კიდევ ხუთმა ქვეყანამ თქვა უარი CBDC-ზე

ფოტო - კიდევ ხუთმა ქვეყანამ თქვა უარი CBDC-ზე
უფრო და უფრო მეტი ქვეყანა, რომელიც ცდილობდა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) დანერგვას, საპილოტე პროექტების განხორციელების შემდეგ სრულად უარს ამბობს ამ იდეაზე. სადღაც, ვერ იმუშავა იუზქეისებმა, სადღაც ის მიზანშეუწონლად მიიჩნიეს და გარკვეულ ქვეყნებში, CBDC-მ მოქალაქეებისა და ბიზნესებისგან ვერ მიიღო მხარდაჭერა.
ნიგერიამ ახლახან თქვა უარი CBDC-ების სამრეწველო ექსპლუატაციაში გაშვების გეგმებზე 14 თვიანი საპილოტო პროექტის შემდეგ. ამ პერიოდში რეზიდენტების მხოლოდ 0,5%-მა გამოიყენა ციფრული ვალუტა eNaira (ადგილობრივი CBDC-ს სახელი). პროექტი წარუმატებლად გამოცხადდა, ნიგერიელმა ოფიციალურმა პირებმა უარი თქვეს CBDC-ის შემდგომ დანერგვაზე და გადაწყვიტეს ქვეყანაში ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების ლეგალიზება. ეს გადაწყვეტილება დადებითად შეაფასეს ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებიც უკვე მიჩვეულნი იყვნენ კრიპტოვალუტების გამოყენებას და ამიტომაც მათ საერთოდ არ აინტერესებთ CBDC. ამის შესახებ ადრეც დავწერეთ.

 ნიგერიის გარდა, ანალოგიური გადაწყვეტილება კიდევ ოთხმა ქვეყანამ მიიღო.

 რატომღაც, ქვეყნების უმეტესობის მთავრობებმა და ცენტრალურმა ბანკებმა CBDC განსაზღვრეს, როგორც „ტრენდი“ ფინანსური და საბანკო სექტორისთვის (რატომღაც) და, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ გადასახადების გადამხდელთა ფულის „ქარისთვის გატანებაში“ და ყველანაირად ცდილობდნენ ისეთი ინსტრუმენტის ამოქმედებას, რომელიც ნამდვილად არავის სჭირდება. ამავდროულად, ზოგიერთი ქვეყნის ცენტრალურმა ბანკებმა, საპილოტე ტესტების შედეგებზე დაყრდნობით, გადაწყვიტეს CBDC პროექტების შეჩერება ან საერთოდ დახურვა.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ცნობილ მედია-არხზე „მოტივირებული ექსპერტები“ დაჟინებით აგრძელებენ CBDC-ის შემოღების აუცილებლობაზე საუბარს, ზოგიერთი ქვეყანა მივიდა დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ციფრული ვალუტის გაშვება ჯერ არ არის აქტუალური. და ეს იმის შემდეგ, რაც დიდი დრო დახარჯა მის შექმნაზე და საპილოტე პროექტი მხოლოდ იმისთვის განახორციელა, რომ ამ იდეაზე უარი ეთქვა. რამდენი გადასახადის გადამხდელის ფული დაიხარჯა ამაზე, ჩინოვნიკები არ საუბრობენ.

 ასეთი გადაწყვეტილებები განპირობებული იყო სხვადასხვა ფაქტორებით, რადგან თითოეულ ქვეყანას აქვს საკუთარი ეროვნული მახასიათებლები და განსხვავებები ფინანსური და გადახდის ინფრასტრუქტურის „ლანდშაფტში“, მოქალაქეების მენტალიტეტში და სახელმწიფოს პროტექტორატის ქვეშ დანერგილი ახალი ტექნოლოგიების აღქმაში. სწორედ ამიტომ, მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებმა ინტერვიუებში მედიასთან სრულიად განსხვავებულ არგუმენტებს მოჰყავდათ იმის თაობაზე, თუ რატომ აღმოჩნდა წარუმატებული CBDC პროექტი ან, როგორც გაირკვა, საერთოდ არ საჭირდებოდა დაწყებას.

დანია

დანია ერთ-ერთი წამყვანი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ლიდერია უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობით, რადგან მისი მოქალაქეები ნაღდ ფულს ბევრად ნაკლებად იყენებენ, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში.

