რა არის „ოქროს ჯვარი“ და „სიკვდილის ჯვარი“?
ოქროს ჯვარი და სიკვდილის ჯვარი გრაფიკული პატერნებია, რომლებსაც პრაქტიკაში დამწყები ტრეიდერებიც კი ადვილად იყენებენ. ორივე პატერნი ტრენდის შეცვლის დადასტურებისთვის მცოცავ საშუალოს იყენებს.
ოქროს ჯვრისა და სიკვდილის ჯვრის კონცეფციის უკეთ გასაგებად, უნდა იცოდეთ, როგორ მუშაობს მცოცავი საშუალოები (Moving Averages, MA).
მოძრავი საშუალო ტექნიკური ინდიკატორია, რომელიც განსაზღვრული პერიოდის ფარგლებში (10, 20, 50, 100 ან 200 დღე) აქტივის საშუალო ფასს ასახავს. ტრეიდერები MA-ს ტრენდების მიმართულებების, ან მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის დონის დასადგენად იყენებენ. მოძრავი საშუალოს სხვადასხვა სახეობა არსებობს, თუმცა მათგან ყველაზე ზუსტი 50-დღიანი და 200-დღიანი მარტივებია. მათ Simple Moving Averages, ან SMA ეწოდება.
რა არის ოქროს ჯვარი?
ეს ჯვარი ჩნდება გრაფიკზე, როდესაც 50-დღიანი SMA 200-დღიან SMA-ს ქვემოდან ზემოთ კვეთს. ის აქტივების ფასის მუდმივი ზრდის ძლიერ სიგნალად ითვლება.
მოკლევადიანი SMA გრძელვადიანზე გაცილებით უფრო სწრაფად მოძრაობს. როდესაც ბაზარი ხანგრძლივ აღმავალ მოძრაობას იწყებს, მოკლევადიანი უფრო სწრაფად ზრდას იწყებს და გრძელვადიანს კვეთს.
ოქროს ჯვარი, შესაძლოა, სამ ეტაპად დაიყოს:
1. დაღმავალი ტრენდის პერიოდი: 50-დღიანი MA 200-დღიანი MA-ს ქვემოთ მოძრაობს.
2. ტრენდის შემობრუნების პერიოდი: 50-დღიანი MA 200-დღიან MA-ს ქვემოდან ზემოთ კვეთს.
3. მდგრადი აღმავალი ტრენდის პერიოდი: მოკლევადიანი MA გრძელვადიანზე მაღლა მოძრაობს და მას სულ უფრო მეტად შორდება.
ოქროს ჯვარი ბიტკოინის გრაფიკზე 2021 წლის სექტემბერში ჩნდებოდა, რამდენიმე თვით ადრე, სანამ BTC-მა ისტორიული მაქსიმუმი $69,000 ნიშნულთან ახლოს დააფიქსირა.
ოქროს ჯვარი ბიტკოინის გრაფიკზე. წყარო: Tradingview
რა არის სიკვდილის ჯვარი?
სიკვდილის ჯვარი ბიკტოინის გრაფიკზე ჩნდება, როდესაც 50-დღიანი MA 200-დღიანს MA-ს ზემოდან ქვემოთ კვეთს. ეს დაღმავალი ტრენდის გაგრძელების ინდიკატორია.
მარტივად რომ ვთქვათ, სიკვდილის ჯვარი ოქროს ჯვრის ზუსტად საპირისპიროა. ეს "დათვის" სიგნალია.
სიკვდილის ჯვარიც, შესაძლოა, სამ ეტაპად დაიყოს:
1. აღმავალი ტრენდის პერიოდი:. აპტრენდის დროს მოკლევადიანი SMA გრძელვადიანზე მაღლა იმყოფება.
2. ტრენდის შებრუნების პერიოდი: ფასი იშლება და 50-დღიანი მოძრავი საშუალო 200-დღიანს ზემოდან ქვემოთ კვეთს.
3. მდგრადი დაღმავალი ტრენდის პერიოდი: დაღმავალი ტრენდი გრძელდება და 50-დღიანი 200-დღიანის ქვეშ დიდი ხნის განმავლობაში რჩება.
სიკვდილის ჯვარი ბიტკოინის გრაფიკზე მიმდინარე წლის იანვარში ჩნდებოდა, როდესაც BTC-ის ფასი $45000-მდე დაეცა. მას შემდეგ 50-დღიან SMA-ს 200-დღიანი SMA ქვემოდან ზემოთ ჯერ არ გადაუკვეთია.
სიკვდილის ჯვარი ბიტკოინის გრაფიკზე. წყარო: Tradingview
როგორ გამოვიყენოთ ოქროს ჯვარი და სიკვდილის ჯვარი ვაჭრობისას?
ყველაზე ხშირად, ეს სიგნალები ტრენდის შემობრუნების დადასტურებად გამოიყენება. თუ ტრეიდერი გრაფიკზე ოქროს ჯვრის ფორმირებას ხედავს, მას შეუძლია, აქტივში გრძელვადიანი ინვესტიცია ჩადოს. თუ გრაფიკზე სიკვდილის ჯვარი ყალიბდება, ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება აქტივის გაყიდვა იქნება.
მაგრამ გამოცდილმა ტრეიდერებმა იციან, რომ ნებისმიერი სიგნალი, მათ შორის MA-ს კვეთა, შესაძლოა, ცრუ იყოს. როგორც სხვა ინდიკატორების შემთხვევაში, თქვენ აქაც წესს უნდა მიჰყვეთ: რაც უფრო დიდია თაიმფრეიმი, მით უფრო მაღალია სიგნალის საიმედოობა. 1-საათიანი და 5-საათიანი მოძრავი საშუალოების გადაკვეთა, 50-დღიანი და 200-დღიანი მოძრავი საშუალოების გადაკვეთასთან შედარებით, ძალიან სუსტი სიგნალია.
ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ მოძრავი საშუალოები ჩამორჩენილი ინდიკატორებია. ისინი ასახავს იმას, რაც ბაზარზე წარსულში ხდებოდა. თუ გრაფიკზე ერთ-ერთი ჯვარი გამოჩნდა, ეს ნიშნავს, რომ ფასის მძლავრი მოძრაობა უკვე მოხდა და პოზიციის გახსნამდე ჯობს, პოზიციის კორექტირებას დაელოდოთ.
სიგნალის მიღების შემდეგ ვაჭრობაში შესვლამდე, ტრეიდერები მის საიმედოობას სხვა ინდიკატორების - RSI-ს, ან სტოქასტიკის დახმარებით ამოწმებენ.