Heterosis: ყვავილების ნოვატორული NFT კოლექცია

ფოტო - Heterosis: ყვავილების ნოვატორული NFT კოლექცია
Heterosis-ის პროექტის წევრებს შეუძლიათ მეტავერსში ურთიერთობა იქონიონ ერთმანეთთან, მცენარეების სელექციით დაკავდნენ, NFT-ზე ფული გამოიმუშაონ და ჯამში, მათ მიერ შექმნილი ყვავილების საოცარი სილამაზით დატკბნენ.

Heterosis-ის ვირტუალური სამყაროს დაბადება NFT სელექციონერებისთვის

Heterosis-ის NFT პროექტის იდეოლოგი ბრიტანელი მხატვარი მეტ კოლიშოუ გახდა. თავის დროზე ის დაინტერესდა ე.წ. ტიტომანიით - მე-17 საუკუნის ჰოლანდიაში ტიტებზე აჟიოტაჟური მოთხოვნით. მაშინ ყვავილების ბოლქვების ფასი არნახული იყო და ათასამდე გულდენს აღწევდა. დღევანდელი კრიპტოსკეპტიკოსები, ხანდახან, "ტიტების" სპეკულაციურ ბუშტს ადარებენ NFT-ზე ფასების აფეთქებას. "რაც უფრო მეტს ვკითხულობდი ტიტომანიის შესახებ, მით უფრო საინტერესო და მასტიმულირებელი ხდებოდა  პარალელები და განსხვავებები NFT ბაზართან “, - იხსენებს მეტი.

მისი ინტერესი საკითხის ეკონომიკური ასპექტით არ შემოიფარგლებოდა. თავის ნამუშევრებში კოლიშოუს ასევე ძალიან უყვარდა მცენარეული მოტივების გამოყენება. ამის გარდა, მხატვრის ბაბუა ყვავილების ცნობილი სელექციონერი გახლდათ. მისი შვილიშვილი მოხიბლული იყო მცენარეთა ჰიბრიდების შექმნის პროცესით, რომელიც მოიცავდა როგორც ადამიანის გაცნობიერებულ არჩევანს, ასევე ბუნების ძალების არაპროგნოზირებად თამაშს. ყველა ამ ცხოვრებისეულმა გარემოებამ მეტს  ვირტუალურ სათბურში ძალიან რეალისტური NFT ყვავილების მოშენების კონცეფციისკენ უბიძგა - სილამაზისა და ფულის გულისთვის.

სივრცე, სადაც მონაწილეთა ყვავილების კოლექციებია განთავსებული, არის ლონდონის ეროვნული გალერეის პოსტაპოკალიფსური პერიოდის დარბაზები. ცნობილი არქიტექტურული ძეგლის ნახევრად დანგრეული შენობები ათასობით ფერადოვანი  ყვავილით არის დაფარული. მწერები ზუზუნებენ, ჩამსხვრეული ფანჯრებიდან მსუბუქი ნიავი უბერავს. სელექციონერების ავატარებს შეუძლიათ გალერეაში გადაადგილება, ერთმანეთთან კომუნიკაცია, ასევე მრავალჯერადი ზუმირების ფუნქციის წყალობით, კოლექციაში არსებული ეგზემპლარების ყურადღებით დათვალიერება.

როგორ გამოიყურება ვირტუალური სელექციის პროცესი Heterosis-ში

Heterosis-ის თითოეულ ყვავილს აქვს თავისი უნიკალური დნმ და, შესაბამისად, თვისებების კომბინაცია. როგორი იქნება თქვენს კოლექციაში მოჭრილი პირველი ეგზემპლარი, შემთხვევითობის საკითხია. ხელოვნური ინტელექტი მას არა მხოლოდ გენეტიკურ მახასიათებლებს, არამედ სახელსაც ანიჭებს. იგი იქმნება ხორხე ლუის ბორხესის მოთხრობის "ბაბილონის ბიბლიოთეკა" სიტყვების გამოყენებით.(სხვათა შორის, მასში აღწერილია მეტავერსი, სადაც ინახება კაცობრიობის მიერ შექმნილი ყველა ტექსტი).

შეჯვარებისთვის მეორე ყვავილის შეძენა შესაძლებელია სხვა კოლექციონერებისგან. შეჯვარების შედეგს ხელოვნური ინტელექტი აგენერირებს. შემდგომი სელექციური სამუშაოების ჩატარება შესაძლებელია როგორც მიღებულ ყვავილთან, ასევე ორიგინალთან.

პირველ ეტაპზე კოლექციის ყვავილებს შეზღუდული რაოდენობის მახასიათებლები აქვთ. პროექტში მონაწილეობასთან ერთად,  სელექციონერისთვის ახალი ტიპის გენეტიკური მახასიათებლები და მუტაციები ხდება ხელმისაწვდომი. შესაძლებელია მცენარის იერსახის გაუმჯობესება, უფრო იშვიათი, ან მეტავერსის ყვავილების ბაზარზე უფრო მოთხოვნადი ეგზემპლარის გამოყვანა. 

სხვათა შორის, თითოეული კოლექციონერი თავად ადგენს სელექციის პროცესში მისი ყვავილის მონაწილეობის ფასს. უფრო იშვიათ ნიშნებს - რაოდენობა, ფერი, ფურცლის ფორმა და ა.შ. - უფრო მაღალი ფასი აქვს.

მეტ კოლიშოუმ თავისი უჩვეულო პროექტი უკრაინელ ციფრულ მხატვართან, დანილო კრივორუჩკოსთან, ბლოკჩეინ კომპანია Snark.art-სა (პლატფორმა OG.Art) და კონტენტ სტუდია EL-GABAL ერთად განახორციელა.