზისის შესაძლო მიზეზი

საკუთარი ანგარიში თეთრმა სახლმა მჭერმეტყველური ეკონომიკური ექსკურსით დაიწყო. ეკონომისტებმა გაიხსენეს, რომ ფინანსური კრიზისების მიზეზი აშშ-ში ადრეც ხდებოდნენ მოთამაშეები, რომლებიც მეტ-ნაკლებად მოგვაგონებენ კრიპტოვალუტების ბაზრის დღევანდელ მონაწილეებს.

ასე, მაგალითად, 1907 წლის საბანკო პანიკა არასისტემური სატრასტო კომპანიების გაუაზრებელმა ფინანსურმა პოლიტიკამ გამოიწვია. მაშინ მეანაბრეებმა მასიურად დაიწყეს თავისი ფულის გამოტანა ჯერ სატრასტო კომპანიებიდან, ხოლო მოგვიანებით საბანკო დაწესებულებებიდანაც. აუცილებელი გახდა ჯონ პირპონტ მორგანის ჩარევა, რომელიც კომპანიების JPMorgan Chase -ის და Morgan Stanley-ის დამაარსებელია. მორგანმა  ჩაძირვის პირას მყოფი ზოგიერთი ბანკის გამყარებაში მნიშვნელოვანი კაპიტალი ჩადო და სხვა ბანკირები იგივე ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობაში დაარწმუნა. მაგრამ ქვეყნის მთელი საბანკო სისტემის გადარჩენა ფინანსური მაგნატებისთვის საინტერესო არ იყო.

წარსულის პოლიტიკოსებმა გააცნობიერეს: კრიზისის შემთხვევაში არა პერსონალიების, არამედ ინსტიტუციების იმედი უნდა იქონიოთ, რომლებიც საზოგადოების ინტერესებს დაიცავენ. შედეგად შეიქმნა  ფედერალური სარეზერვო სისტემა, რომელიც მას შემდეგ აშშ-ის ფულად-საკრედიტო პოლიტიკას განსაზღვრავს.

„წარმოვიდგინოთ, რომ 100 წელი გავიდა. და დღესაც, ციფრული აქტივების მომხრეები  დეცენტრალიზებული ფინანსური სისტემის შექმნას ცდილობენ მთავრობაზე და ნორმატიულ-სამართლებრივ ბაზაზე დაყრდნობის გარეშე, რომელიც ჩამოყალიბდა წინა კრიზისებიდან მიღებული მნიშვნელოვანი გაკვეთილების საფუძველზე“, - მოჰყავთ ანალოგიები თეთრ სახლში.

კრიპტოაქტივების რეალობა: თეთრი სახლის ხედვა

კრიპტოს ყველა ცნობილი ეკონომიკური უპირატესობის ჩამოთვლის შემდეგ (დეცენტრალიზებული შენახვა, მოქალაქეების წვდომის გაფართოება ფინანსურ მომსახურებაზე და ა.შ.) თეთრ სახლში კატეგორიულად აცხადებენ, რომ კრიპტოვალუტას არცერთი ეს თვისება არ გააჩნია.

ისინი განმარტავენ, რომ  კრიპტოაქტივები სინამდვილეში სპეკულატიური საინვესტიციო ინსტრუმენტებია. მტკიცებულების სახით ანგარიშის ავტორები წარადგენენ სხვადასხვა აქტივის  ვოლატილობის დინამიკას ბოლო 5 წლის განმავლობაში.

კრიპტოაქტივების ვოლატილობა ზოგიერთ ტრადიციულ აქტივთან შედარებით, 2017-2022 წწ.

კრიპტოაქტივების მაღალი ვოლატილობის მიზეზი მათი ფუნდამენტური ღირებულების არაარსებობაა (განსხვავებით აქციებისგან, ოქროსგან, ვერცხლისგან და ა.შ.).

