ჩარლი ლი ერთ-ერთი პირველი კრიპტოვალუტის, Litecoin-ის შემქმნელია. მიუხედავად იმისა, რომ LTC არ არის ისეთი პოპულარული, როგორც BTC ან ETH, ის მაინც ბევრი კრიპტოინვესტორის ფავორიტად რჩება.
უფრო ვრცლად Litecoin-ის პროექტის შესახებ უკვე ვწერდით. მაგრამ მისი შემქმნელის პიროვნება არანაკლებ ორიგინალურია, ვიდრე კრიპტოვალუტა, რომელსაც "ციფრულ ვერცხლს" უწოდებენ.
კარმა თუ არასწორად შერჩეული სტრატეგია?
ჩარლი ლი ცდილობს, თავი აარიდოს საჯაროობას, მაგრამ მასზე Twitter-ის თითქმის მილიონი გამომწერის ყურადღებაა მიპყრობილი. მის აზრს უსმენენ, მაგრამ რადგან ის კრიპტორეალისტია და ფხიზელი თვალით უყურებს კრიპტობაზარზე მიმდინარე მოვლენებს, ბევრი მას ადანაშაულებს იმაში, რომ short-ზე უმსხვილესი დათვების გუნდში თამაშობს.
როდესაც ტვიტერში ვწერ Litecoin-ის ფასზე, ან თუნდაც უბრალოდ ცუდ ამბებზე, მადანაშაულებენ, რომ ამას პირადი სარგებლისთვის ვაკეთებ. ზოგს ჰგონია, რომ LTC-ს “ვშორტავდი, - წერდა ლი არაერთხელ.
თავისი კრიპტოვალუტის ფასით მანიპულირების ბრალდებებისგან გასათავისუფლებლად, ჩარლიმ გაყიდა ყველა LTC, რომელსაც ფლობდა და მთელი თანხა ქველმოქმედებას მოახმარა. მაგრამ ამან არ უშველა. Twitter-ის გამომწერები ისევ გამოთქვამენ საყვედურს Litecoin Foundation-ის დამფუძნებლის მისამართით, რომ ახალი ამბების ფონი, რომელსაც ის ქმნის, აქტივის ფასზე პირდაპირ გავლენას ახდენს.
CoinEx-ის დამფუძნებელი და ჩარლის მეგობარი ჰაიპო იანი ამას ასე ხსნის:
სასაცილოა, რომ ჩარლის მხოლოდ შემუშავებაზე უნდა ფოკუსირება, მაგრამ ყველაფერი, რასაც აკეთებს, მარკეტინგია
ჩარლი მართლაც ნიჭიერი დეველოპერია და, ისევე როგორც გევინ ვუდი, არ ისწრაფვის ხელმძღვანელი პოზიციისკენ.
"მსუბუქი ბიტკოინის" შექმნამდე ის ეგრევე არ მისულა. ცოტას თუ ახსოვს, რომ LTC-მდე მას "ციფრული ვერცხლის" შექმნის წარუმატებელი გამოცდილება ჰქონდა. 2011 წლის სექტემბერში მან Fairbix მონეტის ამოქმედება სცადა. ეს ალტკოინი იყენებდა ჰეშირების პროტოკოლს Proof-of-Work და მუშაობდა სკრიპტზე, რომელიც მოგვიანებით ჩარლიმ Litecoin-ის შესაქმნელად გამოიყენა. მაგრამ ოფიციალურ ამოქმედებამდე, დეველოპერების ჯგუფმა ლის ხელმძღვანელობით ჩაატარა 7 მილიონი Fairbix-ის პრემაინინგი. ამან საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია. დეველოპერებს დეცენტრალიზაციის პრინციპიდან გადახვევას საყვედურობდნენ. 2011 წელს ეს იყო სერიოზული ბრალდება, რადგან ნაკამოტოს "თეთრი წიგნი" ყველა კრიპტელისთვის სახარებასავით იყო. პროექტი თავიდანვე განწირული იყო და ისე დაეცა, რომ აფრენაც ვერ მოასწრო. მაგრამ, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ალტკოინისთვის გამოყენებულ Multicoin-ის კლიენტს ასევე ჰქონდა რამდენიმე სერიოზული პროგრამული შეცდომა, რის გამოც მან 51%-იან შეტევას ვერ გაუძლო.
ჩარლიმ გაითვალისწინა თავისი შეცდომები და საქმე განუსაზღვრელი ვადით აღარ გადადო – შეუდგა ბლოკჩეინის სკრიპტების წერას, რომელიც ბიტკოინივით საიმედო, მაგრამ ბევრად უფრო სწრაფი იქნებოდა. ლის მთავარი მიზანი იყო, კრიპტოვალუტა გადახდის საშუალებად ექცია.
