კრიპტოს წილი კრიმინალურ ტრანზაქციებში 2022 წელს - 0,24%
2023 წლის თებერვალში ანალიტიკურმა კომპანიამ Chainalysis გამოაქვეყნა თავისი წლიური ანგარიში, რომელიც კრიპტოვალუტის გამოყენებით სისხლის სამართლის დანაშაულებს ეძღვნებოდა. მისი სახელწოდებაა The 2023 Crypto Crime Report და ის უამრავ საინტერესო რამეს შეიცავს.
ანგარიში მოიცავს სხვადასხვა მიმართულებებს, რომლებიც კრიმინალურ გარიგებებში კრიპტოვალუტების შესაძლო გამოყენებასთანაა დაკავშირებული: ფულის გათეთრება, აქტივების ქურდობა, თაღლითური პროექტები, Pump & Dump ტოკენები და ა.შ.
უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია ამ დოკუმენტის დასაწყისშია: ”კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ოპერაციების მთლიანი მოცულობის მხოლოდ 0,24% ($20,6 მილიარდი) არის დაკავშირებული 2022 წლის განმავლობაში ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებთან ან თაღლითურ სქემებთან”.
კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული უკანონო ოპერაციების წილი 2017- 2022 წწ პერიოდში
ეს კორელაციაშია სპეცსამსახურების სტატისტიკასთან ყველა ჩადენილი დანაშაულის დროს კრიპტოვალუტის გამოყენების შესახებ, სადაც ციფრული აქტივების წილი ამას დიდად არ აღემატება - ის 1-3%-ს შეადგენს. ადვილი მისახვედრია, რომ სისხლის სამართლის დარღვევების დანარჩენი 97-99% განხორციელდა ფიატური ვალუტების გამოყენებით: ნაღდი და უნაღდო გადარიცხვები საბანკო ანგარიშებით, ძირითადად ოფშორული. ამიტომ, მიუხედავად ინფორმაციის პერიოდული შემოგდებისა, თითქოსდა კრიმინალები ახლა უპირატესობას კრიპტოვალუტებს ანიჭებენ (სწორედ ამიტომაა საჭირო მათი რაც შეიძლება მალე აკრძალვა), ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ არ დადასტურდა. კრიმინალები ფულის გათეთრებას, დიდი რაოდენობით ნარკოტიკების ყიდვას, ქრთამის მიცემას და იარაღის უკანონო ყიდვას მამაპაპური ფიატით აგრძელებენ. ასეთი გარიგებებისთვის კრიპტოვალუტა ტექნოლოგიურად რთული და გაუგებარია.
მოდით გადავხედოთ ყველაზე საინტერესო მონაცემებსა და ციფრებს ანგარიშის სხვადასხვა ნაწილიდან.
სანქციების ქვეშ არსებული კრიპტოპროექტები
გასული წლის განმავლობაში მარეგულირებლების, კერძოდ, აშშ-ის უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს (OFAC) ყურადღების ცენტრში 10 კრიპტოპროექტი მოექცა: Lazarus Group, Ahmad Khatibi Aghada, Amir Hossein Nikaeen Ravari, Alex Adrianus Martinus Peijnenburg, Matthew Simon Grimm, Hydra Marketplace, Garantex, Blender.io, Tornado Cash, Task Force Rusich. ყველა მათგანი აშშ-ის სანქციების ქვეშ აღმოჩნდა. ამის მიზეზად დასახელდა მიმოქცევაში „ბინძური“ აქტივების მნიშვნელოვანი წილის არსებობა, ფულის გათეთრება, ტერორისტებთან თანამშრომლობა და ა.შ. ყველაზე საშიშთა შორტლისტში მათგან მხოლოდ სამი მოხვდა: რუსული მარკეტპლეისი Hydra და ბირჟა Garantex, ასევე კრიპტომიქსერი Tornado Cash.