გარდა ამისა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ: ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კრიპტოვალუტებს არ გააჩნიათ ფუნდამენტური ღირებულება,  საცალო ინვესტორებისგან იმალება. მიზეზი არის ინდუსტრიაში გავრცელებული თაღლითობა და კანონის მოთხოვნების მასიური შეუსრულებლობა.
არაუზრუნველყოფილი კრიპტოაქტივები ივაჭრება ფუნდამენტური მიბმის გარეშე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათი საბაზრო ფასები მხოლოდ სპეკულაციურ მოთხოვნას ან ბაზრის განწყობას ასახავს
, - აცხადებენ თეთრ სახლში.

კრიპტოინდუსტრიის რისკები, რომლებიც შემდგომ შესწავლას საჭიროებს

ამავე დროს, ანგარიშის ავტორები იძულებულები არიან აღიარონ, რომ კრიპტოკომპანიების ბრუნვა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგალითად, 10 უმსხვილესი კრიპტოპლატფორმის ერთობლივი ბრუნვა დღეში დაახლოებით 91 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს (2023 წლის 18 იანვრის მდგომარეობით).

აქ ანალიტიკოსებმა თავი ვერ შეიკავეს და კრიპტობირჟა Binance მოიკითხეს.  მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ის უარს ამბობს ადეკვატური და სანდო ინფორმაციის მიწოდებაზე მარეგულირებელი ორგანოების მოთხოვნების საპასუხოდ.

საერთო ჯამში, კრიპტობირჟების საბაზრო წარმატებებს ბაიდენის ადმინისტრაცია ასევე განიხილავს, როგორც  რისკებს. მაგრამ ამ რისკების ბუნების თაობაზე ექსპერტებს ჯერ ერთიანი აზრი ჩამოყალიბებული არ აქვთ.  

ტოპ-10 კრიპტოპლატფორმა

არასანუგეშო დასკვნები

დასკვნით ნაწილში, ანგარიშის ავტორები, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, კრიპტოსექტორის გარდაუვალ ვარდნას პროგნოზირებენ, რადგანაც კრიპტოაქტივები:

  • არ გვთავაზობენ ფართომასშტაბიან ეკონომიკურ უპირატესობებს;
  • არ არის ფიატის ვალუტის ეფექტიანი ალტერნატივა;
  • ძალიან სარისკოა საიმისოდ, რომ ფართოდ გავრცელებულ  გადახდის ინსტრუმენტად იქცეს.

გამოსავალი არის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის შემოღება, ასევე FedNow-ის, Fed-ის გადახდის სისტემის დანერგვა (მისი გაშვება  2023 წლის ზაფხულშია მოსალოდნელი).
FedNow-ს და აშშ-ის პოტენციურ CBDC-ს შეუძლია დაეხმაროს აშშ-ს ფინანსური ინფრასტრუქტურის ციფრულ ეპოქაში გადატანას მარტივი და გასაგები გზით, კრიპტოაქტივებთან დაკავშირებული რისკებისა და ირაციონალური სიუხვის გარეშე
, - გვპირდებიან ბაიდენის წარმომადგენლები.
მაგრამ ჯერ კიდევ ნაადრევია იმის შიში, რომ ამ გამანადგურებელი ანგარიშის შემდეგ,  აშშ-ში კრიპტოვალუტა უბრალოდ აიკრძალება. კარგი ამბებიდან - თეთრ სახლში განწირულად აცხადებენ: „ზოგიერთი კრიპტოაქტივი, როგორც ჩანს, არსად წავა და ფინანსური ბაზრებისთვის,  ინვესტორებისა და მომხმარებლებისთვის რისკების შექმნას გააგრძელებს“. მაგრამ, ისინი გვპირდებიან, რომ მარეგულირებლები  თავიანთ შესაძლებლობებს გააფართოვებენ და საბოლოოდ უზრუნველყოფენ ხელისუფლების ყველა მოთხოვნასთან შესაბამისობას.