 ეს სკანდინავიური სახელმწიფო იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დაინტერესდა CBDC-ის გამოშვების პერსპექტივით. დანიის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული კრონის გამოშვების შესახებ ჯერ კიდევ 2016 წელს განაცხადა.

 მაგრამ ერთი წლის შემდეგ, ის იძულებული გახდა უარი ეთქვა ამ იდეაზე, რადგან იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ეს ნაბიჯი ვერანაირ წვლილს ვერ შეიტანდა გადახდის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში. ეს იმიტომ ხდება, რომ დანიაში ის უკვე არსებობს, B2B და C2C მყისიერი გადარიცხვებით. ღირს კი მისი შეცვლა?

 „გაურკვეველია, რა უპირატესობების მოტანა შეუძლია CBDC-ს დანიაში უკვე არსებულ გადახდის გადაწყვეტილებებთან შედარებით“, - ასე გამოთქვა თავისი პოზიცია Danmarks Nationalbank-ის წარმომადგენელმა 2022 წლის ივნისში CBDC-ის შესახებ მოხსენებაში. ცენტრალურმა ბანკმა მიუთითა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის დანერგვასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების აუცილებლობაზე და შესაძლო რისკების არსებობაზე და ასევე არ გამორიცხა პრობლემები ამ ინსტრუმენტის აღქმის ეტაპზე, რასაც არ მოაქვს მნიშვნელოვანი სარგებელი მოქალაქეებისთვის. მაგრამ ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ ისინი გააგრძელებენ CBDC-ის გლობალურ განვითარებაზე დაკვირვებას და არ გამორიცხავენ მომავალში ამ პროექტში დაბრუნებას, როდესაც სხვა ქვეყნები შეძლებენ ამ პროექტის მიზანშეწონილობა და ეფექტურობა  დაამტკიცონ.

იაპონია

იაპონია სიდიდით მესამე ეკონომიკაა მსოფლიოში შეერთებული შტატებისა და ჩინეთის შემდეგ და ასევე ძალიან ლოიალურია ციფრული აქტივებისა და კრიპტოვალუტების მიმართ.

 იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა (BOJ) გამოაქვეყნა თავისი ხედვა CBDC-ის განვითარების შესახებ 2020 წლის ოქტომბერში, შემდეგ კი, 2021 წლის დასაწყისში, დაიწყო ციფრული ვალუტის ტესტირება პირველი საპილოტე ფაზის 2022 წლის მარტისთვის დასრულების  განზრახვით.

 თუმცა, 2022 წლის იანვრიდან იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა დაიწყო საზოგადოებისგან წინადადებების მიღება მოთხოვნით და არგუმენტებით, რომ არ გამოეყენებინათ ციფრული იენი, როგორც ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტი, იმ რისკების და სხვა ფაქტორების გამო, რომლებიც შესაძლოა დამუქრებოდა ფინანსურ სტაბილურობასა და გავლენა მოეხდინა ბაზრის კონკურენტუნარიანობაზე.

 ყველა დადებითი და უარყოფითი მხარეების განხილვის შემდეგ, 2022 წლის ივლისში, იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც აღნიშნა, რომ ის უარს ამბობდა CBDC-ის გამოშვების გეგმებზე, და არგუმენტად „მოსახლეობის ნაღდი ფულის მიმართ ერთგულება და იაპონიაში გახსნილი საბანკო ანგარიშების რაოდენობის ზრდა“ მოჰყავდა. მარეგულირებელი ასევე მიიჩნევს, რომ CBDC თავისუფალ ბაზარზე ჰარმონიულად უნდა ავსებდეს და თანაარსებობდეს სხვადასხვა გადახდის ინსტრუმენტებთან და არ ჰქონდეს მთავრობის პრეფერენციები სხვა სისტემებთან შედარებით.

 შეგახსენებთ, რომ ახლა ბიტკოინს და სხვა კრიპტოვალუტებს იაპონიაში აქვთ ციფრული ფინანსური აქტივის სტატუსი, ამიტომ ყველა ვაჭარი იღებს მათ გადახდისთვის შეზღუდვების გარეშე. როგორც ჩანს, CBDC ამ სქემაში ნამდვილად ზედმეტია.

