Decentralized Pictures: კინოინდუსტრია შემოქმედებას უბრუნდება

ფოტო - Decentralized Pictures: კინოინდუსტრია შემოქმედებას უბრუნდება
ბლოკჩეინი თანამედროვე კინემატოგრაფის ტრანსფორმირებას ახდენს და ფილმების შემქმნელებს აბრუნებს მთავართან - სუფთა ხელოვნებასთან. სწორედ ამას ისახავს მიზნად პლატფორმა Decentralized Pictures, რომლის თანადამფუძნებლები რომან კოპოლა, ლეო მატჩეტი და მაიკლ მუსანტე არიან.
Decentralized Pictures არის არაკომერციული ბლოკჩეინ ორგანიზაცია, რომელიც დამწყები კინემატოგრაფისტების მხარდასაჭერად ინოვაციებს იყენებს. ის მჭიდროდაა დაკავშირებული დამოუკიდებელ კინოსტუდიასთან American Zoetrope, რომელიც ფრენსის ფორდ კოპოლამ და ჯორჯ ლუკასმა დააარსეს.

AZ ახლა რომან, სოფია და ჯია კოპოლებს ეკუთვნის. კომპანია კინოწარმოების ალტერნატიულ მიდგომებს აქტიურად იკვლევს და შემოქმედებით პროცესში  თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს.
ჩვენ ყოველთვის ვემხრობოდით კინემატოგრაფისტთა აქტიური საზოგადოების ჩამოყალიბებას და ისეთი გარემოს შექმნის პრინციპს, სადაც შემოქმედებითი თანამშრომლობა მაქსიმალურად ხელშეწყობილი იქნებოდა
, - ამბობს რომან კოპოლა.
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

როგორ მუშაობს პლატფორმა

Decentralized Pictures-ის მუშაობის პრინციპების დეტალური აღწერა მოცემულია დამოუკიდებელი კინოს დეკლარაციაში, რომლის ნახვა ორგანიზაციის ვებგვერდზეა შესაძლებელი.

DCP საკუთარი ბლოკჩეინის, T4L3NT Net-ის ბაზაზე მუშაობს. ეს ბლოკჩეინ Tezos-ის ფორკია, რომელიც Proof-of-Stake კონსენსუსის ალგორითმს იყენებს. T4L3NT Net-ის ბეტა ვერსია  სატესტო რეჟიმში 2021 წლის 15 დეკემბერს ამოქმედდა, ხოლო ძირითადი ქსელი - 2022 წლის 20 აპრილს.

მომხმარებლებს შეუძლიათ მოიპოვონ ციფრული ვალუტა FILMCredits და გამოიყენონ ის გაზის საფასურის გადასახდელად და ხელოვნებასთან დაკავშირებულ აპლიკაციებში. მაგალითად, ფილმების დაფინანსების სპეციალურ აპლიკაციაში DCP App მონაწილეებს შეუძლიათ შეავსონ განაცხადი გრანტის მიღებაზე, დაათვალიერონ და შეაფასონ სხვა მაძიებლების წინადადებები, ასევე მიიღონ დამატებითი არაფინანსური მხარდაჭერა მათი პროექტებისთვის.

ვირტუალური სტუდიის სრულფასოვანი ეკოსისტემის ფორმირების მიზნით, პლატფორმა დეველოპერებს ბლოკჩეინ T4L3NT Net-ზე ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი სხვა აპლიკაციების შექმნას სთავაზობს.

Decentralized Pictures-ის ციფრული ვალუტა

FILMCredits ბლოკჩეინ T4L3NT Net-ის ნატიური ციფრული ვალუტაა. ამჟამად, მაინინგის მეშვეობით ბლოკის შექმნისთვის მიღებული აქტივების რაოდენობა შეზღუდული არ არის. 

ქსელის ამოქმედებისას გენეზისური ბლოკი 75 მილიონ FILMCredits შეიცავდა. ისინი შემდეგნაირად განაწილდა:

  • 25 მლნ კერძო აუქციონის ფარგლებში გაიყიდა;
  • 25 მლნ საჯარო გაყიდვისას გაიყიდა;
  • არაკომერციული მიზნობრიობის 25 მილიონი ორგანიზაციაში ინახება.

FILMCredits ტრანზაქციების განხორციელების და კონტრაქტების გამოქვეყნების გაზის საფასურის გადასახდელად გამოიყენება. ასევე, ციფრული ვალუტით ქსელისა და კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის აქტიურ მომხმარებლებს აჯილდოებენ. 

