Binance FTX-ის "წარმატების" გასამეორებლად ემზადება?
Binance-ის CEO-ს, ჩანპენ ჩჟაოს თქმით, ის კვლავ იძულებულია, FUD-ის ახალ ტალღაზე რეაგირება მოახდინოს.
27 თებერვალს Forbes Premium-მა გამოაქვეყნა ლონგრიდი, სახელწოდებით “Binance-ის აქტივების გადაადგილება ძალიან ჰგავს FTX-ის მანევრებს”. სტატია Binance-ის ფინანსურ ტრანსფერებს განიხილავს და ამტკიცებს, რომ ისინი ძალიან ჰგავს FTX-ის გადარიცხვებს, რომლებიც ბირჟის კრახამდე ცოტა ხნით ადრე შეინიშნებოდა.
ძირითადი ყურადღება ჟურნალისტებმა გაამახვილეს გასულ წელს გაფორმებულ გარიგებაზე, იმ დროს, როდესაც „კრიპტოვალუტის ბაზრები თავიანთი პოზიციების აღსადგენად გამეტებით იბრძოდნენ“. Forbes-ის თანახმად, Binance-მა მომხმარებელთა გირავნული $1,8 მილიარდი სტეიბლკოინებში უცნობი მიმართულებით გადაიტანა და თავისი მოტივები არ გაუმჟღავნებია.
სტატიაში აღნიშნულია, რომ 17 აგვისტოდან დეკემბრის დასაწყისის ჩათვლით „B-peg USDC-ის სახელით ცნობილი, $1 მილიარდზე მეტი ღირებულების ტოკენების მფლობელები დარჩნენ გირაოს გარეშე იმ ინსტრუმენტებით, რომლებითაც Binance 100%-იანი უზრუნველყოფის გარანტიას იძლეოდა“.
კომპანია ChainArgos იყო პირველი, ვინც გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ ბირჟა არღვევს საკუთარ წესებს ტოკენების უზრუნველყოფის შესახებ. ექსპერტების აზრით, Binance-ს მუდმივად აკლია სახსრები მის მიერ გამოშვებული მილიარდობით დოლარის ღირებულების ტოკენების უზრუნველსაყოფად.
Forbes იუწყება, რომ ეს ისტორია საეჭვო თაღლითობის მხოლოდ ნაწილია, რომელშიც ბირჟა არის შემჩნეული. ყველაფერთან ერთად, Binance-ს ფიზიკური შტაბ-ბინა არ აქვს, კორპორაციული სტრუქტურა მარეგულირებლებისგან თავის დაღწევას ისახავს მიზნად, ბირჟის წინააღმდეგ ფედერალური გამოძიებაა დაწყებული და მას ფულის გათეთრებასა და გადასახადებისგან თავის არიდებაში ადანაშაულებენ.
Binance-ის გენერალური დირექტორი ჩანპენ ჩჟაო სტატიას უკვე გამოეხმაურა და დაწერა, რომ Forbes-ს, როგორც ჩანს, არ ესმის, თუ როგორ მუშაობს ბლოკჩეინ სისტემები.
წყარო: Twitter CZ
მან ასევე გამოცემა ფაქტების დამახინჯებაში დაადანაშაულა.
„ფულის მოხსნის შესაძლებლობის მიღებამდე, ჩვენმა მომხმარებლებმა Binance-ზე თავისი დეპოზიტი უნდა განათავსონ. ამ ტრანზაქციების მონიტორიგი ბლოკჩეინში ადვილია. როგორი მოსახერხებელია, რომ სტატია სადეპოზიტო გადარიცხვებს უბრალოდ უგულებელყოფს”.
ცოტა ხნის წინ ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ გამოთქვა ვარაუდი, რომ Binance USD არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდი არის. მარეგულირებელმა უბრძანა Paxos Trust-ს, შეეწყვიტა ახალი სტეიბლკოინების გამოშვება.
მას შემდეგ Paxos-მა Binance-თან თანამშრომლობა შეწყვიტა.