ეკვადორი

ჯერ კიდევ 2014 წელს, ეკვადორის ცენტრალურმა ბანკმა (Banco Central del Ecuador) ოფიციალურად გამოაცხადა საკუთარი ელექტრონული ვალუტის შექმნა, რომელიც ცნობილია როგორც dinero electrónico (DE). DE-ს დანერგვის მთავარი ფაქტორები იყო ფინანსური ინკლუზიურობის ზრდა და ცენტრალური ბანკის სურვილი შემცირებულიყო მნიშვნელოვანი რაოდენობით ფიატის ვალუტის შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯები (ამჟამად ეკვადორში ეროვნულ ვალუტას როლს აშშ დოლარი ასრულებს).
DE პილოტის ანონსი

DE პილოტის ანონსი

2015 წლის თებერვლის მდგომარეობით, ეკვადორმა შეძლო DE-ს, როგორც გადახდის ფუნქციური საშუალების მიღება, რაც რეგისტრირებულ მომხმარებლებს - ეკვადორის მოქალაქეებს - საშუალებას აძლევს გადარიცხონ თანხები და მართონ თავიანთი DE ბალანსი მობილური აპლიკაციის საშუალებით რეალურ დროში. განაცხადის დარეგისტრირება და ანგარიშის გახსნა DE-ში ეროვნული საიდენტიფიკაციო ნომრის გამოყენებით იყო შესაძლებელი, ხოლო ანგარიშის შევსება ან თანხის მოხსნა ხდებოდა ქვეყნის მასშტაბით შექმნილი ტრანზაქციული ცენტრების მეშვეობით.

 ამ ექსპერიმენტის შედეგად, DE ციფრული ვალუტამ ეკვადორში 2014 წლიდან 2018 წლამდე იარსება. CBDC მომხმარებელთა მაქსიმალურმა რაოდენობა 500 ათას ადამიანს მიაღწია. თუ გავითვალისწინებთ ეკვადორის 17 მილიონიან მოსახლეობას, გამოდის, რომ მოქალაქეების 3%-ზე ნაკლები სარგებლობდა CBDC-ით. ასეთ მაჩვენებლებს ძნელად შეიძლება ეწოდოს შთამბეჭდავი.

 საბოლოოდ, 2018 წლის მარტში პროექტი შეჩერდა, ოფიციალური ვერსიით, კანონმდებლობაში ცვლილებების გამო, რომლებმაც გააუქმეს ცენტრალური ბანკის ელექტრონული ფულის სისტემა. მაგრამ, სავარაუდოდ, CBDC ექსპერიმენტის შედეგებმა არ დააკმაყოფილა ოფიციალური პირები, ამიტომ მათ გადაწყვიტეს შეეცვალათ კანონმდებლობა, რათა საზოგადოებისთვის არ გაეცათ პასუხი ამ პროექტზე დახარჯულ თანხების თაობაზე.

 მას შემდეგ, რაც ეკვადორის ცენტრალურმა ბანკმა უარი თქვა ციფრული ფულის მხარდაჭერაზე, ამ ქვეყნის მთავრობის წევრები და ბანკირები CBDC-ის თემას მნიშვნელოვანი სკეპტიციზმით უყურებენ. 2022 წლის აგვისტოში, ანდრეს არაუსმა, ეკვადორის ცენტრალური ბანკის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, გააფრთხილა ევროზონის პოლიტიკოსები და ბანკირები, რომ ციფრულმა ევრომ შესაძლოა დაარღვიოს არა მხოლოდ მოქალაქეების უფლება გადარიცხვების კონფიდენციალურობაზე, არამედ დემოკრატიის პრინციპებიც. შესაძლოა, ღირს იმ ადამიანის მოსმენა, რომელსაც აქვს პრაქტიკული გამოცდილება ცენტრალური ბანკის მიერ ციფრული ვალუტის დანერგვაში.

ფინეთი

2020 წელს ფინეთის ცენტრალურმა ბანკმა გამოაქვეყნა მოხსენება სათაურით „მსოფლიოში პირველი CBDC-ის განხორციელებიდან მიღებული გაკვეთილები“, რომელიც აღწერს სმარტ-ბარათების სისტემას Avant, რომელიც შეიქმნა ჯერ კიდევ 1990-იან წლებში. ფინეთის ცენტრალური ბანკი თვლის, რომ Avant არ არის მხოლოდ პროექტი, რომელიც „უნდა ჩაითვალოს მსოფლიოში CBDC-ის პირველ განხორციელებად“, არამედ ერთადერთი, რომელიც სრულად ფუნქციონირებს სამრეწველო ექსპლუატაციის რეჟიმში და არა სატესტოში, როგორც ციფრული იუანი ჩინეთში.
ასე გამოიყურებოდა Avant სმარტ-ბარათი