მარკეტპლეის Hydra-ს, რომელიც საქმიანობას დარქნეტში ეწევა, აქვს ყველაზე ცუდი რეპუტაცია და „ბინძური“ კრიპტოს ყველაზე დიდი წილი - ყველა ტრანზაქციის 68,2% მოდიოდა კრიმინალთან დაკავშირებულ საფულეებზე, ხოლო კიდევ 12,6% - იმ მისამართებზე, რომლებსაც high-risk სტატუსი ჰქონდათ.
ბირჟა Garantex-ზე ყველა ტრანზაქციის 6.1% არალეგალური წყაროებიდან და კიდევ 16.1% მაღალი რისკის საფულეებიდან შემოვიდა.
Tornado Cash მიქსერში გაგზავნილი ყველა თანხის 34% უკანონო წყაროებიდან შევიდა.
Garantex, Hydra და Tornado Cash-ზე მიმოქცევაში არსებული უკანონო და სარისკო ტრანზაქციების წილი
პროგრამები - სახსრების გამომძალველები
საინტერესო ტენდენცია 2022 წელს ბოროტმოქმედების მიერ სპეციალიზებული პროგრამების გამოყენებით თანხების გამოძალვის მცდელობებთან დაკავშირებით დაფიქსირდა. შანტაჟის მსხვერპლებმა (ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა) $456,8 მილიონი გადაიხადეს, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია (-60%), ვიდრე ერთი წლის წინ ($765,6 მილიონი).
გამომძალველი პროგრამების მსხვერპლებს სულ უფრო ნაკლებად სურთ შეასრულონ შანტაჟისტების მოთხოვნები
საინტერესოა, რომ ტენდენციას, რომელიც შანტაჟისტებთან თანამშრომლობის სურვილის უქონლობას აჩვენებს, არ არის კავშირში გამომძალველი პროგრამების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმების რიცხვის შემცირებასთან. მათი რიცხვი წლის განმავლობაში უმნიშვნელოდ შემცირდა - 2865-დან 2566-მდე (-10,4%). როგორც ირკვევა, საქმე სხვა რამეშია.
ბოლო დროს გაიზარდა კომპანიების რიცხვი, რომლებიც კიბერშეტევებისთვის მზად არიან. ახლა იურიდიული პირები, სარეზერვო კოპირებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, წარმატებით იგერიებენ საინფორმაციო სისტემებისა და ქსელების გარედან გატეხის მცდელობებს. ფიზიკური პირები ასევე ცდილობენ თავიდან აიცილონ შანტაჟისტი ბოროტმოქმედებისთვის გამოსასყიდის გადახდა, რომლებიც გამომძალველ პროგრამებს იყენებენ.
შანტაჟისტებისთვის გამოსასყიდის გადახდის მსურველთა პროცენტი ყოველწლიურად მცირდება.
კრიპტოაქტივების ქურდობა
სამწუხაროდ, 2022 წელი კრიპტოვალუტური ბაზრის ისტორიაში რეკორდული იყო - ჰაკერებმა $3,8 მილიარდის ღირებულების აქტივების მოპარვა მოახერხეს. ყველაზე დიდი აქტიურობა ბოროტმოქმედებმა მარტსა და ოქტომბერში გამოავლინეს. 2022 წლის ოქტომბერში 32 სხვადასხვა ჰაკერული თავდასხმის წყალობით თითქმის 776 მილიონი იქნა მოპარული. თავდასხმების დიდი უმრავლესობა მიმართული იყო DeFi პროტოკოლებზე (81.2%) და ტრადიციულად მოწყვლადი სმარტ კონტრაქტების მქონე კროსჩეინ ხიდებზე. წელს CEX ბირჟებითა და საფულეებით ნაკლები ჰაკერია დაინტერესებული.
ჰაკერული თავდასხმების სამიზნეები 2016-2022 წლებში
ფულის გათეთრება
მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი ოდენობის ფულის გათეთრების უმსხვილეს სქემებში ტრადიციულად ფიატური ვალუტები და ბანკები ფიგურირებენ, ასეთი გარიგებების უმნიშვნელო წილმა კრიპტოვალუტურ ბაზარზეც გადაინაცვლა.
