კენია კრიპტოზე გადასახადების ხარჯზე ბიუჯეტის შევსებას გეგმავს

icon FOR
ფოტო - კენია კრიპტოზე გადასახადების ხარჯზე ბიუჯეტის შევსებას გეგმავს
კენიის მთავრობამ განაცხადა, რომ მომავალ ფინანსურ წელს ციფრულ აქტივებზე 3%-იანი გადასახადი დაწესდება. შესაბამისი კანონპროექტი 2023 წლის 8 ივნისს იქნება მიღებული. საგადასახადო წნეხის გაზრდით ხელისუფლება კენიის ცარიელი ხაზინის შევსებას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ კენია აფრიკის კონტინენტის კრიპტოსექტორში წამყვან პოზიციებს იკავებს  და  კრიპტოვალუტის მსოფლიო ბაზრის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა.

გაეროს ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის ზაფხულში, აღმოსავლეთ აფრიკის ამ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 8,5%-მა (ანუ 4,25 მილიონმა ადამიანმა) განახორციელა ინვესტიცია  კრიპტოინდუსტრიაში და კრიპტოს მფლობელი გახდა. შედეგად, კენია მეხუთე ადგილზეა მსოფლიოში ციფრული აქტივების გლობალური დანერგვის მაჩვენებლით  ერთ სულ მოსახლეზე. აღსანიშნავია, რომ ანგარიში კენიელების კრიპტოვალუტის აქტივების მთლიანი ოდენობის შეფასებას არ შეიცავს, არამედ  მხოლოდ იმ ადამიანების რაოდენობაზეა ფოკუსირებული, რომლებიც  ვირტუალურ აქტივებს ფლობენ.
კენიის მოსახლეობის წილი, რომელსაც კრიპტოვალუტა გააჩნია, წამყვან 20 ქვეყანას შორის წყარო:  UNCTAD-სი ანგარიში (გაეროს ვაჭრობის და განვითარების კონფერენცია), 2022 წლის ივლისი.

კენიის მოსახლეობის წილი, რომელსაც კრიპტოვალუტა გააჩნია, წამყვან 20 ქვეყანას შორის წყარო: UNCTAD-სი ანგარიში (გაეროს ვაჭრობის და განვითარების კონფერენცია), 2022 წლის ივლისი.

კენიის მთავრობა აფართოებს საგადასახადო ბაზას გარე კრედიტორების რეკომენდაციების შესაბამისად. საქმე ციფრულ აქტივებზე გადასახადით არ შემოიფარგლება - დაგეგმილია არაერთი ცვლილება. დამატებითი გადასახადების სია გრძელია, სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების აქციზით დაწყებული საცხოვრებლის გადასახადით დამთავრებული.

პირდაპირ რომ ვთქვათ, კენიელი კრიპტელები გარკვეულწილად „დაინდეს“ კიდეც. თუ ციფრული კონტენტის მონეტიზაცია  15%-იან გადასახადს დაექვემდებარება, ამ დროს მაქსიმალურ ხელფასზე გადასახადის განაკვეთი 35% იქნება.

ნაირობიში დაფუძნებული იურიდიული ფირმის, Anjarwalla & Khanna-ს კვლევითი ჩანაწერის თანახმად, კანონპროექტი წარმოადგენს „ბოლო დროის ყველაზე შორს მიმავალ ცვლილებებს საგადასახადო კანონმდებლობაში“. ამასთან ერთად, აღნიშნულია, რომ ფისკალური ზეწოლის შემცირება ნაკლებად სავარაუდოა. საგადასახადო ტვირთის გაზრდის ღონისძიებების საშუალებით, კენიის ხელისუფლება  2023/2024 ფინანსური წლის განმავლობაში ქვეყნის ხაზინაში მინიმუმ 21 მილიარდი დოლარის მოზიდვას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ კენიის სენატის ინფორმაციის, კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების მუდმივმოქმედმა კომიტეტმა თებერვლის შუა რიცხვებში მოუწოდა კენიის ცენტრალურ ბანკს,  რომ ციფრული ვალუტები კანონიერ საგადამხდელო საშუალებად ეღიარებინა. თავის მხრივ, მუდმივმა კომიტეტმა ზანზოს რაიონის სენატორის, ალან ჩესანგის (Allan Chesang) ხელმძღვანელობით, გეგმები გამოაქვეყნა. ამ გეგმების მიზანია ვირტუალური აქტივების, სერვისის პროვაიდერებისა და კენიაში კრიპტოვალუტების გამოყენების პოლიტიკის შემუშავებაში სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართვა.

აღსანიშნავია, რომ კენიის კრიპტოვალუტურმა საზოგადოებამ მხარი დაუჭირა ამჟამინდელ პრეზიდენტ უილიამ რუტოს (William Samoei arap Ruto) 2022 წლის არჩევნებზე. კრიპტელები ვარაუდობდნენ, რომ რუტოს ასაკი (ის დამარცხებულ 77 წლის კანდიდატ რაილა ოდინგაზე (Raila Amolo Odinga) 20 წლით უმცროსია), წარმოადგენდა უპირატესობას ეკონომიკის დიგიტალიზაციის საკითხების გადაჭრაში.

ითვლებოდა, რომ პრეზიდენტი რუტო უფრო კრიპტოპოზიტიურია, რაც მნიშვნელოვანი იყო იმ დროს, როდესაც ქვეყნის მარეგულირებლებს ჯერ არ ჰქონდათ შემოთავაზებული კრიპტოვალუტების რეალური წესები. თუმცა, კრიპტოვალუტის დაბეგვრის ბოლო ინიციატივებს კენიის პრეზიდენტი სრულად უჭერს მხარს.

მანამდე GNcrypto-ზე უკვე დავწერეთ, რომ კრიპტო შეიძლება გახდეს რეგიონალური გადახდის საშუალება აფრიკის კონტინენტზე.