IMF და G20 კრიპტობაზრის გლობალურ რეგულირებას იწყებენ

ფოტო - IMF და G20 კრიპტობაზრის გლობალურ რეგულირებას იწყებენ
თებერვლის ბოლოს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და G20-ის წევრმა ქვეყნებმა საკმაოდ მკაცრი განცხადებები გააკეთეს კრიპტობაზრის მომავალ ბედთან დაკავშირებით. დიალოგის გაფართოებაზე საუბრისას, ამ საერთაშორისო ინსტიტუციებმა, კრიპტოინდუსტრიას, ფაქტობრივად, ომი გამოუცხადეს და მაშინვე კაპიტულაციის პირობების განხილვაზე გადავიდნენ.
უპირველეს ყოვლისა, საუბარია მარეგულირებელი კომპონენტის მნიშვნელოვან გაძლიერებაზე. უკვე ცნობილია, რომ მომავალი გლობალური საკანონმდებლო ბაზის საფუძვლებზე მუშაობენ არა მხოლოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ექსპერტები, არამედ ფინანსური სტაბილურობის საბჭო და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკიც (BIS). ამავდროულად, BIS-ის ხელმძღვანელმა, აგუსტინ კარსტენსმა თავის ბოლო ინტერვიუში კატეგორიულად განაცხადა, რომ ბრძოლა ფიატსა და კრიპტოს შორის წაგებულია.
ტექნოლოგია არ აცქევს ფულს უსაფრთხოდ
, – დარწმუნებულია ის.

რა მოთხოვნები წაუყენა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კრიპტოს?

სწორედ რომ ვთქვათ, გლობალურმა ლიდერებმა მსოფლიო ფინანსურ  სისტემაში კრიპტოვალუტის როლის შესახებ მრავალწლიან კამათს ერთგვარი ხაზი გაავლეს. 2023 წლის 23 თებერვალს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა პროგრამული დოკუმენტი № 2023/004, სახელწოდებით „ეფექტური პოლიტიკის ელემენტები კრიპტოაქტივებისთვის“. „მისი მიზანია, უპასუხოს ფონდის წევრების კითხვებს, თუ რა რეაგირება უნდა მოჰყვეს  კრიპტოაქტივების ზრდას და ამასთან დაკავშირებულ რისკებს“, განმარტავენ საერთაშორისო სავალუტო ფონდში.

მაგრამ, თუ ოფიციალურ განცხადებებს ღრმად ჩავხედავთ, ცხადი გახდება, რომ პროგრამულ დოკუმენტში ფონდს კრიპტოვალუტის ანგარიშსწორებისთვის თავისი "არას" არგუმენტები მოჰყავს. გარდა ამისა, სავალუტო ფონდმა გამოსცა ცხრა რეკომენდაცია, რომელსაც ეროვნული მარეგულირებლები უნდა დაეყრდნონ საკანონმდებლო ბაზის ფორმირებისას.

სხვა დანარჩენთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მკაცრი რეკომენდაციებია:

  • არ მიენიჭოს კრიპტოაქტივებს ოფიციალური ვალუტის ან გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსი;
  • კრიპტოაქტივების მიმართებაში გამოყენებული იყოს ცალსახა საგადასახადო წესები;
  • შემუშავდეს და უზრუნველყოფილი იყოს კრიპტობაზრის ყველა მონაწილეს მიმართ მოთხოვნებისა და ზედამხედველობის სისტემა;
  • შეიქმნას ეროვნული მონიტორინგის სისტემები;
  • მოხდეს მათი ინტეგრირება საერთაშორისო მექანიზმებში, რათა გაძლიერდეს კრიპტოაქტივებისა და წესების დაცვის (რომლებიც ჯერ კიდევ ყალიბდება) ზედამხედველობა და ა.შ.

ამასთან, ფონდი აცხადებს, რომ დღის წესრიგიდან კრიპტოვალუტის სრულ აკრძალვას არ ხსნის. მისი გამოსაყენებლად მზად იქნებიან, თუ რეგულაციის დანერგვა იქნება ძალიან ნელი ან მისი მექანიზმები არ იმუშავებს. მიზეზი არის რისკები, რომლებსაც კრიპტოაქტივები საერთაშორისო ფინანსური სტაბილურობისთვის ქმნის.

როგორ ეხმაურება ახალ პოლიტიკას საერთაშორისო სავალუტო ფონდი და G20

პროგრამული დოკუმენტის ოდნავ ბუნდოვან ფორმულირებას კრისტალური სიცხადე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა, კრისტალინა გეორგიევამ მოჰფინა.
კრიპტოაქტივები არაფერია, ისინი არ შეიძლება მიღებულ იქნას, როგორც გადახდის კანონიერი საშუალება
, – განაცხადა მან.
აქვე უნდა ითქვას, რომ პროგრამული დოკუმენტი საკანონმდებლო აქტი არ არის. რა თქმა უნდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველი წევრი ქვეყანა ვალდებულია, ფონდის რეკომენდაციებს ყური უგდოს. მაგრამ მანევრირების გარკვეული ხარისხი ჯერჯერობით ისევ ნარჩუნდება.

„ჩვენ არ შემოგვითავაზებია კრიპტოვალუტების სრული აკრძალვა, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია სანდო ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის შექმნა. ჩვენ ვმუშაობთ სხვა მთავრობებთან“, - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა.

ამავდროულად, ინდოეთი, რომელიც კრიპტოაქტივებზე 30%-იანი გადასახადით არის ცნობილი, უფრო სკეპტიკურადაა განწყობილი. „არსებობს ეგზისტენციალური კითხვა იმის შესახებ, არის თუ არა კრიპტოაქტივები გლობალურ ფინანსურ სისტემებში არსებული პრობლემების ოპტიმალური გადაწყვეტა", - განაცხადა ამ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა, ნირმალა სითჰარამანმა. სხვათა შორის, ამჟამად სწორედ ინდოეთია G-20-ის თავმჯდომარე.

დოკუმენტს, რომელიც კრიპტოვალუტების მომავალს განაზოგადებს, G20-ის ქვეყნები მიიღებენ სექტემბრის სამიტზე, ნიუ-დელიში. მაგრამ უკვე ნათელია, რომ გლობალურ მოთამაშეებს სურთ მაქსიმალური ცენტრალიზაცია და კრიპტოინდუსტრიის მაქსიმალური კონტროლი. მათი აზრით, მარეგულირებლის როლის გაძლიერება აღმოფხვრის იურიდიულ რისკებსა და საგადასახადო ხარვეზებს, ასევე უზრუნველყოფს ინვესტორების სათანადო დაცვას კრიპტოთაღლითებისგან. სხვა საქმეა, რომ ეს მიდგომა სრულიად ეწინააღმდეგება ფინანსური თავისუფლებისა და დეცენტრალიზაციის ცნებებს, რომლებიც ფუნდამენტურია კრიპტოვალუტის ინდუსტრიისთვის.