ასე გამოიყურებოდა Avant სმარტ-ბარათი

პროექტი, რომელიც 1993 წელს დაიწყო, ეფუძნებოდა სმარტ-ბარათებს, რომლებიც უკვე ფართოდ გამოიყენება უმეტეს ქვეყანაში. ”ძირითადი განსხვავება Avant-სა და CBDC სისტემებს შორის, რომელთა შემუშავება დღეს ხდება, არის ის, რომ თანამედროვე CBDC გადაწყვეტილებებისთვის, ბარათები არჩევით როლს ასრულებს და არ წარმოადგენს სავალდებულო ელემენტს. Avant-ისთვის ბარათები იყო გადაწყვეტის მთავარი კომპონენტი“, - ნათქვამია ფინეთის ბანკის ანგარიშში. ბანკი ასევე ვარაუდობს, რომ პროექტი ფაქტობრივად არის „ტოკენზე დაფუძნებული საცალო CBDC“, თანამედროვე ციფრული აქტივების ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ.

 საბოლოო ჯამში, პროექტი ფიზიკურად მოძველდა და 2006 წელს გაუქმდა, ვინაიდან ერთი Avant ბარათის დამზადების ღირებულება უკვე აჭარბებდა სადებეტო საბანკო ბარათის ღირებულებას. ასევე უარყოფითი როლი ითამაშა მაღალმა საბანკო საკომისიოებმა, რამაც ხელი არ შეუწყო მომხმარებლის აუდიტორიის მნიშვნელოვან გაფართოებას, ხოლო სტანდარტულ საბანკო ბარათებს, თუნდაც EMV ტექნოლოგიით, მნიშვნელოვნად დაბალი საკომისიო ჰქონდათ.

 თუმცა, Avant ბარათს ასევე ჰქონდა გარკვეული უპირატესობები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იყო არა მხოლოდ იმდროინდელ სადებეტო ბარათებთან, არამედ მიმდინარე CBDC გადაწყვეტილებებთან. ფინეთის ბანკის ცნობით, Avant სისტემა მომხმარებლებს ანონიმური ტრანზაქციების განხორციელების საშუალებას აძლევდა, რადგან ასეთი ფუნქციონალი შეიქმნა იმისათვის, რომ საჭირო არ ყოფილიყო კლასიკური საბანკო ანგარიშის გახსნა ან გამოყენება.

დასკვნა

არსებობს მრავალი სხვა მაგალითი CBDC პროექტებზე უარის თქმისა ან „გაყინვის“ სხვადასხვა ქვეყანაში, განუსაზღვრელი ვადით. იმის გათვალისწინებით, რომ ვერც ერთი ცენტრალური ბანკი ვერ დაიკვეხნის CBDC-ის გრძელვადიანი ფუნქციონირების პოზიტიური გამოცდილებით სრულმასშტაბიან კომერციულ ოპერაციებში, მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ ხუთი ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინება, რომლებმაც შეზღუდეს CBDC პროექტები. ყველა მათგანს შეხვდა მომხმარებლების უკმაყოფილება, რომლებიც CBDC-ს აღიქვამენ, როგორც კონფიდენციალურ ტრანზაქციებზე და კერძო გადარიცხვებზე მათი უფლებების დარღვევას, ასევე სახელმწიფოს მიერ მისი მოქალაქეების დემოკრატიული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას. ამას მოწმობს CBDC-ის მხარდაჭერის დაბალი მაჩვენებლები ხუთი ქვეყნის მოსახლეობაში. სხვა ცენტრალურმა ბანკებმა უნდა შეისწავლონ ეს გამოცდილება და მისგან სწორი დასკვნები გამოიტანონ, რათა იგივე შეცდომები არ გაიმეორონ.

ალბათ, იმისთვის, რომ პროექტზე უარის თქმა არ მოგვიწიოს, ის არც უნდა დავიწყოთ. ჯერჯერობით, კრიპტოვალუტები, მათ შორის სტაბილკოინები (რომლებიც სახელმწიფო CBDC-ების უშუალო კონკურენტები არიან), ბევრად უსწრებენ ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტას მათი შესაძლებლობებისა და ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ღიაობის თვალსაზრისით.

მაშ, "ღირს კი ჩიტი ბდღვნად“ და გადასახადის გადამხდელთა ფულის გასანიავებლად, თუ შედეგი უკვე აპრიორია ცნობილი?