ფულის გათეთრების ოპერაციები შეიძლება განხორციელდეს შუამავლური სერვისების მეშვეობით, როგორიცაა კრიპტოვალუტური მიქსერები, ხოლო ფიატი-კრიპტა-ფიატის ფორმატის ოპერაციებში შეიძლება ჩართული იყოს ბირჟები, DeFi პროტოკოლები, გადამცვლელი პუნქტები, p2p ან OTC პლატფორმები. ყველაზე მეტი პრეტენზია მარეგულირებლებს მიქსერების მიმართ აქვთ, რადგან უმეტეს შემთხვევაში სწორედ მათი მეშვეობით ხდება ბოროტმოქმედების მიერ მოპარული კრიპტოაქტივების გათეთრება. ამიტომ, მიქსერები, როგორიცაა Blender.io და Tornado Cash 2022 წლის მაისში და აგვისტოში OFAC-ის სანქციების ქვეშ მოხვდა.
ჰაკერების მიერ მოპარული, მიქსერებით გათეთრებული კრიპტოაქტივების წილი 85%-ზე მეტს შეადგენს
ორაკულებით მანიპულირება
სმარტ კონტრაქტების ფართო გამოყენების გამო, ბოროტმოქმედებმა გამოიგონეს თავდასხმის კიდევ ერთი ვარიანტი - კოდში ხარვეზის ძებნის ნაცვლად, მათ ყურადღება მიაქციეს სმარტ კონტრაქტების მომსახურებისთვის შექმნილ ორაკულებს, რომლებიც აწვდიან მათ ინფორმაციას ტრადიციული ფინანსების სამყაროდან. ორაკულებისკენ მიმართული 41 მანიპულაციური თავდასხმის წყალობით, აქტივების ღირებულებას ხელოვნურად გაბერვით, ან შემცირების გზით, თავდამსხმელებმა ხელში $403 მილიონი ჩაიგდეს. ამ თანხების უმეტესობა დააკლდა DeFi პროტოკოლებს, რომლებიც ასეთი თავდასხმების მსხვერპლნი გახდნენ.
ორაკულებზე მანიპულაციური თავდასხმები თაღლითების შედარებით ახალი "საძოვარია“.
დარქნეტი
2022 წელს დარქნეტის უმსხვილესი მარკეტპლეის Hydra-ს დაბლოკვის წყალობით, ამ სექტორში შემოსავლების მოცულობის შემცირება დაფიქსირდა. 2022 წლის განმავლობაში დარქნეტში საქონლისა და მომსახურების გაყიდვიდან მიღებული მოგება $1,5 მილიარდი იყო, არადა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ორჯერ მეტს შეადგენდა ($3,1 მილიარდი).
Hydra-ს დახურვამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა გამყიდველების შემოსავალზე დარქნეტში
თაღლითური პროექტები, რომლებიც მოტყუებით დასრულდა
ინვესტორების ზარალი თაღლითურად დასრულებული პროექტებიდან თითქმის განახევრდა - $10,9 მილიარდიდან 2021 წელს $5,9 მილიარდამდე 2022 წელს.
თაღლითური პროექტებით მიყენებული ზარალი 2017-2022 წლებში
საეჭვო სტარტაპებში სახსრების ჩადების სურვილი ინვესტორების მხრიდან საგრძნობლად მცირდება დათვური ბაზრის დროს, თანაც ICO, IDO და მსგავსი ინიციატივები აღარ არის ისეთი პოპულარული, როგორც ადრე. 2022 წლის განმავლობაში თაღლითური პროექტების ტოპ ათეულში დომინირებენ ფსევდო საინვესტიციო პროექტები, რომლებიც ჰპირდებიან სასწაულად მაღალ შემოსავალს (ტიპური პონცის პირამიდები).
Pump & Dump ტოკენები
2022 წლის განმავლობაში შექმნილი აქტივები pump & dump სქემებში არ იყო ისე ხშირად გამოყენებული, როგორც ადრე. ასეთ სქემებში ბაზარზე გამოსული ყველა ტოკენის მხოლოდ 24% იყო ჩართული.