2013 წლამდე გაჩენილი კრიპტოვალუტები

icon BTC
icon PEOPLE
ფოტო - 2013 წლამდე გაჩენილი კრიპტოვალუტები
ადამიანების უმეტესობამ იცის, ან სულ მცირე, სმენია მაინც რაღაც პირველი და უძველესი კრიპტოვალუტის, ბიტკოინის შესახებ. რა მონეტები გაჩნდა მას შემდეგ და რომელი განაგრძობს ბაზარზე ლიდერის პოზიციების შენარჩუნებას - ამ კითხვაზე პასუხი განა ყველამ იცის.
საინტერესო იქნებოდა იმის გაანალიზება, თუ რომელი მონეტები გამოჩნდა კრიპტოვალუტის ბაზარზე 2009 წლის 3 იანვრის შემდეგ (ბიტკოინის ქსელში განთავსების თარიღი) და რა ბედი ეწია მათ. არის მათ შორის წარმატებული პროექტები, რომლებიც ჯერ კიდევ მოთხოვნადია? ვიპოვით თუ არა მათ შორის ისეთებს, ვინც დროის გამოცდას ვერ გაუძლო და დისტანციას ჩამოშორდა? ისტორიაში მოკლე ექსკურსსა და "არქივებში ერთად ქექვას" გთავაზობთ.

თუ გადავხედავთ იმ კრიპტოვალუტების ჩამონათვალს, რომლებიც ბაზარზე 2009-2012 წლებში შემოვიდა, აღმოჩნდება, რომ ბიტკოინის გაჩენის შემდეგ მხოლოდ ექვსი ახალი კრიპტოვალუტა გამოჩნდა. ესაა Namecoin, Litecoin, Devcoin, Peercoin, Terracoin და Freicoin.
კრიპტოვალუტების სია 2013 წლის 5 მაისის მდგომარეობით. წყარო: Coinmarketcap

კრიპტოვალუტების სია 2013 წლის 5 მაისის მდგომარეობით. წყარო: Coinmarketcap

ამ სიიდან სამი მონეტა: Feathercoin, Novacoin და Mincoin ბაზარზე 2013 წლის დასაწყისში შემოვიდა, ამიტომ ისინი ჩვენს მიმოხილვაში არ მოხვდა.

იმ დროის მოდა

უნდა აღინიშნოს, რომ იმ დღეებში პიონერ კრიპტოვალუტებს ბევრად უფრო უჭირდა, ვიდრე ახალი კრიპტოაქტივებს, რადგან მაშინ ბაზარი ფორმირების პროცესში იყო. ფორმირდებოდა კი არა და საერთოდ არც არსებობდა. 

ბიტკოინი, რომლის Proof-of-Work ქსელი სატოში ნაკამოტომ 2009 წლის იანვარში აამოქმედა, მოდას კარნახობდა, ამიტომ ყველა შემდგომი მონეტაც ასევე საკუთარ PoW-ბლოკჩეინებს ქმნიდა, იმ იმედით, რომ ბიტკოინს მზის ქვეშ ადგილს წაართმევდა.

იმ დღეებში კრიპტოვალუტებზე მედია ჯერ კიდევ არ წერდა, მათ ყოველდღიურად არ ლანძღავდნენ ისეთ არხებზე, როგორებიცაა Bloomberg და CNBC, ამიტომ აუდიტორია შედგებოდა რამდენიმე გიკისგან, IT სპეციალისტისა და შიფროპანკებისგან. იმ დროს ვებრესურსებიც ცოტა იყო, ამიტომ კრიპტელები GitHub-ზე ტრიალებდნენ და ძირითადად 2009 წლის ბოლოს გაჩენილ ფორუმზე BitcoinTalk ურთიერთობდნენ.

წარმატებული მონეტები ბიტკოინის შემდეგ

Litecoin (LTC)

ეს არის ბიტკოინის ფორკი, რომელიც 2011 წლის 13 ოქტომბერს  გამოჩნდა. კრიპტოვალუტების ისტორიაში მეორეს ალტკოინს ეწოდა „ციფრული ვერცხლი“, ბიტკოინის საპირისპიროდ, რომელსაც „ციფრული ოქროს“ სტატუსი მიენიჭა. Litecoin ამჟამად ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს Coinmarketcap-ის რეიტინგის მე-14 ადგილზე საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, რომელიც $6,3 მილიარდს აღემატება. ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობა სტაბილურად $500 მილიონ დოლარზე მეტია. ეს კრიპტოაქტივი თითქმის ყველა ბირჟაზე და მრავალი ძველი დროის საცალო ინვესტორის პორტფელშია წარმოდგენილი. პროექტი საკმაოდ ტექნოლოგიურია - ქსელი, საფულეები და სერვისები მუდმივად ახლდება, აქტუალურია მაინინგიც პულებში. Litecoin ერთ-ერთია იმ რამდენიმე მონეტიდან, რომელსაც 2011 წლიდან პოპულარობა არ დაუკარგავს და არის ყველაზე წარმატებული პროექტი, რომლის დაყენება ბიტკოინთან ერთ რიგშია შესაძლებელი. სამწუხაროდ, ამას იმ დროის ყველა მონეტაზე ვერ ვიტყვით.

