იაპონურმა ბანკებმა ბლოკჩეინ გადახდის სისტემა MoneyTap დანერგეს

ფოტო - იაპონურმა ბანკებმა ბლოკჩეინ გადახდის სისტემა MoneyTap დანერგეს
იაპონურმა ბანკებმა Yamaguchi, Momiji და Kitakyushu, რომლებიც ფულის გადარიცხვის სერვის SBI Remit-ით იმართებიან, დაამატეს ბლოკჩეინის მეშვეობით საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობა. ამ ფუნქციაზე პასუხისმგებელია პლატფორმა MoneyTap.
გადახდის სისტემა აგებულია Ripple-ის განაწილებული რეესტრის (XRP) ბაზაზე, ამიტომ მისი გამოყენება შესაძლებელია სახსრების სწრაფი და იაფი დეცენტრალიზებული ტრანსსასაზღვრო გადარიცხვისთვის.

MoneyTap-ის აპლიკაციის გამოსაყენებლად, ბანკების კლიენტებმა KYC პროცედურის მეშვეობით თავიანთი ვინაობა უნდა დაადასტურონ. უსაფრთხოების მიზნით, ასევე სასურველია ბიომეტრიული ავთენტიფიკაციის გამოყენება. საბანკო ანგარიშების მეშვეობით  თანხის გადარიცხვის გარდა, გადახდის სისტემა ტრანზაქციების განხორციელების საშუალებას მობილური ტელეფონის ნომრით იძლევა. 

ვინაიდან MoneyTap ბლოკჩეინ ტექნოლოგიის საფუძველზე მუშაობს, მომხმარებლებს შორის ყველა ანგარიშსწორება რეალურ დროში და ზედმეტი შუამავლების გარეშე ხდება. ამიტომ, გადარიცხვები მიმღებამდე აღწევს ერთ წუთზე ნაკლებ დროში, ნაცვლად ორი, ან სამი დღისა, რაც ტრადიციული საერთაშორისო გადახდებისთვის არის დამახასიათებელი.

ტრანსსასაზღვრო ფულადი ტრანზაქციების დაჩქარება პლატფორმის ერთადერთი უპირატესობა როდია. ის ასევე საკომისიო გადასახადსაც ამცირებს. ზოგადად, აპლიკაცია ხელს უწყობს უფრო ხელმისაწვდომი და ეფექტური ფინანსურ ოპერაციების განხორციელებას ბიზნესისა და ფიზიკური პირებისთვის.

MoneyTap იაპონიაში 2018 წელს გამოჩნდა. გადახდის სისტემა Ripple-თან თანამშრომლობით ამოქმედდა. 2019 წელს SBI Holdings-მა, რომელიც იაპონიის უმსხვილეს ფინანსურ კორპორაციად ითვლება, MoneyTap თავის პროცესებში დანერგა. პირველი იაპონური ბანკები, რომლებმაც MoneyTap-ის გამოყენება დაიწყეს, იყვნენ SBI Net Sumishin Bank, Suruga და Resona.

SBI Remit-მა, რომელიც SBI Holdings-ის შვილობილი კომპანიაა, ინტეგრაციის პროცესი 2022 წელს დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ SBI არის Ripple-ის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი, რომელიც ბლოკჩეინ ფირმას ამერიკულ მარეგულირებელ SEC-თან (ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის მარეგულირებელი კომისია) დაპირისპირებაში მხარს უჭერს. 2021 წელს, აშშ-ში Ripple-ის იურიდიული პრობლემების ფონზე, SBI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, იოშიტაკა კიტაომ განაცხადა, რომ იძულებითი გადაადგილების შემთხვევაში, იაპონია Ripple-ის შტაბ-ბინისთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა იქნება. გარდა ამისა, საინფორმაციო-ანალიტიკური ორგანიზაცია Morningstar Japan, რომელიც SBI Group-ის კიდევ ერთი შვილობილი კომპანიაა, XRP ტოკენის მფლობელების შეღავათების უზრუნველყოფას აგრძელებს.

ზოგადად, Ripple-ზე დაფუძნებული MoneyTap საბანკო სექტორში სულ უფრო ხშირად ინერგება. იაპონური ფინანსური კომპანიების გარდა, გადახდის სისტემის ინტეგრირებას აზიის სხვა ქვეყნების ბანკებიც ახდენენ. ასევე, MoneyTap-ი ევროპაშიც გვხდება. მაგალითად, პლატფორმას Euro Exim Bank იყენებს.