მეტავერსები და NFT-ები: ტრენდი გრძელდება?

ფოტო - მეტავერსები და NFT-ები: ტრენდი გრძელდება?
DappRadar-ის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშის თანახმად, მეტავერსებისა და NFT-ების სფეროში ვაჭრობის მოცულობა გაიზარდა, ტრადიციული კომპანიები კი ასეთ პროექტებში სულ უფრო მეტ ინვესტიციებს დებენ.

რატომ იზრდება ისევ ვაჭრობის მოცულობა?

1. ვირტუალური მიწა

ეს მიმართულება 277,12%-ით ($311 მლნ-ამდე) გაიზარდა, ხოლო უპირობო ლიდერი გახდა Otherside-ის სათამაშო მეტავერსი, $222 მილიონზე მეტი ვაჭრობის მოცულობით და 65 399 გაყიდული მიწის ნაკვეთით. უპირველეს ყოვლისა, ამას უკავშირებენ ინტერესს ღონისძიებისადმი, რომელიც NFT Otherdeed-ის ყველა მფლობელისთვის  მარტის ბოლოს ჩატარდა.  

მეორე ადგილი დაიკავა პროექტმა MG Land, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან საკუთარი დეცენტრალიზებული სივრცე უნიკალური დომენური სახელით, ერთმანეთს დაუკავშირდნენ და ითამაშონ. მისმა მოცულობამ მიაღწია $60 მლნ-ს, დიდწილად BLUR ტოკენის აირდროპის ხარჯზე იმავე სახელწოდების პლატფორმაზე, სადაც ეს კოლექცია ივაჭრება.

დანარჩენმა პროექტებმა, როგორიცაა Createra, The Sandbox, Axie Infinity და ა.შ., გაცილებით მოკრძალებული შედეგები აჩვენეს. მაგრამ, ამას, ინვესტიციების მოზიდვისთვის ან The Sandbox-ის მსგავსად, თამაშების შემმუშავებელი სტუდიების შეძენისთვის ხელი არ შეუშალა. 

2. NFT-ები ლუქს ბრენდებისგან

ასეთი კომპანიების მომხმარებლები ყოველთვის აფასებდნენ ექსკლუზიურობას და უნიკალურობას. ამიტომ, მოდის ბევრმა ფირმამ დაიწყო საკუთარი პროექტების შექმნა, ან კოლაბორაციები, რათა მომხმარებლებისთვის საინტერესო ციფრული კოლექციები შეეთავაზებინა. მათმა გაყიდვებმა $366.4 მლნ-ს (293 399 NFT) მიაღწია, ხოლო ვაჭრობის მოცულობის 74%-ზე მეტი NFT კოლექცია 10KTF-იმ შეადგინა, რომელიც 2021 წლის ბოლოს ამოქმედდა და რომელსაც ჰყავს სხვადასხვა პარტნიორი, მაგალითად Gucci და Puma.

3. ავტომობილების მწარმოებლები

Fiat-მა და Kia-მ მეტავერსში თავიანთი შოურუმები გახსნეს და მყიდველებს ყიდვამდე ავტომობილის დეტალურად დათვალიერების საშუალება მისცეს. Kia-მ დადო გარიგება Engage-თან - ბიზნესზე ორიენტირებულ მეტავერსთან, ხოლო Fiat  Metaverse Store-მა, Microsoft-თან თანამშრომლობით, დააინტეგრირა ChatGPT, რომელიც პასუხობს მომხმარებლის შეკითხვებს მანქანების თაობაზე. 

ახალი NFT დომენები იზრდება

Lens Protocol-მა, წინა კვარტალთან შედარებით, ვაჭრობის 92,04%-იანი ($1,4 მილიონამდე) ზრდა აჩვენა, ხოლო SpaceID-მა, რომელმაც $948 864-ს ნიშნულს მიაღწია, საკუთარი ტოკენიც კი აამოქმედა. მაგრამ, ძველმა მოთამაშეებმა: ENS-მა (Ethereum Name Service) და Unstoppable Domains-მა სავაჭრო მოცულობა საგრძნობლად დაკარგეს. ამასთან, 669 000 მომხმარებლის 2.7 მილიონზე მეტი აქტიური დომენით, ENS კვლავ უდავო ლიდერად რჩება. 

ინვესტიციები მატულობს

მეტავერსები და NFT-ები ბოლო წლებში უამრავ ფულს იზიდავს. 2021 წელს - $3,7 მილიარდი, ხოლო 2022 წელს უკვე ორჯერ მეტი. პირველი კვარტლის განმავლობაში $502 მილიონის მოზიდვა მოხერხდა, მაგრამ საეჭვოა, რომ ეს წელი წინაზე გაცილებით უკეთესი დარჩეს, თუმცა მნიშვნელოვანი თანხა მაინც  შეგროვდება. ინვესტორები გამოყოფენ ორ ძირითად მიმართულებას: ციფრული მოდა, რომელიც ახალგაზრდებში იძენს პოპულარობას და მეტავერსების ეკონომიკისთვის გადახდის სისტემების განვითარება.

დასკვნა

შეიძლება ითქვას, რომ მაღალი სავაჭრო შედეგები გარკვეულ მოვლენებთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს არ გამორიცხავს გლობალურ ტრენდს: ტრადიციული კომპანიები  სულ უფრო ხშირად იყენებენ მეტავერსებსა და NFT-ებს,  ინვესტორები კი აგრძელებენ ამ ინდუსტრიებში ფულის ჩადებას. ბაზრის განვითარებაზე დადებითად მოქმედებს კონკურენცია ბრენდებს შორის, რომლებიც ცდილობენ, კლიენტებს საუკეთესო სერვისები მიაწოდონ.