ამისთვის მან:
- შეცვალა ჰეშირების პროტოკოლი;
- შეამცირა ბლოკის დადასტურების საშუალო დრო;
- გაზარდა მაქსიმალური მიწოდება 84 მილიონ LTC-მდე.
ჩარლი არასოდეს განიხილავდა Litecoin-ს BTC-ის კონკურენტად. მას უფრო ბიტკოინის პატარა ძმად მიიჩნევდა, რომელიც მეტად შესაფერისია მცირე ტრანზაქციებისთვის, როგორიცაა საცალო შესყიდვები, ხოლო ბიტკოინი კი არის ვალუტა საერთაშორისო გადახდებისთვის. მაგრამ, ყველა კრიპტოგამოცემაში ხდება მისი პოზიციონირება, როგორც პირველი კრიპტოვალუტის კონკურენტისა.
ჭეშმარიტად, კეთილ ზრახვებს ხანდახან ჯოჯოხეთში მივყავართ. ჩარლიმ ეს უკვე გააცნობიერა.
10 ფაქტი ჩარლი ლის შესახებ
1. ჩარლი დაიბადა კოტ-დ'ივუარში. მისი მშობლები იყვნენ პირველ ჩინელ დევნილთა რიცხვში, რომლებიც აფრიკაში 60-იანი წლების დასაწყისში ჩავიდნენ. მაშინ აფრიკის კონტინენტმა კოლონიური ბატონობისგან მასობრივი გათავისუფლება დაიწყო.
2. 13 წლის ასაკში ოჯახთან ერთად აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად.
3. აქვს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მაგისტრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებაში.
4. Litecoin-ის შექმნაზე მუშაობის დაწყებამდე, 7 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა პროგრამისტად მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებში (Kana Communications, Guidewire Software და Google).
5. Google-ში მუშაობის დროს მან შექმნა YouTube Mobile-ის აპლიკაციები და მონაწილეობდა Chrome OS-ის შემუშავებაში.
6. ჩარლი მუშაობდა „მსუბუქი ბიტკოინის“ კოდზე იმავე პერიოდში, როდესაც წერდა კოდს ონლაინ თამაშების სერვისისთვის Play Games.
7. ბიტკოინის შესახებ 2011 წელს Silk Road-ის ვებგვერდზე გაიგო. ის როს ულბრიხტის მიერ შექმნილი რესურსის ერთ-ერთი ყველაზე მგზნებარე მხარდამჭერი იყო.
8. კრიპტოვალუტის მრავალი მხარდამჭერის მსგავსად, ჩარლი ლი ბიტკოინს კი არ ყიდულობდა, არამედ თვითონ მოიპოვებდა. ის აცხადებს, რომ მათ საფულეში დღემდე ინახავს, თუმცა რაოდენობას არ ახმოვანებს.
9. ჩარლი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც Coinbase-ში სამუშაოდ დაიქირავეს. მაშინ პრეტენდენტებს პირადად ბრაიან არმსტრონგი არჩევდა. 4 წლის განმავლობაში ლი ბირჟის ტექნიკური დირექტორის მოვალეობებს ასრულებდა და თანამდებობა 2017 წელს საკუთარი პროექტის განვითარების მიზნით დატოვა.
10. არავინ იცის, რამდენი ფულია ჩარლი ლის ანგარიშზე. ის კრიპტომილიონერთა სიაში არ შედის.
საუკეთესო ციტატები ჩარლი ლისგან
ლაითკოინი მოსაწყენია და ძალიან ნელა მიხოხავს მთვარისკენ. მოთმინება იქონიეთ
LTC-ს ყიდვა უკიდურესად სარისკოა. მე ველი, რომ გვექნება მრავალწლიანი დათვური ბაზარი, იმის მსგავსი, რომელიც ახლახან გვქონდა, როდესაც LTC 90%-ით (48 დოლარიდან 4 დოლარამდე) დაეცა. ასე რომ, თუ ვერ უმკლავდებით LTC-ს 20 დოლარამდე დაწევას, არ იყიდოთ!
ფულის უსაფრთხოდ შენახვა და მასზე მარტივი წვდომა არის კრიპტოგრაფიის წმინდა გრაალი. როგორც კი ამ პრობლემას მოვაგვარებთ, კრიპტოვალუტა შეიძლება აფრინდეს.