ციფრული იდენტიფიკაცია: ადამიანების კონტროლი თუ კეთილდღეობა

ფოტო - ციფრული იდენტიფიკაცია: ადამიანების კონტროლი თუ  კეთილდღეობა
მთავრობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ციფრული იდენტიფიკაციის შესაძლებლობების განვითარებას აგრძელებენ და ამას ადამიანების კომფორტზე ზრუნვით ხსნიან.
ციფრული იდენტიფიკატორი ონლაინ სამყაროში ადამიანის რეალური პიროვნების წარდგენაა. ის არსებობს, როგორც პირადი ინფორმაციის შემცვლელი ელექტრონული ფაილი: პასპორტის ნომრით, სოციალური დაზღვევის ნომრითა და ბიომეტრიული მონაცემებით (სახის გამოსახულება, თითის ანაბეჭდები, თვალის ბადურას პარამეტრები). მაგრამ სულ ახლახან გაჩნდა და სულ უფრო პოპულარული ხდება ამ მონაცემების ბლოკჩეინზე შენახვისა და მათი ტოკენიზაციის იდეა. 

Blockchain ტექნოლოგიებისა და ბიომეტრიის შერწყმის იდეას მხარი მრავალი ქვეყნის ხელისუფლებებმა დაუჭირა. ისინი ხელს უწყობენ თავიანთი მოქალაქეების საიდენტიფიკაციო ნომრების რეესტრში შენახვის იდეას მათი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში. ყველაზე ხშირად ამისთვის გამოიყენება საჯარო სერვისები, რომლებზეც უარის თქმა არ შეიძლება (ან რთულია): ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დახმარება.

1. თურქეთი ნერგავს ბლოკჩეინზე დაფუძნებულ ციფრულ ბიომეტრიულ სისტემას საჯარო სერვისების პორტალში შესასვლელად. ელექტრონული მთავრობის ვებგვერდს დაახლოებით 62 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს და საჯარო სერვისებზე წვდომის მისაღებად ციფრული იდენტიფიკაციის გავლა ყველა მათგანს მოუწევს. შეგახსენებთ, რომ თურქეთის მოსახლეობა 85 მილიონზე ოდნავ ნაკლებია. თუ არ გავითვალისწინებთ არასრულწლოვანებს, მაშინ გამოდის, რომ ქვეყანა მზად არის, ბლოკჩეინზე მოქალაქეთა სრული ბიომეტრიული რეესტრი შექმნას.

2. ინდოეთი 1 მილიარდი ციფრული ID-ის გაცემას საფულე აპლიკაცია Belshare-ის სახით გეგმავს. ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დახმარებით, ინდოეთის ჯანდაცვის ეროვნული სამმართველო შექმნის ერთიან სისტემას, რომელიც  შეინახავს მონაცემებს იდენტიფიცირებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ინდოეთის ხელისუფლების განცხადებით, ეს მკურნალობის ეფექტურობას გაზრდის და ერთი საავადმყოფოდან მეორეში პაციენტის ჩანაწერების გადატანაზე დახარჯულ დროს შეამცირებს. ინდოეთის მოსახლეობა 1,4 მილიარდ ადამიანის შეადგენს.

3. სამხრეთ კორეა 2024 წლიდან ბლოკჩეინზე დაფუძნებულ, იდენტიფიკაციის ეროვნულ სისტემას ნერგავს. მაგრამ ის უკვე გამოიყენება მათთვის, ვისაც მართვის მოწმობის აღება სურს. შემდეგი ნაბიჯი იქნება პირადობის ეროვნული მოწმობის ინტეგრირება, რომელიც რეზიდენტის რეგისტრაციის სახელითაა ცნობილი. ანუ, სამხრეთ კორეის თითოეულ მოქალაქეს მოუწევს ბლოკჩეინზე თავისი ციფრული ანაბეჭდის დატოვება, რათა სახელმწიფოსგან შრომის უფლება და სოციალური დახმარება მიიღოს.

4. ბანგლადეში ბიომეტრიის ინტეგრაციას ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის სახელმწიფო სისტემაში მოახდენს. ხელისუფლება შეძლებს რეესტრის გამოყენებას ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის კანონიერების სწრაფად შესამოწმებლად, მფლობელები კი ონლაინ სისტემას ლიცენზიის სწრაფად გასაახლებლად გამოიყენებენ. 

5. პორტუგალიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პირადობის ბიომეტრიულ მოწმობებს ნერგავს. ეს იქნება უკონტაქტო ID ბარათი, რომელიც ბადურასა და თითის ანაბეჭდის მონაცემებს ინახავს. ასეთი მოწმობა ქვეყნის მოქალაქეებს საჯარო სერვისებზე წვდომას და ხმის მიცემის შესაძლებლობას მისცემს. ამ პროექტის შესახებ სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

როგორც ჩანს, ჩვეულებრივი პასპორტები ფოტოსურათით წარსულს ჩაბარდა. ან თქვენს ბიომეტრიულ მონაცემებს სახელმწიფოს გადასცემთ, ან თქვენი კანონიერი უფლებების უმეტეს ნაწილს კარგავთ.

სოციალური ურთიერთქმედების მკვლევარები ამტკიცებენ, რომ უკვე 2030 წლისთვის შეიქმნება ციფრული იდენტიფიკაციის სისტემა ერთი NFT-ით ​​თითოეული მოქალაქისთვის. ეს ძირეულად შეცვლის  მიდგომას უსაფრთხოების საკითხებისადმი საბანკო საქმეებში, ელექტრონულ კომერციაში, მიგრაციასა და მოგზაურობაში.