Decentralized Pictures-ის საზოგადოება

პლატფორმა მომხმარებლებს ასარჩევად ხუთ როლს სთავაზობს:

  1. ადმინისტრატორი. ამ თანამდებობას იკავებენ საზოგადოების მხოლოდ ის წევრები, რომლებიც რეპუტაციის მაჩვენებლით ლიდერთა 1%-ს მიეკუთვნებიან. ადმინისტრატორებს აქვთ უფლება, მოაგვარონ დავები მოდერატორების მონაწილეობით.
  2. მოდერატორი. ერთდროულად სპამის ფილტრიც და მოსამართლეც. ამ კატეგორიის მომხმარებლები კონტენტის კონტროლის ხარისხს ამოწმებენ და იღებენ გადაწყვეტილებას პლატფორმიდან საკამათო მასალების წაშლის თაობაზე.
  3. გამგზავნი. ავტორები, რომლებიც DCP-ს განსახორციელებელ შემოქმედებით იდეებს აწვდიან. ეს შეიძლება იყოს მოთხრობები, ფილმებისა და სარეკლამო რგოლების სცენარები, ასევე უკვე დასრულებული პროექტების რეზიუმეები. პლატფორმაზე საკუთარი მასალების გამოქვეყნებით, გამგზავნები იღებენ რეიტინგებს, გამოხმაურებებსა და კრიტიკას რეგისტრირებული მომხმარებლებისგან, რომელთა შორის კინოინდუსტრიის ექსპერტებიც არიან.
  4. რეცენზენტი. ამ კატეგორიის წარმომადგენლების მთავარი ამოცანა გამგზავნების ყველა იდეის, სცენარისა და პრეზენტაციის შესწავლაა. ისინი აქვეყნებენ რეცენზიებს, სანაცვლოდ კი FILMCredits-ს იღებენ და რეპუტაციას იმაღლებენ.
  5. შემფასებელი. საზოგადოების წევრი, რომელიც კურირებს პროექტებს და ხელს უწყობს მათ პოპულარიზაციას. შემფასებლები გამგზავნების მასალებს ეცნობიან, განსაზღვრავენ მათ ჟანრებს და ატარებენ კენჭისყრას დასაფინანსებელი პროექტების გამოსავლენად.

ჯილდოები

პლატფორმის მომხმარებლებს შეუძლიათ ჯილდოების მისაღებად ერთმანეთს სხვადასხვა კატეგორიასა და ჟანრში შეეჯიბრონ. თითოეული კატეგორიისთვის ჯილდოს გარკვეული დიაპაზონია დაწესებული. პროექტის მასშტაბებიდან გამომდინარე, ეს შეიძლება რამდენიმე ათასი, ან რამდენიმე მილიონი დოლარი იყოს.

დაფინანსების გარდა, გამარჯვებულები იღებენ მხარდაჭერას იდეის განხორციელების პროცესში. პლატფორმა ავტორს სთავაზობს კონტრაქტორებს, მარკეტოლოგებსა და პარტნიორებს სხვა მიმართულებებიდან, რომლებიც გადაღებებში, კინოგადაღების შემდგომ სამუშაოებში და პროექტის პოპულარიზაციაში იღებენ მონაწილეობას.

ვინ დგას Decentralized Pictures-ის უკან

რომან კოპოლა

DCP-ის, The Directors Bureau-ს დამფუძნებელი, American Zoetrope-ის პრეზიდენტი. სცენარისტი, რეჟისორი, პროდიუსერი. Oscar,  BAFTA და Emmy-ს ნომინანტი, Golden Globe-ის ჯილდოს მფლობელი. მუშაობდა ისეთ ცნობილ პროექტებზე, როგორიცაა „თარგმანში დაკარგული“, „მარია-ანტუანეტა“, „ფრანგი დისპეჩერი“ და სხვა.  

ლეო მატჩეტი

DCP-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. Emmy-ს ტექნიკური პრემიის მფლობელი, სმარტფონების აპლიკაციების დეველოპერი, ბიტკოინ ენთუზიასტი. იკვლევს  კინოინდუსტრიაში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების საშუალებებს.

მაიკლ მუსანტე

DCP-ის თანადამფუძნებელი, American Zoetrope-ის ვიცე პრეზიდენტი, პროდიუსერი. ადვოკატი. კურირებს მხატვრული ფილმების შემუშავებასა და წარმოებას.