ევროპის ცენტრალური ბანკი: ბიტკოინი არ უნდა იყოს ლეგალიზებული

ფოტო - ევროპის ცენტრალური ბანკი: ბიტკოინი არ უნდა იყოს ლეგალიზებული
კრიპტობაზრის ერთ-ერთი ლიდერის მოულოდნელი კრახის ფონზე, ევროპის ცენტრალური ბანკის ბლოგში საკმაოდ პროვოკაციული პოსტი გამოჩნდა. ბიტკოინისა და ინდუსტრიის მომავლის შესახებ მოსაზრება საბაზრო ინფრასტრუქტურისა და გადახდების საკითხებში გენერალურმა დირექტორმა ულრიხ ბინდზაილმა და მრჩეველმა იურგენ შააფმა გაიზიარეს.
„ბიტკოინის უკანასკნელი ბრძოლა“ - სწორედ ასეთი მჭევრმეტყველი სათაური მოუფიქრეს ავტორებმა სტატიას. ერთი შეხედვით, მინიშნება გამჭვირვალეა. მაგრამ მოდით, გავერკვიოთ, რა არის ლეგენდარული კრიპტოვალუტის მიმართ ბინდზაილისა და შააფის ასეთი დამოკიდებულების მიზეზი.

ევროპის ცენტრალურ ბანკში დარწმუნებულები არიან: ბიტკოინის ღირებულების მრავალი აღმავლობისა და დაცემის შემდეგ, დიდი ხნის ნანატრი სტაბილიზაცია +- $20 000-ის დონეზე ზრდამდე არსებული დროებითი პაუზა კი არ არის, არამედ 
ხელოვნურად გამოწვეული ბოლო ამოსუნთქვაა“. რატომ არ სჯერათ ბანკირებს მისი აქტუალობის და მალე გაქრობას უწინასწარმეტყველებენ?

ბიტკოინი გადახდის საშუალება არაა

მიუხედავად მისი თავდაპირველი პოზიციონირებისა, როგორც დეცენტრალიზებული გლობალური ციფრული ვალუტისა, ბიტკოინს ნაკლოვანებები აქვს, რომლებიც არ აძლევს მას საშუალებას, რუტინული გადახდების საშუალებად იქცეს.
რეალური ტრანზაქციები მოუქნელი, ნელი და ძვირია. რეალურ სამყაროში ლეგალური ტრანზაქციებისთვის რაიმე მნიშვნელოვან დონეზე ბიტკოინი არასოდეს გამოუყენებიათ

ბიტკოინი ინვესტიციების ობიექტი არაა

ინვესტიცია ბიტკოინში არის პროცესი, რომელსაც კრიპტოვალუტა თვისობრივად ახალ დონეზე უნდა გაეყვანა. თუმცა, ბანკირები თვლიან, რომ ის ინვესტიციებისთვის კატეგორიულად არ გამოდგება.

სხვადასხვა ობიექტებში სახსრების დაბანდებით, ინვესტორები ფულს, დივიდენდებს, ან გამოყენებისგან უშუალო სარგებელს იღებენ. ბიტკოინის შემთხვევაში ვითარება ოდნავ განსხვავებულია: ევროპის ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, რომ მისი საბაზრო ღირებულებას საფუძვლად მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციები უდევს. ამასთან, ეიფორიის საკმარის დონეს მუდმივად ინარჩუნებენ უმსხვილესი ინვესტორები, რომელთა შორის არც თუ ცოტა ვენჩურული ფონდია.
სპეკულაციური ბუშტები ახალი ფულის შემოდინებაზეა დამოკიდებული. ასევე ბიტკოინმა ახალი ინვესტორების ტალღებით არაერთხელ იხეირა

ბიტკოინი "მხოლოდ აქტივების კიდევ ერთი კლასი" არ არის

საკანონმდებლო ბაზა, რომელიც კრიპტოვალუტების რეგულირებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში იქმნება, ნელა მტკიცდება და კიდევ უფრო ნელა ინერგება. სიტუაციას ის ფაქტიც ართულებს, რომ სხვადასხვა იურისდიქციაში გადაწყვეტილების მიღების სიჩქარე და წარმოდგენა კრიპტოინდუსტრიის შესახებ მნიშვნელოვნად განსხვავებულია. მაგალითად, ევროკავშირში კრიპტოაქტივების ბაზრისთვის მკაფიო წესები (MiCA) უკვე შეიქმნა, აშშ-ის ხელისუფლება კი ამ საკითხზე ერთსულოვანი ჯერ კიდევ არ არის.

ციფრული ვალუტებისთვის დამახასიათებელი რისკების არსებობა აუცილებლად მოითხოვს ეფექტურ რეგულირებასა და ზედამხედველობას. კრიპტოლობისტები, რომელთა რიცხვი აშშ-ში 2018-დან 2021 წლამდე პერიოდში თითქმის გასამმაგდა, ბიტკოინს ხელს უწყობენ და ცდილობენ, მისადმი ისეთივე დამოკიდებულება შექმნან, როგორც აქტივების ჩვეულებრივი კლასისადმი. შედეგად, კრიპტოვალუტა ხელმისაწვდომი ხდება საცალო ინვესტორებისთვის, რომლებიც მას ინვესტიციისთვის პერსპექტიულ ობიექტად განიხილავენ. თუმცა, ეს ასე არ უნდა იყოს.
შემოთავაზებულმა მარეგულირებელმა სანქციამ ჩვეულებრივ ფინანსურ ინდუსტრიას მომხმარებლებისთვის ბიტკოინებზე წვდომის გამარტივებისკენაც უბიძგა. ეს აქტივების მმართველებსა და გადახდის სერვისის პროვაიდერებს, ასევე მზღვეველებსა და ბანკებს ეხება. ფინანსური ინსტიტუტების გაჩენა მცირე ინვესტორებს ეუბნება, რომ ბიტკოინში ინვესტიცია უსაფრთხოა

ბიტკოინი - არაეფექტური სისტემა

ბინდზაილი და შააფი უპრეცედენტო დაბინძურებაზე საუბრობენ, რომელიც სისტემის ფუნქციონირებას ახლავს თან. ევროპის ცენტრალური ბანკის თანამშრომლების თქმით, წლის განმავლობაში ბიტკოინის მაინინგისთვის ისეთივე რაოდენობის ენერგია გამოიყენება, რასაც ამ პერიოდში ავსტრია მოიხმარს, ელექტრონული ნარჩენების რაოდენობა კი ნიდერლანდების მაჩვენებელს უტოლდება.
სისტემის ეს არაეფექტურობა ნაკლი კი არა, თავისებურებაა. ეს ერთ-ერთი ნიუანსია, რომელიც სრულად დეცენტრალიზებული სისტემის მთლიანობის გარანტიას იძლევა

ბიტკოინი - საფრთხე ბანკების რეპუტაციისთვის

პოსტის ავტორები დასკვნას არ აყოვნებენ: ბიტკოინი არ უნდა იყოს ლეგალიზებული. ბანკებს კი კრიპტოვალუტებში ინვესტიციების ხელშეწყობის შედეგების შესახებ უნდა ახსოვდეს, რადგან, ადრე თუ გვიან, საცალო ინვესტორები მოგებას ვეღარ მიიღებენ.
კლიენტებთან ურთიერთობებზე ნეგატიური გავლენა და რეპუტაციული ზიანი მთელი ინდუსტრიისთვის, შესაძლოა, უზარმაზარი იყოს, როგორც კი ბიტკოინის-ინვესტორებს დამატებითი ზარალი მიადგება