Mastercard უკანონო ოპერაციებისგან დამცავ ახალ ინსტრუმენტს ნერგავს
ანალიტიკური კომპანიის, Chainalysis-ის მონაცემებით, 2022 წელს კრიპტოვალუტით არალეგალური ტრანზაქციების მოცულობა 15%-ით შემცირდა. ეს განპირობებულია როგორც „დათვური ბაზრით“, ასევე ფინანსური კომპანიების გაძლიერებული ბრძოლით კრიპტოთაღლითების წინააღმდეგ. ასეთი წინააღმდეგობის თვალსაჩინო მაგალითია Mastercard-ის ახალი სერვისი.
საერთაშორისო საგადამხდელო სისტემა Mastercard-მა დანერგა ახალი აპლიკაცია, რომელიც პასუხისმგებელია რისკების მართვაზე Mastercard-ის ქსელის შიგნით. Crypto Secure აპლიკაცია დაეხმარება ბანკებს და Mastercard-ის სხვა ემიტენტებს აღმოაჩინონ და თავიდან აიცილონ კრიპტოვალუტის საეჭვო ტრანზაქციები.
პროგრამული უზრუნველყოფა შეიმუშავა ანალიტიკურმა ფირმა CipherTrace-მა, რომელიც Mastercard-მა გასულ წელს იყიდა. მსგავსი სერვისი Mastercard-მა უკვე ჩართო, ოღონდ მხოლოდ ფიატურ ვალუტებზე. მაგრამ, Mastercard-ის ქსელთან დაკავშირებული ბირჟების რაოდენობის მატებასთან ერთად (ამჟამად 2400-ზე მეტი პლატფორმა), ციფრული აქტივების დაცვის საკითხი დღის წესრიგში დადგა.
Crypto Secure არის ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების, ბლოკჩეინის მონაცემებისა და ტრანზაქციების საჯარო ჩანაწერების ჰიბრიდი. მიუხედავად იმისა, რომ თავად აპლიკაციას არ შეუძლია დაბლოკოს თაღლითური ოპერაციები, ის აწვდის ბანკებს და Mastercard-ის ქსელის სხვა სტრუქტურებს რეკომენდაციებს ამა თუ იმ ტრანზაქციის შესახებ.
პლატფორმა წარმოადგენს ინსტრუმენტების დაფას ფერადი კოდირებით, რომელიც საშუალებას მოგცემთ განსაზღვროთ ტრანზაქციის, ასევე ბირჟის ან საფულის რისკის ხარისხი, რომელიც თანხის გადარიცხვას ახორციელებს. მარტივად რომ ვთქვათ, ბლოკჩეინისა და Mastercard ქსელის მონაცემებზე დაყრდნობით, ხელოვნური ინტელექტი აყალიბებს ერთგვარ „ნდობის რეიტინგს“ და თითოეულ ოპერაციას შესაბამისი ფერით აღნიშნავს. ამ რეკომენდაციების საფუძველზე, ბანკი ან სხვა სტრუქტურა თანხების გადარიცხვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას შეძლებენ.
Mastercard-ის საგადამხდელო სისტემას მხოლდო ეს სიფრთხილის ზომები არ მიუღია. კომპანია კვლავაც აქტიურად აგრძელებს უსაფრთხოების საკონსულტაციო სერვისების მიწოდებას ციფრული აქტივების სფეროში.