EU - კონტენტი, რომელიც AI-ის მეშვეობით იქნება შექმნილი, მონიშნული

ფოტო - EU - კონტენტი, რომელიც AI-ის მეშვეობით იქნება შექმნილი, მონიშნული
ევროკავშირის ხელისუფლება განიხილავს დამატებით ნაბიჯებს ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტების, როგორიცაა OpenAI-ს ChatGPT, გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად, დეზინფორმაციის მიზნით მისი პოტენციური გამოყენების შიშის გამო.
ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ვერა ჟუროვამ 5 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან ხაზი გაუსვა  აუცილებლობას, რომ კომპანიებმა, რომლებიც  AI ინსტრუმენტებს იყენებენ, და რომლებსაც შეუძლიათ შექმნან პოტენციურად შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობის მქონე კონტენტი, ის გამოკვეთილად მონიშნონ. ეს ნაბიჯი  ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ არის მიმართული.

ჟუროვას თქმით, კომპანიებმა, რომლებიც  ხელოვნური ინტელექტის დანერგვას ეწევიან, როგორიცაა Microsoft-ის Bingchat და Google-ის Bard, უნდა შეიმუშაონ დამცავი ზომები, რათა დეზინფორმაციისთვის მათი ბოროტად გამოყენება თავიდან აიცილონ.

2018 წელს ევროკავშირმა შექმნა „დეზინფორმაციის პრაქტიკის კოდექსი“, რომელიც არის სახელმძღვანელო და ინსტრუმენტი ტექნოლოგიური ინდუსტრიის მოთამაშეებისთვის დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ თვითრეგულირების მიზნით. მსხვილმა ტექნოლოგიურმა კორპორაციებმა, მათ შორის Google-მა, Microsoft-მა და Meta Platforms-მა,  პრაქტიკის კოდექსის დაცვის ვალდებულება უკვე აიღეს.

თავის განცხადებაში, ჟუროვამ მოუწოდა ამ და სხვა კომპანიებს, რომ AI-თან დაკავშირებული ახალი გარანტიების შესახებ ინფორმაცია უკვე ივლისში გაავრცელონ. მან ასევე აღნიშნა, რომ მის პრესკონფერენციამდე ერთი კვირით ადრე Twitter-ის უკან დახევა კოდექსიდან, მარეგულირებელთა მხრიდან სავარაუდოდ  ყურადღების გაზრდას გამოიწვევს.

ასეთი ყურადღება ხელოვნური ინტელექტის გამჭვირვალობის გაზრდასთან დაკავშირებით ხდება მაშინ, როდესაც ევროკავშირი  ხელოვნური ინტელექტის EU-ს კანონის მისაღებად ემზადება. ეს იქნება სახელმძღვანელო პრინციპების ყოვლისმომცველი ნაკრები, რომელიც საჯარო მიზნებისთვის  ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას  და კომპანიების საქმიანობას არეგულირებს, რომლებიც ამ ტექნოლოგიების დანერგვით არიან დაკავებულები.

მიუხედავად იმისა, რომ რეგულაცია მომდევნო ორ-სამ წელიწადში უნდა ამოქმედდეს, ევროპელი ჩინოვნიკები  შუალედურ პერიოდში AI დეველოპერებისთვის ნებაყოფლობითი ქცევის კოდექსის მიღებას მხარს უჭერენ.

GC
GN Crypto
ავტორი