DeFi-დან DeSci-მდე: დეცენტრალიზაცია მეცნიერებაში
დეცენტრალიზებული შეიძლება იყოს არა მხოლოდ ფინანსები, არამედ სამეცნიერო მუშაობისა და კვლევის შედეგებიც. ცალკეული კორპორაციები და მთავრობები ფლობენ მონოპოლიას მნიშვნელოვან სამეცნიერო აღმოჩენებზე.
დეცენტრალიზაცია, ბლოკჩეინის ტექნოლოგიები და კრიპტოვალუტები იზიდავს სულ უფრო მეტ ადამიანს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ბევრ სფეროში ექსპერტები სწავლობენ, ნერგავენ ან უკვე აქტიურად იყენებენ განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიაზე (DLT) დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს და ტოკენიზებულ აქტივებს.
ბევრისთვის ცნობილია, რომ კრიპტოვალუტებმა და DeFi-მ კლასიკური საბანკო სისტემის ალტერნატივა შემოგვთავაზა. NFT-მა ხელოვანებს ციფრული ბაზარი გაუხსნა, ხოლო დეცენტრალიზებულმა ავტონომიურმა ორგანიზაციებმა (DAO) პროექტების მართვაში ახალი მიდგომები დანერგეს. DeSci-ის (დეცენტრალიზებული მეცნიერება) ახალი მიმართულება ბევრისთვის ნაკლებად ცნობილი და გაუგებარი რჩება, თუმცა მიზანი, რისთვისაც ის ჩაისახა, არანაკლებ მნიშვნელოვანია. დეცენტრალიზაციის მექანიზმების მეშვეობით DeSci ნერგავს სამეცნიერო კვლევისა და განვითარების ალტერნატიულ მიდგომებს და ამ პროექტების დაფინანსებას ციფრული აქტივების მეშვეობით ახორციელებს.
კვლევით ცენტრებში მეცნიერების განვითარებისთვის საჭირო რესურსების დიდმა მოცულობამ ხელი შეუწყო ახალი მოძრაობის შექმნას. ასეთ ცენტრებში „შესასვლელი ბილეთი“ მხოლოდ კონტრაქტების მქონე რჩეულ მეცნიერებს აქვთ, ხოლო ყველა დანარჩენისთვის რესურსებზე და მნიშვნელოვან მონაცემებზე წვდომა დახურული ან ყველანაირად შეზღუდულია. სამეცნიერო საზოგადოებისთვის ინფორმაციაზე, აღჭურვილობაზე, დაფინანსებაზე, მონაცემთა და გამოცდილების თავისუფალ გაცვლაზე შეზღუდვის მიზეზები შეიძლება სხვადასხვა იყოს - კომერციულით დაწყებული პოლიტიკურით დამთავრებული.
მეცნიერებას დიდი ხანია სჭირდებოდა საკუთარი ღია საინფორმაციო სივრცის შექმნა, დაფინანსება კრაუდფანდინგისა და ისეთი პლატფორმების ფორმატში, როგორიცაა Kickstarter და GitHub. სწორედ DeSci ფორმატში დაიწყო ასეთი გადაწყვეტილებების შემუშავება.
მარტივი სიტყვებით, DeSci არის დეცენტრალიზებული გარემო, რომელშიც ხდება თვითრეგულირებადი სისტემის მშენებლობა და ფუნქციონირება ცოდნის, სამეცნიერო კვლევებისა და სტატიების დაგროვებისა და უფასო გავრცელებისთვის. ამას ემატება სახსრების მოზიდვის პლატფორმები, რომლებიც, ციფრული აქტივების ღირებულების გაცნობიერებით, ხელს უწყობენ კვლევებისა და გამოგონებების დაფინანსების სამართლიან განაწილებას. DeSci-ის ეკოსისტემა მოიცავს საკომუნიკაციო პლატფორმებს, სადაც თემატური სადისკუსიო კლუბები იქმნება, რათა სხვადასხვა დარგისა და ქვეყნების მეცნიერებთან გამოცდილების ურთიერთგაცვლა მოხდეს.
DeSci არქიტექტურა ფორმირების ეტაპზეა. იქმნება ახალი პროექტები და სტარტაპები, რომლებიც ცდილობენ ახალი ბაზრის დეცენტრალიზებული ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუერთდნენ. ხოლო სამეცნიერო მუშაკების საზოგადოება დეცენტრალიზებული გადაწყვეტილებებისა და ციფრული აქტივების სამყაროს ეცნობა.
რით შეუძლია DeSci-ს დაეხმაროს მეცნიერებას
ყველა დროშ, მეცნიერების დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემები აფერხებდა მის განვითარებას. დღეს ის სამეცნიერო პროგრესის გზაზე მთავარ დაბრკოლებად რჩება. დაფინანსების წყაროებისა ან ინვესტორების ძიება მეცნიერებისა და მკვლევარების მუდმივი თავის ტკივილის მიზეზია. ექსპერიმენტების, ცდების და გამოგონებებზე მუშაობის ნაცვლად, ისინი იძულებულები არიან საგრანტო განაცხადების და ფინანსური ანგარიშგების შევსებით იყვნენ დაკავებულები. დიდი ხნის ნანატრი თანხების მიღებისა და საყვარელ საქმეში ჩართვის შემდეგაც კი, არავინ არის დაზღვეული იმისგან, რომ დაფინანსება შეიძლება მოულოდნელად შეწყდეს ისეთი ფაქტორების გამო, რომლებიც შრომის შედეგებთან და, ზოგადად, მეცნიერებასთან საერთოდ არ არის დაკავშირებული.
ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების, ციფრული აქტივების, DeFi პროდუქტებისა და სერვისების, NFT-ების გამოყენებამ და DAO-ზე გადასვლამ სახსრებისა და ინვესტიციების ახალი წყაროების შექმნას ხელი შეუწყო. თუ სვლა იმავე მიმართულებით გაგრძელდება, შეიძლება გადაიჭრას ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევების დაფინანსების პრობლემა. ეს შესაძლებელი გახდება, თუ კაცობრიობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კომერციული კვლევის შედეგების გაყიდვა ან უსასყიდლოდ გადაცემა ფართო ხასიათს მიიღებს. ნიჭიერი მეცნიერები შეძლებენ ბლოკჩეინ-როიალტის მიღებას ახალი ტექნოლოგიების მასიური დანერგვისთვის ან იმ ინოვაციების გამოყენებისთვის, რომლებიც მათ საკუთარი ხელით შექმნეს და არ სურთ ის რომელიმე მთავრობის ან კორპორაციის მონოპოლიურ საკუთრებად აქციონ.
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ინფორმაციის თავისუფალი გაცვლა და მნიშვნელოვან მონაცემებზე ღია წვდომა კიდევ ერთი გლობალური პრობლემაა, რომლის გადაჭრაც DeSci-ს შეუძლია. ბევრი სამეცნიერო კვლევა დახურულია და ჯერ კიდევ არ გამოქვეყნებულა საჯაროდ. მათი ხელმისაწვდომობა და გავრცელება ახალი მიმართულების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. გაუმაძღარი შუამავლები, რომლებიც სარგებელს იღებენ ასეთ ინფორმაციაზე წვდომის მინიჭებით ან სამეცნიერო ნაშრომების რეცენზირებით, უსარგებლონი გახდებიან. მათ ბლოკჩეინ-რეპოზიტორები და სმარტ-კონტრაქტები ჩაანაცვლებდნენ.
ბლოკჩეინის ტექნოლოგიებს ძალუძთ პოლიტიკური აკრძალვების ან ცენზურის პრობლემის გადაჭრა. მათი წყალობით, DeSci-ს შეუძლია შესთავაზოს მეცნიერებსა და მკვლევარებს ანონიმურად და უსაფრთხოდ შეინახონ თავიანთი კვლევის შედეგები, თავისუფლად გაცვალონ ისინი და მათზე წვდომა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იქონიონ.
ამჟამად სხვადასხვა DeSci სტარტაპი ატარებს ექსპერიმენტებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიებსა და ციფრულ აქტივებზე, რათა გაუმჯობესდეს სამეცნიერო საზოგადოების მდგომარეობა და მათი მიღწევები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. ახალი დეცენტრალიზებული ინსტრუმენტების დანერგვის და დამოუკიდებელი პლატფორმების შექმნის შემდეგ, DeSci მიზნად ისახავს მეცნიერების უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოვებას. მიზანი - ახალი სამეცნიერო გარღვევები ტექნოლოგიური პროგრესისა და კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარებისთვის.
DeSci-პროექტების მაგალითები
VitaDAO
ეს არის დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაცია (DAO), რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული კვლევების დაფინანსებაზეა ორიენტირებული. მისი ძალისხმევა მიმართულია წამლების შექმნაზე, რომლებიც ახანგრძლივებს სიცოცხლეს და აუმჯობესებს ადამიანის ჯანმრთელობას. VitaDAO-მ განახორციელა ნატიური ტოკენის, VITA-ს ემისია, რომლის შეძენა ან მიღება ჯილდოს სახით არის შესაძლებელი. პროექტმა 4000-ზე მეტი წევრი გააერთიანა ამ იდეის გარშემო და სამეცნიერო კვლევებისთვის პირველი 10 მილიონი დოლარი შეაგროვა. პროექტი DeSci სფეროში დიდი პატივისცემით სარგებლობს.
DeSci-სტარტაპი VitaDAO
SCINET
ბლოკჩეინის პლატფორმა SCINET საცალო და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს კვლევასა და ტექნოლოგიაში ინვესტიციების განახორციელების საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, DeSci სტარტაპი სთავაზობს მეცნიერ-მკვლევარებს გამოიყენონ ბლოკჩეინ-ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ღრუბლოვანი ლაბორატორია, მიიღონ დამოუკიდებელი საექსპერტო შეფასება და ბლოკჩეინში თავისი საქმიანობის შედეგები დააფიქსირონ.
AntidoteDAO
ეს არის დეცენტრალიზებული ავტონომიური საზოგადოება, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების კვლევის დაფინანსებაზეა ორიენტირებული. ეკოსისტემა AntidoteDAO მოიცავს მმართველობის ტოკენს და NFT-ების კოლექციას, რომელიც მის მფლობელს ხმის უფლებას ანიჭებს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისას, როგორიცაა ამა თუ იმ ინიციატივებსა თუ პროექტებზე ორგანიზაციის სახსრების მიმართვა.
LabDAO
ეს არის სტარტაპი, რომელიც მკვლევარებსა და დეველოპერებს მრავალპროფილური ლაბორატორიების ქსელის გამოყენებას სთავაზობს. ამ DeSci სტარტაპის საქმიანობას დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაცია ხელმძღვანელობს. ლაბორატორიათა ერთი ტიპი სპეციალიზირებულია წამლების, ქიმიური და ბიოლოგიური ნივთიერებების/ნაერთების ანალიზზე. მეორე კი გამოყენებითი ან გამოთვლითი მათემატიკური ანალიზის მომსახურებას გვთავაზობს.
Molecule
ეს არის კვლევების დაფინანსების დეცენტრალიზებული პლატფორმა. ის მოქმედებს როგორც პლატფორმა მკვლევარებისთვის, რომლებიც ეძებენ დაფინანსებას და ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც სამეცნიერო-კვლევით პროექტებში ინვესტირებით არიან დაინტერესებულები.