შეუძლია თუ არა CBDC-ს კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა?

ფოტო - შეუძლია თუ არა CBDC-ს კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა?
ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტების (CBDC) გამოყენება სულ უფრო ფართო გავრცელებას პოულობს, რაც იწვევს საზოგადოების სერიოზულ შეშფოთებას. გადახდების გაცვლის ახალი გზა ხომ ხელისუფლებას ტრანზაქციების ცენზურირების, ასევე მოქალაქეთა სახსრების მოძრაობის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას მისცემს.
კონფიდენციალურობის საკითხი ყველაზე აქტუალურია, რადგან ბანკებსა და გადახდის სერვისის პროვაიდერებს მომხმარებლის მონაცემების კონტროლი შეუძლიათ, ჰაკერული თავდასხმის შემთხვევაში ისინი სულაც შეიძლება კრიმინალების ხელშიც კი აღმოჩნდეს.

კონფიდენციალურობა თანამედროვე რეალობაში

სინამდვილეში, გადახდის ტრადიციულ სისტემას კონფიდენციალურობის მაღალი ხარისხი არ გააჩნია. თითოეულმა ადამიანმა საბანკო სერვისებით სარგებლობამდე უნდა გაიაროს პიროვნების ვერიფიკაცია, მისი პერსონალური მონაცემები კი გადაეცემა ტრანზაქციების დამუშავებაში ჩართულ შუამავლებს.

ევროკავშირის ერთ-ერთი ბოლოდროინდელი კვლევის მიხედვით, ციფრული გადახდების მოცულობამ ნაღდი ანგარიშსწორების მოცულობას პირველად გადააჭარბა. თუმცა, კვლევამ აჩვენა, რომ მოქალაქეები ძალიან აფასებენ მაღალ კონფიდენციალურობას, რომელიც ნაღდი ანგარიშსწორებისას არის დაცული.

თუმცა, გადახდების კონფიდენციალურობის მაღალ ხარისხს აქვს თავისი ნაკლი, რის გამოც ფინანსური ინსტიტუტებისთვის რთულია, დააკმაყოფილონ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ჯგუფის სტანდარტები, რომელიც ასევე ტერორიზმის დაფინანსებასა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებას ებრძვის.

რამდენიად კონფიდენციალურია CBDC?

ჯერჯერობით ცენტრალური ბანკების ციფრულ ვალუტებს არ გააჩნიათ ერთიანი სტანდარტი, ამიტომ კონფიდენციალურობის ხარისხი შეიძლება განსხვავდებოდეს იურისდიქციის მიხედვით. მაგალითად, ევროპის ცენტრალური ბანკი ციფრული ევროთი შესრულებული ტრანზაქციებისთვის ხედავს კონფიდენციალურობის შემდეგ შესაძლო ფორმებს:

• სრული გამჭვირვალობა - გულისხმობს ცენტრალური ბანკისთვის ტრანზაქციის ყველა დეტალის ხილვადობას, KYC მონაცემების ჩათვლით. 

• გამჭვირვალობა შუამავლებისთვის - გულისხმობს იგივე ზემოთ ნახსენები მონაცემების ნახვის შესაძლებლობას, მაგრამ მხოლოდ ტრანზაქციებში მონაწილე კონტრაგენტებისთვის;

• კონფიდენციალურობის გარკვეული ზღვრით - გულისხმობს კონფიდენციალურობის მაღალ ხარისხს მცირე ტრანზაქციებისა და გამჭვირვალობას დიდი რაოდენობის ფულით შესრულებული ტრანზაქციების შემთხვევაში;

• გაუმჭვირვალობა მესამე მხარესთვის - ითვალისწინებს გადახდების მონაცემების გაუმჟღავნებლობას როგორც ცენტრალური ბანკისთვის, ასევე შუამავლებისთვის, რომლებიც ტრანზაქციების შესრულებას უზრუნველყოფენ. ანუ ეს კონფიდენციალურობის იგივე ხარისხია, რაც ნაღდი ფულის შემთხვევაში.

კონფიდენციალურობისთვის გარკვეული ზღვრის ვარიანტი მისაღებ კომპრომისად გამოიყურება. მისი გამოყენება უკვე დაიწყეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა ჩინეთი, ბაჰამის კუნძულები და ნიგერია. თუმცა, ამ უკანასკნელმა ცოტა ხნის წინ თავისი CBDC-ის პროექტის ჩავარდნა აღიარა. ამის შესახებ შეგიძლიათ ჩვენს ცალკე სტატიაში წაიკითხოთ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თანხის ოდენობის მიუხედავად,  მარეგულირებლისათვის საინტერესო ყველა ტრანზაქცია შეიძლება გაკონტროლდეს.

ახალი კომპრომისული მიდგომები

უკვე არსებობს გარკვეული კონცეფციები (როგორც პროგრამული, ასევე აპარატული), რომლებიც საკანონმდებლო რეგულაციების დაცვის შემთხვევაში, ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტების კონფიდენციალურობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. აი, ზოგიერთი მაგალითი:

• CBDC სისტემა სახელწოდებით eCash 2.0, რომელიც ბრმა ხელმოწერებს იყენებს. ამ შემთხვევაში, ტრანზაქციები არ კონტროლდება, მაგრამ ცენტრალური ბანკი აწარმოებს მონეტების ყველა იდენტიფიკატორის აღრიცხვას. ფულის მოპარვის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია, უარი თქვას კონფიდენციალურობაზე და მისცეს სამართალდამცავ ორგანოებს ფულის მიკვლევის უფლება. შვეიცარიაში ამ სისტემის შექმნა და ტესტირება უკვე ინიცირებულია.

• აპარატული საფულეები ბარათების, ან მობილური აპლიკაციების სახით, სადაც CBDC მონეტები ლოკალურად ინახება, რაც ოფლაინ ტრანზაქციების შესრულების საშუალებას იძლევა. ცენტრალური ბანკის მოთხოვნით, ფიზიკური პირის იდენტიფიკაცია შეიძლება დადგინდეს თითო ადამიანზე ერთი საფულის გამოყენების პოლიტიკის, ან სხვა ლიმიტების განსახორციელებლად, როგორიცაა ხელთ არსებული ვალუტის ოდენობა, ან ტრანზაქციის ოდენობა. ბარათის გამოყენებაზე დაფუძნებული ასეთი სისტემის ტესტირება  უკვე ხდება განაში (აფრიკა).

დასკვნა

როგორც ჩანს, ნამდვილად არ არსებობს ტექნიკური პრობლემები ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტების შექმნასთან დაკავშირებით, რომლებიც მათი მომხმარებლების სრულ კონფიდენციალურობას უზრუნველყოფენ. ბევრი რამ არის დამოკიდებული პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და საკანონმდებლო აქტებზე, რომლებიც ტრანზაქციებზე კონტროლის დაწესებას ითხოვენ. თუ სახელმწიფოს სურს დანერგოს CBDC-ის გამოყენება მოქალაქეებისთვის, უნდა წავიდეს კომპრომისებზე, რომლებიც კონფიდენციალურობის საკმარის დონეს უზრუნველყოფენ.

მაგრამ ეს არ არის ერთადერთი, რაც CBDC-თან დაკავშირებით საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. ტექნიკურად ხომ ასევე შესაძლებელია სახსრების გამოყენების შეზღუდვა - რაღაც ანტიუტოპია იქნება მაინც. თუმცა, გარკვეული თვალსაზრისით, ეს შესაძლებლობა უკვე არსებობს თანამედროვე საბანკო სისტემაში, ამიტომ შეშფოთება შეიძლება გადაჭარბებული იყოს.