BITCOIN TOWER: BTC საკუთარ თავს HoReCa-ს სეგმენტში ეძებს
მსოფლიო მალე დუბაიში ინოვაციური BITCOIN TOWER-ის მშენებლობის მომსწრე გახდება. ეს ამავე სახელწოდების სასტუმროების ქსელის პირველი ობიექტი იქნება.
ამ შთამბეჭდავი პროექტის ავტორებმა გადაწყვიტეს, ეჩვენებინათ, როგორი იქნებოდა ბიტკოინი, სატოში ნაკამოტოს ის ცნობილი აღმოსავლური სტუმართმოყვარეობის ცენტრად რომ ჩაეფიქრებინა. არაბთა გაერთიანებული საამიროების სურვილის ფონზე, გახდეს გლობალური კრიპტოვალუტური ჰაბი, მის დედაქალაქში მდებარე მდიდრული სასტუმრო მსოფლიოში #1 კრიპტოვალუტის სიმბოლოდ იქცევა.
ამიტომ, პროექტს, ფაქტობრივად, გაძეძგავენ ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებით, ბლოკჩეინით დაწყებული, BITCOIN TOWER-ის ცხოვრების ყველა ასპექტში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დამთავრებული. სასტუმროების ქსელს ასევე სურს, წაახალისოს თავისი მომხმარებლები NFT-ების განაწილებით, რომლებიც ასეთი ტოკენების მფლობელებს ექსკლუზიურ უპირატესობებს მიანიჭებს. ექსკლუზიური კოლექცია BITCOIN TOWER-ის არქიტექტურულ მახასიათებლებსა და ინტერიერის დიზაინის დეტალებს ასახავს. NFT-ის შექმნაზე უკვე მუშაობს მხატვრების, არქიტექტორებისა და კრიპტოენთუზიასტების ჯგუფი.
BITCOIN TOWER-ში გაჩერების გადახდის ორგანიზება იგეგმება კრიპტოსტეიკინგის სახით, რომელიც სტუმრებისთვის APY-ს (წლიური საპროცენტო შემოსავალი) გენერირებას მოახდენს.
ეს იქნება პირველი სასტუმრო, რომელიც არამარტო დაგიბრუნებთ ხარჯებს, არამედ მოგცემთ პროცენტსაც, — ამბობს პროექტის ავტორი სალვატორე ლეგიერო.
კომპანია Metaverse Investments LLC-ში კი, რომელიც BITCOIN TOWER-ის ინვესტორი გახდა, აცხადებენ, რომ სტუმართმოყვარეობისადმი ასეთი ინოვაციური მიდგომა ადამიანებს კრიპტოვალუტაში ჩაფლობისა და მათი უკეთ გაგების საშუალებას მისცემს.
პროექტი BITCOIN TOWER მეტავერსში წყარო: Cointelegraph
BITCOIN TOWER-ის პროექტის განსახორციელებლად სალვატორემ ცნობილი არქიტექტორი სიმონე მიკელი (Simone Micheli) მოიწვია. მას ურბანული დაგეგმარების სფეროში 33 წლიანი გამოცდილება და არაჩვეულებრივი საერო და რელიგიური შენობების შექმნისთვის დიდი აღიარება აქვს მოპოვებული. მიკელი ხედავს BITCOIN TOWER-ს, როგორც გრანდიოზულ 40-სართულიან შენობას, რომელიც სატოში ნაკამოტოს ღირებულებებს განასახიერებს. გარდა ამისა, სასტუმროს დაპროექტება მიმდინარეობს COP28-ის (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონფერენცია კლიმატის ცვლილების შესახებ) სამიტის წინ, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს დუბაიში გაიმართება. ამიტომ, დეველოპერები მშენებლობაში გამოსაყენებელი მასალების ეკოლოგიურობასა და CO2-ის ნულოვანი ემისიის პრინციპებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ.
მე ვთავაზობ რევოლუციას უძრავი ქონების სფეროში, ხიდს, რომელიც ციფრული და ფიზიკური საკუთრების სფეროებს აკავშირებს. BITCOIN TOWER იქნება კარიბჭე ყველასთვის, ვისაც სურს, მონაწილეობა მიიღოს ამ ტრანსფორმაციულ რევოლუციაში, — ასკვნის სალვატორე.