აშშ-ში გრძელდება CBDC-ის განხილვა პოლიტიკურ დონეზე
გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, აშშ-ის ბევრმა მაღალჩინოსანმა გამოთქვა თავისი შეხედულება CBDC-ის შესახებ. ბევრი მათგანი ნეიტრალურ პოზიციას იკავებს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტას აქტიურად ეწინააღმდეგებიან.
ერთ-ერთი ასეთი ადამიანია რესპუბლიკელი კონგრესმენი ტომ ემერი, რომელიც თავის თავს კრიპტოვალუტების დამცველად და CBDC-ის ოპონენტად წარმოაჩენს. მას მიაჩნია, რომ ეს ტექნოლოგია არ შეესაბამება ამერიკელების ძირითად ღირებულებებს (პირადი ცხოვრება, თავისუფალი ბაზარი) და კატონის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, კიდევ ერთხელ გააფრთხილა ფედერალური სარეზერვო სისტემა ციფრული დოლარის შესაძლო გამოშვების უარყოფითი შედეგების შესახებ.
ემერის აზრით, მთავრობა CBDC-ის დახმარებით მოსახლეობის ფინანსებზე მეტი კონტროლის მოპოვებას გეგმავს. მან ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა, ეხსენებინა თავისი კანონპროექტი, რომელიც უკრძალავს ფედერალურ სარეზერვო სისტემას ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი CBDC–ების გამოშვებას, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციამ არაერთხელ განაცხადა, რომ ასეთი ვარიანტი კონგრესის ნებართვის გარეშე დაუშვებელია.
რადგან ფედერალური მთავრობა ცდილობს შეინარჩუნოს და გააფართოოს ფინანსური კონტროლი, რომელიც მას სჩვევია, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის იდეა სულ უფრო პოპულარული ხდება სახელისუფლებო ინსტიტუტებში. დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკული ღირებულებები ყოველთვის აღემატება არარჩეული ბიუროკრატების ძალაუფლებს მოწყურებულ ახირებას, – © ტომ ემერი, ამერიკელი კონგრესმენი.
ბევრი ქვეყანა უკვე დიდი ხანია ტესტავს ან ავითარებს CBDC-ებს. ამ ინფორმაციის გამოყენებით, ამერიკელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები სპეკულირებენ, რომ აშშ დანარჩენებს ვითომ ჩამორჩება, CBDC კი დოლარს მსოფლიოში ლიდერობის შენარჩუნებაში დაეხმარება. ემერი მოგვიწოდებს, არ მივაქციოთ ასეთი ყურადღება სასწრაფოობას.
ფედერალური სარეზერვო სისტემა
ემერისგან განსხვავებით, ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის მოადგილე ზედამხედველობის საკითხებში, მაიკლ ბარი CBDC-სთან დაკავშირებით ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს. მან დაადასტურა, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა ორიენტირებულია ტექნოლოგიის მოკვლევაზე და კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო პრობლემის შესახებ იცის. მაგრამ ბევრი ფედერალური ბანკი უკვე ეძებს მაღალკვალიფიციურ დეველოპერებს.
ჩვენ ჯერ არ მიგვიღია გადაწყვეტილება იმის შესახებ, არის თუ არა ეს კარგი იდეა. ჩვენ გვინდა ამის გაკეთება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს კონსენსუსი, რომ ეს არის რაღაც კარგი ქვეყნისთვის,- © მაიკლ ბარი, ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის მოადგილე ზედამხედველობის საკითხებში.
მაიკლმა სტეიბლკოინებიც ახსენა და აღნიშნა, რომ მათ სჭირდებათ ფედერალური რეგულაცია და ეს შეიძლება გახდეს CBDC-ის ალტერნატივა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ სურთ მთავრობას თავიანთი ფინანსური მონაცემები ანდონ.
ციფრული დოლარის შესახებ კომენტარების გაკეთება ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე პაუელსაც უწევს. კონგრესში გამოსვლისას მან არ გასცა პირდაპირი პასუხი სტეიბლკოინებზე CBDC-ის გავლენის შესახებ და განაცხადა, რომ შესაბამისი რეგულაციის გარეშე მათი რეზერვები გაუმჭვირვალე რჩება.
ფინანსთა სამინისტრო
მარტის დასაწყისში, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მოადგილემ შიდა ფინანსთა საკითხებში ნელი ლიანმა განაცხადა, რომ შექმნილი სამუშაო ჯგუფი სხვადასხვა დეპარტამენტის სპეციალისტებთან ერთად CBDC-ის შესაძლო ამოქმედების განხილვას იწყებს. ის შეაფასებს ასეთი ვალუტის სარგებელს აშშ-ის ფინანსური ლიდერობისა და ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის, ყველა კანონის დაცვის პირობით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გლობალურ დონეზე.
ლიანმა ასევე მხარი დაუჭირა პოლიტიკოსებს, რომლებიც თვლიან, რომ CBDC-ებმა შეიძლება ზიანი მიაყენონ ტრადიციულ საბანკო სისტემას:
ასევე არსებობს საცალო CBDC-ების რისკები, მათ შორის, საცალო CBDC-ებში სახსრების პოტენციური გადინება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კერძო სექტორის დაკრედიტების დესტაბილიზაცია სტრესულ პერიოდში
ნელიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული საბოლოო პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და ცდილობს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან ურთიერთქმედებას CBDC-სთან დაკავშირებით. თუმცა, ერთი წლის წინ ბაიდენმა განსაზღვრა თავისი პოლიტიკის ვექტორი ზოგადად ციფრული აქტივების (ბიტკოინი, სტეიბლკოინი და CBDC) რეგულირებასთან დაკავშირებით), როდესაც გამოსცა კანონი, რომელიც შესაბამის დეპარტამენტებს ავალდებულებს აქტიურად იმუშაონ ამ მიმართულებით.