Binance-ის ბოროტად გამოყენების ახალი დეტალები ჩნდება

ფოტო - Binance-ის ბოროტად გამოყენების ახალი დეტალები ჩნდება
REUTERS-ის ჟურნალისტებმა, Binance-ის თანამშრომლებს შორის არსებული ინსაიდერების ინფორმაციაზე დაყრდნობით, საკუთარი გამოძიება ჩაატარეს. ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ CZ-ის სიტყვები სამართლიანი კონკურენციისა და კლიენტების პატივისცემის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
ჟურნალისტების, ანგუს ბერვიკისა და ტომ უილსონის თქმით, მათ  მიიღეს წვდომა ბირჟის შიდა ფინანსურ დოკუმენტებზე, რომლებიც 2019-2021 წლებით თარიღდება. აი, რა დასკვნებამდე მივიდნენ ისინი:

1. ყველა დოკუმენტი მიანიშნებს იმაზე, რომ Binance ერთმანეთში  კლიენტების სახსრებსა და საკუთარ აქტივებს ურევდა. იმ დროს, საერთო ანგარიშებზე ინახებოდა კრიპტოვალუტები, რომელთა ღირებულება მილიარდობით დოლარად იყო შეფასებული. მაგალითის სახით მოყვანილია 2021 წლის 10 თებერვლით დათარიღებული ტრანზაქცია. იმ დღეს, Binance-მა გააერთიანა $20 მილიონი კორპორაციული ანგარიშიდან და $15 მილიონი იმ ანგარიშიდან, რომელზეც კლიენტების ფული შემოდიოდა. ასეთი მანიპულაციები მომხმარებლის სახსრებს მოწყვლადს ხდის და ბირჟის საქმიანობასთან დაკავშირებულ დამატებით რისკებს უქმნის.

2. სრულად დადასტურდა ეჭვი, რომ აქტივების გაერთიანების ტრანზაქციებს ჩანპენ ჩჟაო პირადად ახორციელებდა. მაგალითად, ის სახსრებს რიცხავდა Key Vision Development-ის ანგარიშზე, რომელიც ცნობილ კრიპტოოფშორულ იურისდიქციაში - სეიშელის კუნძულებზეა რეგისტრირებული. Key Vision-ის ანგარიშები ახლახან ჩამოშლილ Silvergate Bank-ში იყო გახსნილი და მათ CZ აკონტროლებდა. ინსაიდერები აცხადებენ, რომ ეს ანგარიში აშშ-ის იმ მომხმარებლების სახსრების აკუმულირებისთვის გამოიყენებოდა, რომელთა მომსახურებაც Binance-ს ეკრძალებოდა. ეს პირდაპირ ადასტურებს CFTC-ის ბრალდებებს, რომლებიც ბირჟის წინააღმდეგ 2023 წლის მარტში იყო წაყენებული.

3. გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით, ბირჟის ხელმძღვანელობამ შვილობილი კომპანიების რთული ქსელი შექმნა. მისი ბირთვი იყო Binance UAB (მოგვიანებით Bifinity ეწოდა), რომელიც ლიტვაში 2020 წელს გაიხსნა. დამფუძნებელ  დოკუმენტებში მითითებული იყო, რომ კომპანია არის "ციფრული გადახდის პროვაიდერი“, კრიპტოვალუტით ვაჭრობისა და შენახვის სერვისების მიწოდება კი ნახსენებიც არ იყო. ფინანსური ანგარიშის მიხედვით, Bifinity-ის შემოსავალმა 2021 წელს €680 მილიონი  შეადგინა. ამასთან, დაახლოებით €420 მილიონი ერთ უსახელო  დაკავშირებულ მხარეს გადაერიცხა. Reuters-ის გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ეს Binance Holdings იყო. გამოძიებაში გაჟღერებულია Binance-ის საგადასახადო გადაუხდელობის სავარაუდო მასშტაბი. 2019 წლიდან 2021 წლამდე პერიოდში ის დაახლოებით $400 მილიონად არის შეფასებული. ეს ეხება ბირჟის შვილობილი კომპანიების საქმიანობას საფრანგეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და მალტაში.

გადასახადებისგან თავის არიდება, ოფშორული კომპანიების გამოყენება ყველა კრიპტოვალუტური კომპანიის თითქმის ტრადიციული პრაქტიკაა, ამიტომ ჟურნალისტურმა გამოძიებამ მკითხველებზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.

ამ შემთხვევაში გასაკვირი სხვა რამ არის: ახლა გასაგებია, რომ ჩანპენ ჩჟაო ზუსტად იმავეს აკეთებდა, რაშიც ასე აღშფოთებულად  ადანაშაულებდა სემ ბენკმენ ფრიდს - კომპანიის ფულსა და კლიენტების სახსრებს ერთმანეთში ურევდა. 2020 წლიდან 2021 წლამდე ეს თითქმის ყოველდღიურად ხდებოდა.

შესაძლებელია, ეს ახლაც ხდებოდეს, მაგრამ FTX-ის კოლაფსმა CZ აიძულა, უფრო ფრთხილი ყოფილიყო. ვინ იცის?

ნებისმიერ შემთხვევაში, Reuters-ს ჯერ არ აქვს მკაფიო მტკიცებულება, რომ კლიენტების სახსრების რაიმე ნაწილი დაკარგულიყო. ხოლო Binance-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელმა, პატრიკ ჰილმანმა გამოძიებას უწოდა “შეთქმულების თეორიის 1000 სიტყვა ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე" და საერთოდაც, დაადანაშაულა ჟურნალისტები ქსენოფობიაში მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სტატიაში CZ-ის ეთნიკურობა ახსენეს.
ჰილმანი გამოძიებაში მოყვანილ ყველა ფაქტს უარყოფს. წყარო: Twitter

ჰილმანი გამოძიებაში მოყვანილ ყველა ფაქტს უარყოფს. წყარო: Twitter

ეს, რა თქმა უნდა, აკრძალული ხრიკია, მაგრამ სხვა რა შეიძლება თქვას პატრიკმა ისეთ დელიკატურ სიტუაციაში, რომელშიც CZ კვლავ აღმოჩნდა...