Namecoin (NMC)

ეს მონეტა არის პირველი ალტკოინი და ბიტკოინის პირველი ფორკი, რომელიც გაჩნდა 2009 წლის 16 სექტემბერს - პირველი კრიპტოვალუტის გამოჩენიდან 9,5 თვის შემდეგ. ეს აქტივი ცდილობდა, გამხდარიყო „ღვთის შემდეგ მეორე“, მაგრამ ბიტკოინის დაჩრდილვა მან ვერ მოახერხა. ამ მონეტის ერთ-ერთი შემქმნელია ამერიკელი პროგრამისტი აარონ შვარცი, რომელიც RSS-ის, Creative Commons-ის, Demand Progress-ისა და Reddit-ის შექმნით არის ცნობილი. ის ინფორმაციის თავისუფალი გავრცელებისა და უფასო ინტერნეტის მომხრე იყო, რამაც სამართალდამცავ უწყებებთან კონფლიქტი გამოიწვია. აშშ-ის სასამართლო სისტემასთან ამ იდეალებისთვის ბრძოლაში ის 2013 წლის იანვარში გარდაიცვალა. მის პატივსაცემად Namecoin-ის ყველაზე პატარა ნაწილს swartz უწოდეს. 

Namecoin-ს, $21 მილიონიანი კაპიტალიზაციით, Coinmarketcap-ის რეიტინგში მოკრძალებულ 580-ე ადგილს იკავებს და ოთხ ბირჟაზე ივაჭრება. პროექტი ჯერ კიდევ ცოცხალია, თუმცა მნიშვნელოვანი მიღწევებით ვერ დაიკვეხნის.

Peercoin (PPC)

2012 წელს გაჩენილი ალტკოინი, რომელიც ჰიბრიდულ PoW & PoS ბლოკჩეინს იყენებს. საინტერესო ფაქტი, რომელიც ამ მონეტის ვებგვერდზეა მითითებული, არის ის, რომ კონსენსუსის ალგორითმი Proof-of-Stake (რომელზეც Ethereum  PoW-დან ახლახან გადავიდა) გამოიგონეს დეველოპერებმა Sunny King და Scott Nadal და მისი რეალიზაცია პირველად (!) Peercoin-ში მოხდა. 

Coinmarketcap-ზე საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით აქტივი 739-ე ადგილზეა და სავალუტო წყვილებში ექვს სხვადასხვა ბირჟაზე ივაჭრება. პროექტის ვებგვერდის განახლებული დიზაინითა და სოციალურ ქსელებში აქტიურობით თუ ვიმსჯელებთ, Peercoin ენთუზიასტების ჯგუფის განვითარებას აგრძელებს და თაყვანისმცემელთა გარკვეულ საზოგადოებას კვლავ ინარჩუნებს.

ჩავარდნილი პროექტები

დანარჩენი სამი მონეტა სიიდან წარუმატებელთა კატეგორიაში მოხვდა. Devcoin, რომელიც ბაზარზე 2011 წელს შემოვიდა და თავის თავს "მსოფლიოში მესამე ალტკოინს" უწოდებდა, ახლა  მკვდარი პროექტია. არც Terracoin, რომელიც 26.10.2012-ში გამოჩნდა და არც Freicoin (2012) არის უკეთ დღეში. მათ დაბალი კაპიტალიზაცია და ვაჭრობის მოცულობა აქვს, რეიტინგებში ჩამორჩება და ლისტინგი რომელიღაც ერთ ბირჟაზე აქვს. ამ პროექტებმა კონკურენციას ვერ გაუძლო და ვერ იპოვა გზა, როგორ გამოეყენებინა წარმატებით ბაზარზე ადრეული შესვლის ფაქტორი, რათა თავისი თავის გარშემო დაინტერესებული ჰოლდერებისა და მაინერების ბირთვი შეექმნა. 

დასკვნა

როგორც ხედავთ, 2013 წლისთვის კრიპტოვალუტის ბაზარზე შვიდი აქტივი გამოჩნდა, მაგრამ მათგან პოპულარული გახდა მხოლოდ ორი  - Bitcoin (BTC) და Litecoin (LTC). წარმატებას მას მიაღწიეს დეველოპერების წარმატებული და მსხვილი გუნდების,  პროგრამული უზრუნველყოფისა და სერვისების მუდმივი დახვეწისა და განახლების, ასევე იმ ალგორითმ Proof-of-Work-ზე "დეცენტრალიზებული ფულის" კონცეფციის პოპულარიზაციის წყალობით, რომელიც დეცენტრალიზაციისთვის ყველაზე ხელსაყრელად ითვლება. დადებითად იმუშავა „ციფრული ოქროსა“ და „ციფრული ვერცხლის“ ანალოგიამაც. Bitcoin-იც და Litecoin-იც ამ წლების მანძილზე ბაზარზე პოპულარული და ცნობადი კრიპტოვალუტები იყო. ანუ პროფესიონალური მარკეტინგის გარეშე აქაც არ ჩაუვლია. ახლა კი ახალ პროექტებს მისაბაძი მაგალითი აქვს.