კრიპტოვალუტების რეგულირების ახალი წესები დიდ ბრიტანეთში

ფოტო - კრიპტოვალუტების რეგულირების ახალი წესები დიდ ბრიტანეთში
დიდი ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტრომ კრიპტოვალუტების რეგულირების ახალი საკანონმდებლო პაკეტი მოამზადა. ამჟამად მსხვილ კომპანიებთან კონსულტაციების ეტაპი დაიწყო, რის შემდეგაც დამტკიცებული დებულებები საჯაროდ გამოცხადდება.
როდესაც რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრად გამოცხადდა, კრიპტოსაზოგადოება მსოფლიოში სიდიდით მეექვსე ეკონომიკის მქონე ქვეყნის მინისტრთა კაბინეტისგან ციფრულ ეკონომიკასთან დაკავშირებით პროგრესულ კანონებს ელოდა. ჯერ კიდევ 2021 წელს, სუნაკი თავს ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დიდი მხარდამჭერად აცხადებდა და ქვეყნის გლობალურ ფინანსურ კრიპტოჰაბად გადაქცევას ჰპირდებოდა. 

გავიხსენოთ, რეგულირებასთან დაკავშირებული რა გეგმები გააჟღერა მაშინ რიშიმ: 

1. სტეიბლკოინების გადახდის კანონიერ ფორმად აღიარება სახელმწიფო დონეზე.
2. ფინანსთა სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი, ბრიტანული NFT-ების ამოქმედების მიზნით, სამეფო ზარაფხანასთან თანამშრომლობა.
3. „ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურული ქვიშის სათამაშო მოედნის" შექმნა, რათა საშუალო ბიზნესს მოწინავე ტექნოლოგიებსა და მათთან მუშაობის ინსტრუმენტებზე წვდომა მიეღო.
4. ეკონომიკის გაციფრულების სფეროში ბრიტანეთისთვის კონკურენტული უპირატესობის უზრუნველყოფის მიზნით, კრიპტოვალუტის ექსპერტების მთელი მსოფლიოდან მოზიდვა. 

მაგრამ, როგორც ჩანს, FTX-ის კრახმა და ასევე იმან, რომ ამას  კრიპტოკომპანიების გაკოტრების ჯაჭვური რეაქცია მოჰყვა, "მთავრობაში ყველაზე დიდი კრიპტოენთუზიასტის" გეგმები შეცვალა.  

გამოცემა Financial Times იუწყება, რომ ძალიან მალე ბრიტანული კრიპტოინდუსტრიის რეგულაციების ახალ ჩამონათვალს ვიხილავთ. ინსაიდერული ინფორმაციით კი, რიში სუნაკის უწინდელი ოპტიმიზმიდან სულ ცოტაღაა დარჩენილი. 

რა ცვლილებები მომზადდა კრიპტობიზნესისთვის?

1.ქვეყნის არარეზიდენტებისთვის კრიპტოვალუტების გაყიდვის შეზღუდვები. 
2. კრიპტოპროექტების რეკლამირებისა და პრომოუშენის შეზღუდვები.
3. ბლოკჩეინ ტექნოლოგიასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის  ლიცენზიის მისაღებად საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალის გაზრდა.
4. ახალი დებულება კრიპტოკომპანიების გაკოტრების პროცედურის შესახებ. 

დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია. მინისტრთა კაბინეტის სპიკერები მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ მთავრობა ქვეყნის წამყვანი კრიპტოკომპანიების წარმომადგენლებთან მოლაპარაკების ეტაპზე გადავიდა. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა ისინი მარეგულირებლების მკაცრი მიდგომის შერბილებას. 

მიმდინარე მოვლენებით თუ ვიმსჯელებთ, სემ ბენკმან-ფრიდის სიბრიყვე კრიპტოვალუტის ინდუსტრიას იმაზე მეტი დაუჯდება, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა.